"ეს ადრეც უნდა გაკეთებულიყო" - დაწესდება თუ არა ზღვრული ფასი?
გვანცა წულაია
10.12.2019

 მედიკამენტების ფასის ზრდის შესაჩერებლად ხელისუფლება ახალი გზების ძებნას იწყებს. შესაძლოა, წამლების ფასი ახალი კანონით დარეგულირდეს. ჯერჯერობით უცნობია რა გზებით აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო ტოტალურ სიძვირესთან ბრძოლას, თუმცა, სავარაუდოდ, ეს ზღვრული ფასის დაწესებით მოხდება. 

სწრაფად გაძვირებული ჯანდაცვა დიდი ხანია მოქალაქეებისთვის პრობლემაა, რომლის დასარეგულირებლადაც ხელისუფლებამ არერთგზას გზას მიმართა, თუმცა შედეგი არ ჩანს, გაძვირების პროცესის შეჩერება ვერაფრით ვერ ხერხდება. ამ ეტაპზე მედიკამენტებზე ფასის რეგულირებაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ეს საკითხი აუცილებად განიხილება. ამისთვის კი, ერთწლიან ვადას ითხოვენ, რათა საკანონმდებლო ინიციატივა შემუშავდეს. 

„ვფიქრობ, ინიციატივაზე მომავალ წელს დავიწყებთ მუშაობას. ამ პროცესს, სავარაუდოდ, დასჭირდება 6-9 თვე და ალბათ 1 წლის თავზე გვექნება იმის საშუალება, რომ ვისაუბროთ იმ საკანონმდებლო ნორმაზე, რომელიც დაარეგულირებს ბაზარს და ხარისხიან მედიკამენტს მეტად ხელმისაწვდომს გახდის მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. 

წამლის ფასი, ძირითადად, იზრდება მაშინ, როდესაც ეროვნული ვალუტა უფასურდება, თუმცა თითქმის არასდროს იაფდება, როცა ლარი მყარდება. მაგალითად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტა სულ რაღაც 11.2%-ით გაუფასურდა, ამ დროს კი წამლების ნაწილი თითქმის 50%-ით გაძვირდა. 

ახალი კანონმდებლობის შემუშავების და შემგდომ დამტკიცების შემთხვევაში, ფარმაცევული კომპანიები მედიკამენტებს მხოლოდ იმ ფასში გაყიდიან, რასაც სახელმწიფო დაუწესებს. 

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი მარგველაშვილი მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხარჯების შემცირებისთვის აუცილებელ ერთ-ერთ პირველ ნაბიჯად მედიკამენტების დანიშვნის კონტროლს მიიჩნევს. 

"საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა, მოხდეს ფასთა რეგულაცია მედიკამენტების ნაწილზე, თუმცა ეს არის შესასწავლი. შეიძლება მოხდეს ფასის რეგულირება წამლების ნაწილზე - მაგალითად, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, მაგრამ ეს ძალიან დელიკატური საკითხია, საფრთხილო თემაა, რათა არ გამოიწვიოს ის მიზეზები და პრობლემები, რაც ბევრ ქვეყანაში გვქონდა. მაგალითად, ფასთა რეგულაციის მოუმზადებელმა შემოღებამ გამოიწვია მთელი რიგი მედიკამენტების გაქრობა ბაზრიდან, მწარმოებლები და იმპორტიორები გავიდნენ, რამაც მოსახლეობის ჯანმრთელობა დააზიანა. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი შესწავლას და მომზადებას მოითხოვს“, - აცხადებს ირაკლი მარგველაშვილი. 

საქართველოში, ფარმაცევტულ სფეროში რაიმე სახის რეგულაციები არ არსებობს. სწორედ ამიტომაა, რომ მედიკამენტების ღირებულება ასე ინტენსიურად იზრდება, რასაც ხელისუფლების დღემდე გადადგული არაერთი ნაბიჯი ვერ უზრუნველყოფს. "გახსოვდეს ჰიპოკრატეს” ხელმძღვანელი მარინა ბერაძე აღნიშნულ ინიციატივას სამართლიანს უწოდებს და ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო რეგულირების მექანიზმს სწორად შეიმუშავებს.   

