ვანო მთვრალაშვილი ,,ქართულ ეკონომიკაში დიდი აქტიურობაა და ეს პროცესი ნავთობპროდუქტების ბაზარზეც იმოქმედებს"
ირაკლი ლომიძე
09.12.2019

 მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საგზაო ბიტუმისა და გათხევადებული აირების იმპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა. საავიაციო ნავთი ერთადერთი კატეგორიაა საწვავის იმპორტში, სადაც წლის განმავლობაში კლება აღნინშნება. ამის მიზეზად ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში რუსეთის მიერ დაწესებულ ტურისტულ ემბარგოს მიიჩნევენ და დასძენენ, რომ წლის დასაწყისში დაწყებული ტენდენცია რუსეთის პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო შეიცვალა. 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 92,2 ათასი ტონა, რაც 0,4 ათასი ტონით, ანუ 0.4%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (92,6 ათასი ტონა). აღნიშნულ პერიოდში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 18,3  ათასი ტონა, რაც  0,7 ათასი ტონით  ანუ 4%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (17,6 ათასი ტონა). ხოლო სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 163,6 ათასი ტონა, რაც წინა წლის იანვარ-ნოემბრის მაჩვენებელს 70,0 ათასი ტონით, ანუ 74,8%-ით აღემატება. 2018 წლის 10 თვის მონაცემით, იმპორტმა ამ მიმართულებით 93,6 ათასი ტონა შეადგინა.

რაც შეეხება წინა თვის სტატისტიკას, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, ნოემბერში საგზაო ბიტუმისა და გათხევადებული აირების იმპორტი შემცირდა,  ხოლო საავიაციო ნავთისა და ზეთების – გაიზარდა. 

,,2019 წლის ნოემბრის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,9 ათასი ტონა, რაც 0,2 ათასი ტონით მეტია ოქტომბრის მაჩვენებელთან შედარებით. საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა კი შეადგინა 9,2 ათასი ტონა, რაც 7,1 ათასი ტონით აღემატება ოქტომბრის თვის მაჩვენებელს. საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 13,3 ათასი ტონა, რაც 6,5 ათასი ტონით ნაკლებია ოქტომბრის მაჩვენებელთან შედარებით. 

თხევადი აირის იმპორტი მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ვფიქრობთ, რომ ეს ტენდენცია მომავალ წელსაც გაგრძელდება. ამის მიზეზია ის, რომ სულ უფრო და უფრო მეტი სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც მოიხმარდა ბენზინის საწვავს ან ბუნებრივ აირს, მაგრამ ახლა ამ პროდუქტის გამოყენებას მეტ უპირატესობას ანიჭებს. ცხადია, ეს განპირობებულია თხევადი აირის ფასით, რომელიც გაცილებით დაბალია ბენზინის ღირებულებასთან შედარებით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გათხევადი აირის ფიზიკური მახასიათებლები სატრანსპორტო საშუალებებისთვის – სიმძლავრე, (ბუნებრივ აირთან და დიზელთან შედარებით მეტი სიმძლავრით ხასიათდება, რის გამოც ხარჯის გაცილებით ნაკლებია). მარტივად რომ ვთქვათ, ფასი და მახასიათებლები გამოყენების კუთხით მასზე მოთხოვნას ზრდის. ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს, რომ მეტი და მეტი სატრანსპორტო საშუალებები გადადიან თხევადი აირის მოხმარებაზე. 

დღესდღეობით ამ კატეგორიის საწვავს 5 ათასზე მეტი ავტოსტარანსპორტო საშუალება მოიხმარს. წლების განმავლობაში მოსახლეობა მას სოციალური თვალსაზრისით იყენებდა, საოჯახო მოხმარებისთვის, თუმცა გაზიფიცირების პროცესის გამო მოთხოვნა ბოლო წლებში შემცირდა”, - განუცხადა მთვრალაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსს” და დასძინა, რომ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ასევე ბიტუმის იმპორტი და მოხმარება.

,,ბიტუმის მოხმარება საგზაო სამუშაოებში წელს რეკორდულად მაღალ მაჩვენებელზეა. შესაბამისად, იმპორტიც გაიზარდა, მაგრამ ტენდენცია შენარჩუნდება თუ არა, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იქნება დამოკიდებული. მოიმატა ასევე საავტომობილო ზეთების იმპორტმა და მოხმარებამ. ავტოპარკი იზრდება, მათ შორის, საქართველოში ტრანზიტად გამავალი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობამ მნიშვნელოვნად მოიმატა. 

როგორც ვნახეთ, ერთადერთი პროდუქტი, რომელიც ნეგატიური ტენდენციით ხასიათდებოდა, საავიაციო ნავთია. რუსეთის მიერ საქართველოს მიმართულებით საავიაციო მიმოსვლის აკრძალვამ ამ კატეგორიის საწვავის იმპორტი საგრძნობლად შეამცირა. პირდაპირი საავიაციო რეისები რუსეთის მიმართულებით არ ხორციელდება და აქედან გამომდინარე, ზაფხულის პერიოდიდან საავიაციო ნავთის იმპორტი შემცირდა. თუმცა სეზონის დასაწყისში მაღალი მოთხოვნა იყო. წესით, დიდი მოცულობითი იმპორტი უნდა გვქონოდა, მაგრამ ობიექტური რეალობიდან გამომდინარე, დამაკმაყოფილებელი შედეგი ვერ მივიღეთ”, - დასძინა ვანო მთვრალაშვილმა.

ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის ნოემბერი საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 0,42 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 24,0%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი - 0,41 ათასი ტონა (23,4%), რუსეთი -  0,25 ათასი ტონა (14,3%),  გერმანია - 0,18 ათასი ტონა (10,3%) და სხვ.

ხოლო საავიაციო ნავთის იმპორტის 72,8% განხორციელდა თურქმენეთიდან, 17,4% - თურქეთიდან და ა.შ. 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ სამომავლოდ იმპორტის ზრდის ტენდენცია გაგრძელდება.

,,ქართულ ეკონომიკაში დიდი აქტიურობაა და ეს პროცესი ნავთობპროდუქტების ბაზარზეც იმოქმედებს. კერძოდ, გზების მშენებლობის ტემპი მაღალია, ასევე აქტიურდება ტურისტული სფერო, ზამთრის ტურიზმი დაიწყო, რაც გვაფიქრებს, რომ დამსვენებლების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს და საავიაციო ნავთზე მოთხოვნა გაიზრდება. როგორც აღვნიშნე, თხევადი აირის მომხმარებელი ავტოსატრანსპორტო საშულებებიც რაოდენობაც მატულობს. ამდენად, მყარი საფუძველია ითქვას, რომ ნავთობპროდუქტების იმპორტი და, შესაბამისად, მოხმარებაც მომდევნო თვეების განმავლობაში მაღალ დონეზე შენარჩუნდება”, - განუცხადა ვანო მთვრალაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსს”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×