სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მთავრობამ მოსახლეობას უფასო და გამარტივებული რეგისტრაციის ბოლო ვადად 2022 წელი განუსაზღვრა
    თამარ მუკბანიანი
    07.11.2019

    მიწის გამარტივებული რეგისტრაცია 2022 წლამდე გადაიდო. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა არსებული რეფორმის ვადის გადაწევა ხდება და კვლავ უცნობია, ამ დროშიც მოესწრება თუ ვერა ბოლომდე დარეგისტრირება. ასევე ღიად დარჩა საკითხი, ვადის ამოწურვის შემდეგ, დაურეგისტრირებელ მიწებს საკუთარ ბალანსზე გადაიტანს თუ არა სახელმწიფო. 

    იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ამიერიდან მიწის რეგისტრაციას საქართველოს მოქალაქეები კიდევ უფრო მარტივად შეძლებენ. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მთავრობამ  7 ნოემბერს დაამტკიცა. პაკეტი მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა. 

    საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგისტრაციის გამარტივებული წესი, რომელიც 2020 წლის 1-ელ იანვრამდე მოქმედებს, გახდება მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ზოგადი წესი და იმოქმედებს უვადოდ. 

    იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში შემუშავებული გამარტივებული წესის დანერგვა მიწის ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის პროცესის დასრულებას შეუწყობს ხელს. ეს, ერთი მხრივ, დაიცავს მესაკუთრეთა უფლებებს, მეორე მხრივ კი, დაეხმარება მთავრობას, შეიმუშაოს სოციალური პროექტები, წარმართოს მიწის ადმინისტრირებისა და მიწათსარგებლობის ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს უწყვეტ ეკონომიკურ ზრდას სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის სექტორებში. რეგისტრაცია კვლავინდებურად იწარმოებს ორი სახით: სპორადული და სისტემური წესით. 

    რა იცვლება, რა მარტივდება და რა იქნება 2022 წლის შედეგ, ასევე რატომ ვერ მოახერხა სახელმწიფომ მიწის სპორადული რეგისტრაციის დასრულება წლების განმავლობაში და შეძლებს თუ ვერა მომდევნო 2 წელიწადში პრობლემის გადაწყვეტას? ახლა, ეს კითხვები ისმის როგორც თავად იუსტიციის სამინისტროს, ასევე საკანონმდებლო ორგანოს მიმართაც, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრირების წესს პერიოდულად ცვლის. 

    ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის თანადამფუძნებელი მათე გარდავა ამბობს, რომ გარდა მკაცრი და გაბერილი ბიუროკრატიისა, მიწის რეგისტრაციას ხელი შეუშალა, საბაზრო ფასმაც. სასოფლო-სამეურნეო ტიპის მიწის ფასი იმდენად მცირეა, რომ მოსახლეობას აზომვის ფულის გადახდაც კი არ უღირს. 

    ,,დეტალურად არც მთავრობას უსაუბრია როგორ გამარტივდება პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ რეფორმა უკვე წლებია მიმდინარეობს, როგორც ჩანს, მაინც ასე მარტივი არ იყო. ხელის შემშლელი ფაქტორები თითქოს ცოტაა, მაგრამ მაინც ძალიან ნელა წარიმართა პროცესი. თითქოს სახელმწიფო მზად იყო რეგისტრირებისათვის, მაგრამ, როგორც ჩანს, შემაფერხებელ ფაქტორად იქცა ბიუროკრატია. 

