"მაღაზიებში პროდუქციის შეძენის მსურველია ბევრია, მაგრამ რეალური მყიდველი - ცოტა"
რეზონანსი
09.12.2019

 ტექნიკის მაღაზიებს საახალწლოდ ბაზარზე ფასდაკლების შეთავაზება დაიწყეს, თუმცა მომხმარებლის გამოკითხვამ აჩვენა, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკა ბრენდულ მაღაზიებსა და ბაზრობებზე რეალურად გაძვირებულია. ქსელური მაღაზიების შემთხვევაში „შავი პარასკევს“ დიდი ოდენობით პროდუქცია გაიყიდა ფასდაკლებით, ამიტომ სავარაუდოა, რომ ახალი წლის დღეებში მათ ვერ შეძლონ მნიშვნელოვანი შეთავაზების გაკეთება მომხმარებლისთვის. 

ტექნიკის მაღაზიებსა და დიდ სავაჭრო ცენტრებს საახალწლოდ ყოველწლიურად აქვთ შეღავათები, თუმცა დოლარის კურსის გათვალისწინებით, მომხმარებელთა დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ ფასი ძალიან მომატებულია, შესაბამისად,  50%-იანი ფასდაკლების პირობებშიც კი შარშანდელ ფასს აღემატება „ბიზნეს-რეზონანსი“ დაინტერესდა შესთავაზებენ თუ არა სხვადასხვა მაღაზიები საახალწლოდ დიდ ფასდკლებას მომხმარებელს და აქვს თუ არა ამის რესურსი ბიზნესს. 

ქსელური კომპანიები არ უარყოფენ, რომ ფასდაკლება ექნებათ, თუმცა ამ ეტაპზე პროცენტულ მაჩვენებელს ვერ ასახელებენ და აღნიშნავენ, რომ ეს დიდწილად დამოკიდებულია ლარის კურსზე, რომელიც ყოველდღიურად მერყეობს. „ბუმ ლაქშერის“ მეპატრონე გოჩა ლილუაშვილი აღნიშნავს, რომ ქსელურ მაღაზიებთან შედარებით მის მცირე ბიზნესს უფრო მეტი შეღავათი აქვს მომხმარებლისთვის. 

„ლარის კურსს იმიზეზებენ და წარმოუდგენელ ფასს ადებენ ყველაფერს. მე ვაგზალზე მაქვს მაღაზია. მუდმივად ვცდილობ ფასდაკლება შევთავაზო მომხმარებელს, რადგან ამ ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე ვარ და ვიცი ხალხი რა მდგომარეობაშიცაა. სიმართლე გითხრათ, შავი პარასკევს მერე მეეჭვება დიდმა ქსელებმა კარგი ფასდაკლება გამოიტანონ ბაზარზე", - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ გოჩა თაბაგარმა. 

ტექნიკისა და ჭურჭლის მაღაზია „სუპერ ფრაისის“ მფლობელი ნინო შონია საახალწლოდ დიდ ფასდაკლებებს აანონსებს მაღაზიაში, რადგან სწორედ ამ დროს აქვს რეალიზაციის იმედი: 

„ხალხი ზუსტად საახალწლოდ ყიდულობს საჭირო ნივთებს და მაღაზიისთვისაც კარგია, რომ ფასდაკლება შევთავაზო მომხმარებელს. მთელი წელი, როდესაც გაყინულია ვაჭრობა, ამ დროს ამოქაჩვა არის საუკეთესო გამოსავალი ბიზნესის გადარჩენისთვის. წელსაც ვაპირებ მომხმარებელს შევთავაზო აქციები, როგორც ჭურჭელზე, ასევე ტექნიკაზეც მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში“, - განაცხადა ნინო შონიამ. 

რაც შეეხება დიდ ქსელებსა და პარფიუმერიის მაღაზიებს, მათ მუდმივად აქვთ ფასდაკლება. ამიტომ საახალწლოდ განსაკუთრეებული პირობები ბაზარზე ჯერჯერობით არ ჩანს. მომხმარებელი ლიკა გურაბანიძე „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ტექნიკისა და პარფიუმერიის მაღაზიების მიდგომა განსხვავებულია და მისი, როგორც მომხმარებლის ინტერესი გაცილებით მაღალია ყოველდღიური მოხმარების ნივთებზე, ვიდრე ფუფუნების საგნებზე. 

„პარფიუმერია არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, ამიტომ ფასდაკლება უნდა იყოს ტექნიკაზე, მაცივარზე, უთოზე, ტელევიზორზე და ისეთ ნივთებზე, რაც აუცილებელლია. რაც შეეხება კოსმეტიკას და პარფიუმერიას, მათ მუდიმვად აქვთ სხვადასხვა შეთავაზებები. ასე რომ, მომხმარებელს განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვს", - აღნიშნა ლიკა გურაბანიძემ. ახალ წელს ახალი ტექნიკით შეხვედრა ერთგვარი ტრადიციაა, რადგან ტექნიკა პროგრესთან და ყველაზე სწრაფ განვითარებასთანაა ასოცირებული. ამიტომ, წლის ბოლოს ახალი შენაძენის გაკეთებას ყველა ოჯახი ცდილობს.

მარკეტინგის და ინტეგრირებული კომუნიკაციების სპეციალისტი ელდარ პირმისაშვილი “ნეტგაზეთთან” ამბობს, რომ საქართველოში ყველა მაღაზიაში ფასდაკლებების სისტემა ბუნდოვანია და ლოგიკას მოკლებული. 

“მთელ მსოფლიოში არსებობს ფასდაკლების სისტემა, რომელიც კონკრეტულ დღეს იწყება. ამაში ერთვება ყველა მაღაზია და მომხმარებელმა იცის უკვე, რომ ამა და ამ დროს არის კონკრეტული ფასდაკლება. იგი მერყეობს 10%-დან  70%-მდე და მიდის ლიკვიდაციამდე. 

ჩვენთან ეს ტენდენცია დაიწყო და კარგად აითვისა ტანსაცმლის რამდენიმე ქსელურმა მაღაზიამ, მაგრამ ბოლო ორი წელია ფასდაკლების სისტემა გახდა ქაოსური. მაღაზიებმა დაიწყეს არა სრულ კოლექციაზე ფასდაკლება, არამედ ის მანკიერი კომბინაციები, რაც აქამდე იყო. ტექნიკის მაღაზიები კონკრეტულ ერთ პროდუქტზე აკეთებენ აქცენტს ფასდაკლების აქციებზე. უნდათ, რომ მომხმარებელი მიიზიდონ და მიიყვანონ სავაჭრო ობიექტში. ესააა მათი ძირითადი ამოცანა და არა ის, რომ რეალურად შესთავაზონ ფასდაკლება. ამიტომ მაღაზიებში ტექნიკის ყიდვის ბევრი მსურველია, მაგრამ რეალური მყიდველი ცოტაა. ეს იმის მანიშნებელია, რომ კომპანიები სწორ კომუნიკაციას ვერ ახორციელებენ”, - აღნიშნა ელდარ პირმისაშვილმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×