"ეს ინიციატივა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროდან მომდინარეობს, არის სრულიად სამართლიანი და სწორიც. ადრეც უნდა გაკეთებულიყო, რადგან ყველა ნორმალურ ქვეყანაში ფარმაცევტული სფეროს საქმიანობა კანონმდებლობითაა დარეგულირებული. რასაკვირველია ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას. ამ ხნის განვალობაში ის მონოპოლიური სტრუქტურები, რომლებიც ჩამოყალიბდა, უკვე გაძლიერდნენ და მათ წინააღმდეგ ბრძოლა ადვილი არ არის. 

მეორე საკითხია რამდენმად მოეწონებათ ეს ინიციატივა ფარმაცევტულ კომპანების. ეს მათი გადასაწყვეტი არაა, ამას წყვეტს სახელმწიფო. მას ძალიან ძვირი უჯდება იმ პროგრამების განხორციელება, რომელსაც ჯნდაცვის მიმართულებით ატარებს. ჯანდაცვაში დიდი თანხები ჩაიდო და თუ ამის პარალელურად, საქმიანობა ხარჯეფექტური არ გახდა, რასაკვირველია, ეს იქნება გადაყრილი თანხა. კარგია, რომ ჯანდაცვის სამინიტროს ამის სურვილი და ძალა აღმოჩნდა, რომ მსგავსი რამ განახორციელოს. 

ასეთი რეგულაციები არსებობს ყველგან. სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენს მეზობელ და ევროპის ქვეყნებშიც გაცილებით იაფი ღირს წამლები, ვიდრე ჩვენთან. ზუსტად რა ღონისძიებებს გაატარებენ არ ვიცი, მაგრამ რაც მოხდება, მგონია, რომ იქნება სწორი. ამ იმედს მაძლევს ის, რომ ერთი წლის ვადა არის დასახელებული", - აღნიშნა "რეზონანსთან” მარინა ბერაძემ. 

ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი, პირველ რიგში, ხალხზე უნდა იყოს მორგებული, მით უმეტეს ჯანდაცვის სისტემაში. ფაქტია, რომ ქვეყანას ამდენი სოციალურად დაუცველი და ქრონიკულად დაავადებული ადამიანი ჰყავს. მარინა ბერაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების მთავარი საზრუნავი ხალხია და სწორედ ის ნაბიჯები უნდა გადადგას, რომელიც ხარისხიან და ხელმისაწვდომ სამკურნალო საშუალებების ხელმისაწვდომობას გაზრდის. 

“რა თქმა უნდა მოგება ისეთივე აღარ იქნება, როგორიც ახლაა, მაგრამ ჩვენ ამაზე არ უნდა ვიდარდოთ. მთავარი საზრუნავი ისაა, რომ ხალხი იღებდეს ხარისხიან და ხელმისაწვდომ სამკურნალო საშუალებებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პრიორიტეტებს განსაზღვრავს და თითოეულ ქვეყანას აძლევს საშუალებას, რომ მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, სისტემა შეიმუშავაოს. 

ჩვენ რომელიმე ქვეყნის ჯანდაცვის პირდაპირი კოპირება კი არ უნდა მოვახდინოთ, რასაც აქამდე ვაკეთებდით, არამედ ზოგადი პრინციპით უნდა ვიხელმძღვანელოთ, ვიცოდეთ არსი რაში მდგომარეობს, არ დავარღვიოთ პირობა, რომელიც შესასრულებელია და ამის შემდეგ, ჩვენს რეალობას მოვარგოთ. რაღაც გარდამავლი რგოლი უნდა შევქმნათ და ადაპტირება მოვახდინოთ”, - დასძინა “რეზონანსთან” მარინა ბერაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×