    ბუნებრივია, სპორადული ნაწილის დასრულების შედეგ, სახელმწიფოს დარჩება ბევრი მიწა. აქ საუბარია იმ ნაკვეთების რეგისტრაციაზე, რომელიც გადაცემული იყო 90-იან წლებში მოქალაქეებზე და ის არ არის აღრიცხული თანამედროვე რეესტრში. ასევე ის მიწები, რომლებზეც აღიარების პრობლემაა. ორივეს რაოდენობა საკმაოდ დიდია. ამიტომ სახელმწიფოს დარჩება დიდი ოდენობით მიწა ამის შემდეგ; ანუ ყველამ, ვისაც კი რამე დოკუმენტი აქვს, მიწა  რომ დაირეგისტრიროს, კერძო ნაკვეძთების წილი ამით მნიშვნელოვნად მაინც ვერ გაიზრდება.  

    რეგისტრაციის გაჭიანურების მიზეზი, ზოგადად მხოლოდ სახელმწიფო არ არის. პრობლემაა ისიც, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასი ძალიან დაბალია და მოქალაქეებს არ უღირთ აზომვის მინიმალური ღირებულების გადახდა და დროის ხარჯვა”, - განუცხადა,,რეზონანსს” გარდავამ. 

    გარდა რეგისტრაციის პროცედურებისა, მნიშვნელოვანია აგრეთვე თუ ვის ბალანსზე იქნება მიწა, რომლის დარეგისტრირებაც ახალი ვადის ამოწურვის შემდეგაც არ მოხდება. საკითხი მთავრობის სხდომაზე დღეს ღიად დარჩა. ზოგადი შეფასება კი პრემიერმა გახარიამ გააკეთა. 

    "მიწის რეგისტრაციის პრობლემის მოგვარება უაღრესად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, განსაკუთრებით მათთვის, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ და მიწას ფლობენ. გარდა ამისა, მიწის რეგისტრაციის მოგვარება ეკონომიკისთვისაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა პრემიერმა.

    პროფესორი ჯუმბერ ფანჩულიძე მიიჩნევს, რომ მიწის რეგისტრაციის ვადის გადაწევა, მთავრობის მხრიდან საქმისა და დაპირებების აცდენამ გამოიწვია. ახალი ცვლილებები ნამდვილად არის გამარტივებისაკენ გადადგმული ნაბიჯი, შესაბამისად, სამომავლოდ ყველამ უნდა შეძლოს მიწების დაკანონება. 

    ,,სისტემურის დანერგვა არის ახლა მთავარი საკითხი. ის, რომ სპორადული რეგისტრაციის ვადამ არაერთხელ გადაიწია მთავრობის მხრიდან ერთის საუბარმა და მეორეს კეთებამ გამოიწვია. ყველამ ვიცით, რომ ხელოვნური ბარიერები არსებობდა. რეგისტრაციის პროცესი დღემდე მხოლოდ უფასო იყო და არა გამარტივებული. 

    ახალ ცვლილებებში კი გამარტივებაზე ნამდვილად არის საუბარი. საადგილმამულო წიგნები ვისაც აქვს, ისინი შეძლებენ რეგისტირებას, ასევე საბაღე ნაკვეთების დარიგებული მოწმობების უფლებადამდგენ დოკუმენტად მიჩნევაც მნოშვნელოვანია. ძალიან კარგი იქნება, თუ რეალურად პრაქტიკაშიც ისე განხორციელდა ყველაფერი, რაზეც მინისტრმა დღეს ისაუბრა”, - განუცხადა ,,რეზონანსს” ფანჩულიძემ. 

    იუსტიციი სამინისტროს ინორმაციით, მას შემდეგ, რაც გამარტივებული წესი დაინერგა, 738 483 მიწის ნაკვეთი დაარეგისტრირდა საკუთრებად.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    ედუარდ   (09.11.2019)
    სპორადული რაღაა ლექსიკონში სიტყვები გამოგელიათ

    ეკა   (08.11.2019)
    აზომვითი ნახაზები ისეთი ფასები არც გირს დარეგიტრირება ფასები დაუწიონ ან გაუქმონ არ ჯობია რომ გლეხმა შეძლოს რეგისტრაცია.

    Нана джусоеви   (08.11.2019)
    Ме шемидзлиа ром


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×