სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ვინმე თუ ფიქრობს, რომ რაც მეტად ძლიერად იქნებიან, რუსეთისგან თავის დაღწევა მეტად ენდომებათ, ძალიან ცდება"
    თამარ მუკბანიანი
    04.11.2019

     საქართველოს პორტებში, ოკუპირებული აფხაზეთიდან გემების შემოსვლა დაიწყება. ასეთია უმრავლესობის წევრთა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტში დარეგისტრირდა. ახლა მთავარი კითხვა ისაა, რომელი დროშის ქვეშ იცურებენ ის გემები და ხომ არ ისარგებლებს ამით აფხაზურ სტატუსს ამოფარებით რუსული ბიზნესი.

    საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლში ცვლილება შედის, რომელიც ითვალისწინებს, სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (მათ შორის, საზღვაო სივრცეში) წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე მიწოდება განახორციელოს როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებით/მიმართულებიდან, ასევე, ბათუმის და ფოთის მუნიციპალიტეტის მიმართულებით ან/და პირიქით, შესაბამისი საზღვაო ნავსადგურების გამოყენებით, საქართველოს ტერიტორიული წყლების მეშვეობით.  საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკას“ ეკუთვნის. პროექტი საკანონმდებლო ორგანოში უკვე დარეგისტრირდა.

    ოკუპირებულ აფხაზეთში ლეგიტიმურად მცხოვრებ იმ პირებს, რომლებსაც გააჩნიათ ან მომავალში მიიღებენ სპეციალური საწარმოს სტატუსს, სამომავლოდ შეეძლებათ საქონლის მიწოდება განახორციელოს შავი ზღვის გამოყენებით, ბათუმისა და ფოთის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით.

    სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს საქონლის მიწოდება განახორციელოს მხოლოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან/მიმართულებით და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან/ მიმართულებით.

    კანონპროექტის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ  მისის მიღების ძირითადი მიზეზი სავაჭრო ურთიერთობების ისე წახალისებაა, რომ შესაძლებელი იყოს ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება, ახალი შესაძლებლობების განვითარება და შიდა ან საგარეო ბაზრებზე წვდომა. ასევე, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალი გზების და შესაძლებლობების, უფრო პერსპექტიული, ალტერნატიული ბაზრების შეთავაზება.

    საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება -ძლიერი ეკონომიკა“ საკანონმდებლო ცვლილების აუცილებლობას  იმ გარემოებიდან გამომდინარე ხსნის, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებლებს, რომლებსაც გააჩნიათ ან მომავალში მიიღებენ სპეციალური საწარმოს სტატუსს, საქონლის მიწოდების შესაძლებლობა ჰქონდეთ ბათუმისა და ფოთის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით საქართველოს ტერიტორიული წყლების გამოყენებით.

    ,,ბიზნეს-რეზონანსი” დაინტერესდა, რას მოიცავს კანონპროექტი და როგორია, ოკუპირებულ ტერიროტიასთან ეკონომიკური ურთიერთობის რისკები. ინიციატივა არ მოსწონს, ექსპერტთა კლუბის წევრს ირაკლი ცქიტიშვილს.  მისი აზრით, ეს აფხაზეთის დამოუკიდებლობის გაძლიერება იქნება. ოკუპირებულ ტერიტორიას დამოუკიდებელი ეკონომიკა არ გააჩნია და ამით მხოლოდ რუსული ბიზნესი ისარგებლებს. 

    ,,ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკისა, რომლის გატარებასაც ჩვენი მთავრობა ცდილობს, თითქოსდა დავიახლოვოთ ოკუპირებულ ტერიტორიებში მცხოვრები საზოგადოება. ადრეც იყო ნათქვამი, რომ აქცნეტი იქნებოდა გარკვეულ ბიზნეს აქტივობებში ჩართვის მიმართულებით. რუხში ამისათვის დიდი ცენტრიც კი აშენდა, თუმცა არანაირი შედეგი ამას არ ჰქონია. როგორც ჩანს, კიდეც ერთი მიმართულებით ცდილობენ ახლა განავითარონ კავშირები.

    მე პირადად არ მიმაჩნია სწორად, აფხაზური დროშებით გემების აქ შემოსვლა. მიუხედავად იმისა, რომ თავად იდეა შეიძლება კარგი იყოს, ის ბევრ საფრთხეს შეიცავს. ასევე არ მიმაჩნია სწორად, აფხაზ ბიზნესმენებს ხელს ვუწყობდეთ იმაში, რომ მათი ე.წ. დამოუკიდებლობა განიმტკიცონ და თვითონ მოძლიერდნენ, ეკონომიკურად წელში გაიმართონ. არ ვფიქრობ, რომ ეს პროცესი საქართველოს სახელმწიფოებრიობის ინტერესში შედიოდეს. ვინმე თუ ფიქრობს, რომ რაც მეტად ძლიერად იქნებიან, რუსეთისგან თავის დაღწევა მეტად ენდომებათ, ძალიან ცდება. 

    მათ არ აქვთ დამოუკიდებელი ეკონომიკა. დღეს აფხაზეთის ეკონომიკა არის იმგვარი, რომ რეალურად აფხაზი ბიზნესმენების უკან დგას რუსული ინტერესი. გემების მიმოსვლის შემთხვევაშიც ასე იქნება. ეტყობა, ოფიციალური თბილისი რკინიგზის გახსნას პირდაპირ ვერ რისკავს და ასე მოქმედებას აპირებს”, - ამბობს ცქიტიშვილი. 

    საზღვაო მიმოსვლას ერთადერთ შემხთხვევაში განიხილავს პოზიტიურ ნაბიჯად ,,ჰაბ ჯორჯიას” დამფუძნებელი ვასო ურუშაძე. აფხაზეთიდან გემები მხოლოდ საქართველოს დროშით უნდა შემოვიდნენ, სხვა ყველა შემთხვევა, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ნიშნავს. 

    ,,ჩემთვის კანონპროექტში ბევრი რამ არის გაუგებარი, მათ შორის ის, თუ რას ნიშნავს სპეციალური საწარმოს სტატუსი და როგორ ენიჭება ის კონკრეტულ ორგანიზაციას. აფხაზეთი საქართველოა და რასაკვირველია ჩვენი ქვეყანა უნდა ზრუნავდეს იქ მცხოვრებ პირებზე და უნდა ავითარებდეს ეკონომიკურ ურთიერთობებს, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს იმ ფორმით თითქოს, აფხაზეთიდან საქართველოში შემოდის გემები. ეს ერთი ქვეყანაა და ქვეყნის ერთი რეგიონიდან მეორეში გადაადგილების დასაშვები მაშინ, თუკი  საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემები შემოვლენ.

    რაც ეხება აფხაზეთის დროშის ქვეშ მოძრავ ხომალდებს, ასეთი რამ, ბუნებაში არ არსებობს, რადგან ეს ტერიტორია მხოლოდ თვითაღიარეულია და ასეთი გემების დაშვება, მათ აღიარებას ნიშნავს. ინიციატივა კარგია, მაგრამ დეტალები უნდა იყოს ძალიან მკაცრად გავლილი, რადგან აქ ეკონომიკურ და სატრანსპორტო მხარეზე ბევრად მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესია”, - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" ვასო ურუშაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×