სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ავადმყოფები წინასწარ შერჩეულ კლინიკებში გადაჰყავთ და იქ დაზღვევის ამოწურვამდე ტოვებენ
    ნინა გარდაფხაძე
    09.12.2019

     ჯანდაცვის მომსახურებისა და სასწრაფოს სერვისის მიმართ პაციენტებს სულ უფრო მეტი პრეტენზიები აქვთ. ისინი ამბობენ, რომ სასწრაფო დახმარებას,  მათი მოთხოვნის მიუხედავად, ისეთ კლინიკებში გადაჰყავთ, სადაც არაკვალიფიციური ექიმები მუშაობენ, თანაც სასწრაფოს მანქანით შეყვანილ  ავადმყოფებს ასეთ საავადმყოფოებში დაზღვევის ამოწურვამდე ტოვებენ. 

    ამ მხრივ დიდი პრობლემებია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაც ადასტურებს. სამსახურმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციალური კვლევა შარშან ჩაატარა, რომელმაც მნიშვნელოვანი დარღვევები აღმოაჩინა. მაგალითად, 693 შემთხვევაში გულის პრობლემების მქონე პაციენტები სასწრაფომ ისეთ დაწესებულებებში გადაიყვანა, რომელთაც კარდიოლოგიური ოპერაციის ჩატარების ნებართვა არ ჰქონდათ. თბილისის ჰოსპიტალიზაციის ბაზის ანალიზისას აუდიტმა ასევე გამოავლინა 335 შემთხვევა, როდესაც ისნის რაიონში გამოძახებული სასწრაფომ პაციენტი დიღმის მასივში არსებულ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ამ დროს ისნის რაიონში ბევრი მრავალპროფილური საავადმყოფოა განლაგებული. სასწრაფოსთვის კი ჰოსპიტალიზაციის უახლოესი მანძილის პრინციპი მოქმედებს.

    ანგარიშის თანახმად, პაციენტის ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმებისა და პასპორტიზაციის სისტემის გაუმართაობის გამო, ვერ ხდება პაციენტის ოპტიმალურად ჰოსპიტალიზაციის და თვითნებური ჰოსპიტალიზაციის პრაქტიკის თავიდან აცილება:

    "გარკვეულ შემთხვევებში ხდება პაციენტის ჰოსპიტალიზაციისას უახლოესი მანძილის პრინციპის უგულებელყოფა და მათი ისეთ დაწესებულებაში მიყვანა, სადაც არ არის პაციენტის მისაღები ხარისხით მკურნალობისათვის საჭირო პირობები. ეს კი მნიშვნელოვნად ზრდის პაციენტის კრიტიკულ მდგომარეობაში ყოფნისას დაგვიანებული რეაგირების და საჭირო მომსახურების ვერ მიღების რისკს, იმის გათვალისწინებით, რომ ჰოსპიტალიზაციის საჭიროება თავისთავად უკვე გულისხმობს პაციენტის მძიმე მდგომარეობას", - აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში. 

    პრობლემა მასშტაბურია. უამრავი შემთხვევაა, როდესაც ქალაქის მარჯვენა სანაპიროზე გამოძახების შემთხვევაშიც კი, ისნის საავადმყოფოში გადაჰყავთ პაციენტები. ამის შესახებ ბენეფიციარები და მათი ახლობლებიც ხშირად საუბრობენ, თუმცა ოფიციალური განმარტება მედიასა და სოციალურ ქსელში გახმაურებულ ფაქტებს შარშანდლამდე არ მოჰყოლია. 

    სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი, მაკა გვარამია მაშინ ამბობდა, რომ უწყების ხელმძღვანელებსა და კლინიკებს შორის გარიგების შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. კლინიკების ხელმძღვანელებს ხარვეზებზე საუბრისას აუდიტის სამსახურის 2014-15 წლის დასკვნა მოჰყავთ, რომლშიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და ჰოსპიტალიზაციის შესახებ რჩევებს მოიცავს.

    "ჩვენთვის ეს მისაღებია და ვიწყებთ მუშაობას ხარვეზების გამოსასწორებლად. რაც შეეხება კლინიკებს, რომლებიც მუდმივად მანიპულირებენ, რომ მათთან ჰოსპიტალიზაცია შემცირდა, მოგახსენებთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ფართოდ განვითარდა ჰოსპიტალური სექტორი, კლინიკების რაოდენობამ იმატა და გაიზარდა კონკურენციაც. აქედან გამომდინარე, ცენტრი ახორციელებს პაციენტების გადაყვანას მათი სერვისების, შესაძლებლობების, მდებარეობის, პაციენტთა შემხვედრი საჭიროების გათვალისწინებით", - განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა.

