სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ბინების გაქირავებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსავალი გაზრდის ნაცვლად მცირდება
    რეზონანსი
    06.12.2019

     ბოლო ერთ წელიწადში სახელმწიფოსათვის ბინების გაქირავებით მიღებული გადასახადი 23 880 538 ლარით შემცირდა. ბიუჯეტში შენატანი თავის დროზე 2018 წელს გადასახადის 20 დან 5%-მდე კლებას უკავშირდებოდა, რამაც გადამხდელები წაახალისა, მაგრამ ბოლოს გამქირავებლებმა მაინც კანონგარეშე მოქმედება არჩიეს, რადგან  არავითარი კონტროლის მექანიძმი არ არსებობს.

    შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში გადასახადების გადამხდელი ფიზიკური პირების რაოდენობამ მთელ საქართველოში 4 340 ადამიანი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 55%-ით ნაკლებია. 2018 წლის 9 თვეში ბინის გაქირავებით მიღებული შემოსავლიდან 5%-იანი გადასახადი ბიუჯეტში 9 573-მა ადამიანმა გადაიხადა. გადასახადის გადამხდელთა რაოდენობის კლების ფონზე, შემცირდა ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც.

    კერძოდ, შემოსავლების სამსახურის მიერ „ბიპიენისთვის “ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის 9 თვეში ბიუჯეტში 33 167 448, 7 ლარი შევიდა, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში კი მხოლოდ 9 286 910,7 ლარი.

    ცნობისათვის, ფიზიკური პირის მიერ ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი 5%-ით იბეგრება.

    2017 წელს ბინის გაქირვების 5%-იანი გადასახადით ბიუჯეტში 32 მილიონი ლარი შევიდა. იქამდე გადასახადი ჩვეულებრივი სახით 20%-ს შეადგენდა და თითქმის არავინ იხდიდა. წესით ახალი ინიციატივით გაქირავების გადასახადი საერთოდ უნდა გაუქმდეს, თუმცა ჯერჯერობით ეს საკითხი გაყინულია, მანამდე კი უძრავი ქონების მფლობელთა უმრავლესობა კვლავ კანონის მიღმა მოქმედებს.

    „დედა წლებია ემიგრაციაშია და ამ დროის განმავლობაში მეორე ბინის ყიდვა შევძელით, რათა მომავალში დამატებითი შემოსავლის წყარო გვქონდეს. სამი წელია გაქირავებული მაქვს ბინა, თუმცა გადასახადს არ ვიხდი. როგორც ვიცი, შემცირდა, მაგრამ ზოგადად სისულელე მგონია ჩვენნაირი ქვეყნის პირობებში ძლივს რომ ბინას ყიდულობ და იმას აქირავებ, სახელმწიფო „წილში“ ჩაგიჯდეს. გადასახადი საერთოდ თუ მოიხსნება, ძალიან კარგი იქნება. ახლა გვაიძულებენ გადასახადები დავმალოთ, არადა ზოგადად კანმორჩილი ადამიანი ვარ, მაგრამ ამის არსი არც კი მესმის. არც ის გამიგია, რომ ვინმეს ამის გამო ჯარიმა გამოუუწერეს ან შეამოწმეს მაინც“, -განუცხადა "რეზონანსს" მოქალაქემ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

    გაქირავებული ბინების არცთუ მცირე ნაწილი ტურისტებზე რამდენიმე ღამით გაიცემა. ამიტომაც აქ მოკლევადიანი იჯარის ხელშეკრულების დადება უფრო რთულია და ზედმეტი ბიუროკრატიაცაა.

    “რეზონანსთან” საუბრისას სამშენებლო სფეროს სამართლი სპეციალისტი უჩა ზაქაშვილი აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი სახლები არ უნდა იბეგრებოდეს, ხოლო არსებულ მოცემულობას, რითიც ბიუჯეტში შეტანილი თანხა მნიშვნელოვნად შემცირდა, ადმინისტრირების რთულ მექანიზმს უკავშირებს.

    "სავარაუდოდ ადმინისტრირების პრობლემებია, იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს მოკლევადიანი საიჯარო ხელშეკრულებების  რეესტრში აღრიცხვის ვალდებულება. შემოსავლების სამსახურმა მინიგამოძიებები უნდა ჩაატაროს, რომ გაარკვიოს არის თუ არა ნამდვილად გაქირავებული ბინა. 

    რეგულაცია არ ავალდებულებს გამიქრავებელს რეესტრში ასახოს ყველაფერი. მე ვეთანხმები, რომ უძრავი ქონების გაქირავებისათვის გადასახადი სრულად გაუქმდეს, რადგან ადამიანები ამით საარსებო შემოსავალს იღებენ და საცხოვრებელი სახლები არ უნდა იბეგრებოდეს”, - განუცხადა "რეზონანსს" უჩა ზაქაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ვალერი   (07.12.2019)
    ბატონო უჩა დააფინანსეთ ხალხი თქვენ თვითონ, ფულის მეტი რა გაქვთ! ადრე ბევრ ქველმოქმედებას ჩადიოდით


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×