    მიუხედავად,  სასწრაფო დახმარების ხელმძღვანელის მტკიცებისა, მოსახლეობაში ეს პრეტენზია არსებობდა და არსებობს. ეჭვებს კონკრეტული ფაქტებიც ამყარებს. ლეილა ხაბეიშვილს, სასწრაფო დახმარების გამოძახება მიმდინარე წლის მარტში, ოჯახის წევრისათვის დასჭირდა. ყოველგვარი აუცილებლობის გარეშე, პაციენტი, ვარკეთილიდან დიღომში გადაიყვანეს. 

    ,,შარშან თებერვალში გაიკეთა დედამ ოპერაცია, სამას არაგველზე, ერთ-ერთ კლინიკაში. სარეაბილიტაციო პროცესი ნორმალურად მიდიოდა. ერთ საღამოს შეუძლოდ გახდა და სასწრაფოს გამოძახება დამჭირდა. ბრიგადამ რატომღაც დიღომში გადაგვიყვანა ვარკეთილიდან. რომ გავაპროტესტე, მითხრეს, რომ იქ აქვთ შესაბამისი აპარატურა და თანაც, ზღვით თუ წავლენ, უფრო ახლოსაა. ვერ გავიგე, როგორაა სამას არაგველზე ახლო ვარკეთილიდან დიღომი. 

    მთავარი ისაა, რომ არავითარი განსაკუთრებული კვლევა არ დაგვჭირვებია და უბრალოდ, სანამ დაზღვევა ბოლო თეთრამდე არ ამოიწურა, არ გამოგვიშვეს. მერე, ასეთი ფაქტები იმდენისაგან მოვისმინე, რომ მივხვდი, ეს სამედიცინო სფეროს მაფიის ერთ-ერთი ყველაზე დამკვიდრებული ნაწილი ყოფილა და მე არ ვიყავი გამონაკლისი”, - ამბობს პაციენტის ოჯახის წევრი. 

    რესპონდენტები, რომლებიც ,,ბინზეს-რეზონანსთან” მსგავსი შემთხვევების შესახებ ჰყვებიან, სხვადასხვა კლინიკებს ასახელებენ, სადაც მათი მოთხოვნის და წინააღმდეგობის მიუხედავად, გადაიყვანეს. ყველაზე ხშირად კი თბილისის ყველა უბნიდან კლინიკა ,,გულში” და ,,ელიზაბეტ ბლექვერის” სახელობის ჰოსპიტალში შეყვანის ფაქტებს ყვებიან. 

    ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე ფაქტს ორი მიზეზით ხსნის, რიგ შემთხვევებში ეს მენეჯმენტის არაკვალიფიციურობა, რიგ შემთხვევაში კი კორუფციული გარიგების ნიშნებია. არის შემთხვევა, როცა მსგავსი ფაქტები ლეტალური შედეგითაც კი სრულდება. 

    "ასეთი შემთხვევები არის ყოველ წელს, როცა მართლაც გადაჰყავთ ისეთ ადგილებში, სადაც აუცილებლობა საერთოდ არ არის. ასეთ შემთხვევაში რამდენიმე მოვლენასთან გვაქვს საქმე. ერთი ეს არის  ცუდი მენეჯმენტი, რაც მთელ ჯანდაცვის სისტემაში დიდი პრობლემაა. გარდა ამისა, უფრო პრობლემატური თემა კორუფციული გარიგებები, რასაც ხშირად აქვს ადგილი სასწრაფოებსა და კლინიკებს შორის. ხშირია ასეთი ფაქტები, შემთხვევები. არა მხოლოდ პაციენტები, კლინიკის წამომადგენლებიც საუბრობენ იმაზე, რომ კონკრეტულ კლინიკებში გადაჰყავს სასწრაფოს პაციენტები, მიუხედავად იმისა, რომ უფრო ახლოსაა სხვა საავადმყოფო და თანაც უკეთ აღჭურვილიცაა. 

    საერთო ვალდებულებაა, რომ ავადმყოფი ყველაზე ახლომდებარე კლინიკაში  უნდა გადაიყვანონ, წინააღდეგ შემთხვევაში შეიძლება დადგეს ლეტალური შედეგი. სამწუხაროდ, ფაქტების სიუხვის მიუხედავად, ასეთ შემთხვევებზე სახელმწიფოს ყურადღება არ გაუმახვილებია”, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს” სერგო ჩიხლაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×