სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ბუნდოვანი სქემაა, რომელზეც ძალიან ბევრი კითხვა არსებობს და არც ერთი პასუხი"
    თამარ კანდელაკი
    11.12.2019

    30 მლნ ქალაქის ბიუჯეტიდან და 300 ახალი მიკროავტობუსი - ასეთია შეთანხმების შედეგი კერძო კომპანიასა და მერიას შორის. მგზავრობის ტარიფი არ გაიზრდება, თუმცა ვიცე-მერს არაფერი უთქვამს, დედაქალაქის მცხოვრებთა მიერ გადახდილი გადასახადით, რატომ ხდება კერძო კომპანიისათვის მანქანის შეძენა, რა ფასად მოხდება შემდგომში "თბილისის მიკროავტობუსის” მხრიდან გამოსყიდვა და საერთოდ არის თუ არა მსგავსი ვალდებულება მემორანდუმში. ოპოზიცია, კორუფციულ ნიშნებზე საუბრობს, სპეციალისტებს კი არ ესმის, რატომ შეითავსა მერიამ, გადამყიდველის როლი. 

    თბილისის მერიამ მიკროავტობუსების კომპანიასთან შეთანხმებას მიაღწია. მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი დაიწყება ისე, რომ მოსახლეობას მგზავრობის ტარიფი არ გაეზრდება. თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, დედაქალაქის ბიუჯეტში 300 მიკროავტობუსის შესაძენად დაახლოებით, 30 მლნ ლარი არის გათვალისწინებული. ამ დროისთვის დედაქალაქს, დაახლოებით, 1500-მდე მიკროავტობუსი ემსახურება, თუმცა მათი რაოდენობა, სავარაუდოდ, შემცირდება. 

    „თანხა, რომელიც დასჭირდება 300 მიკროავტობუსის შეძენას, ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია და მოიძებნა კიდეც. საუბარია, დაახლოებით, 30 მლნ ლარზე. ამჟამად დედაქალაქს ჯამში, დაახლოებით, 1400-1500 მიკროავტობუსი ემსახურება, თუმცა განახლებული ქსელით შესაძლოა ეს რაოდენობა შემცირდეს, რადგან ვზრდით ავტობუსების და მათივე გაბარიტების მოცულობას. მიკროავტობუსები იქნება ავტობუსებთან დაკავშირების საშუალება. ძალიან გამიჭირდება ახლა იმაზე საუბარი, მთლიანად რა კაპიტალი დასჭირდება მიკროავტობუსების პარკის სრულ განახლებას, მაგრამ 300 ერთეული ნამდვილად არის ის რაოდენობა, რომელიც ახლა გვჭირდება“, - განაცხადა ხმალაძემ. 

    რა ვადით შეისყიდის, მერია რამდენ ხანში გადაეცემა დედაქალაქის ბალანსზე არებული მიკრო ავტობუსები კერძო კომპანიას და რა ფასად? რატომ არ გადაიხედა ხელშეკრულება, მიუხედავად იმისა, რომ მისი არაერთი პირობა დაირღვა? ასეთი კითხვები აქვს, საკრებულოს დეპუტატს, ,,ქართული ოცნების” ყოფილ წევრს, ვატო შაქარაშვილს.მისთვის შეთახნმება კორუფციულ ეჭვს აჩენს და მიიჩნევს, რომ ბიუჯეტიდან, კერძო კომპანიისათვის აქტივების შეძენა არ უნდა ხდებოდეს. 

    ,,ბუნდოვანი სქემაა, რომელზეც ძალიან ბევრი კითხვა არსებობს და არც ერთი პასუხი. მოცემულობა რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მუნიციპალიტეტმა უნდა იყიდოს მიკრო ავტობუსები, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის სიმახინჯეა, თავისთავად მიუღებელია. კეთილი ინებოს და კალაძის მეგობრის კერძო კომპანიამ, შეასრულოს ვალდებულებები. დღეს გავრცელდა, რომ თითქოს, უნდა გვიხაროდეს, ტარიფი არ გაიზრდება, კომპანიასთან შევთანხმდითო, სინამდვილეში კი, ბიუჯეტიდან ჩვენი ფულით ყიდულობს სახელმწიფო ბიზნესისათვის  აქტივებს. 

    არავინ გვეუბნება, ვინ და რა ფასად გამოისყიდის სატრანსპორტო საშუალებებს. ბუნებრივი ცვეთა აქვს და იმ თანხას თუნდაც 2 წლის მერე ვინღა გადაიხდის? მიკროავტობუსები, ჩემთვის, უგულავასთან და მის კარის ბიზნესმენებთან ასოცირდება, რომელიც წარმატებით გადმოიბარა კალაძემ, საკუთარ კარზე“ - ამბობს საკრებულოს დეპუტატი ,,რეზონანსთან”. 

    პასუხგაუცემელი კითხვები, საავტომობილო სფეროს სპეციალისტებსაც აქვთ. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის დამფუძნებელი დავით მესხიშვილი ამბობს, რომ არც ერთი ქვეყნის, არც ერთი ქალაქის პრაქტიკაში მსგავსი არაფერი გაუგია. 

    "შეუძლებელია, მერიის პრიორიტეტი იყოს მიკროავტობუსები. რაც განაცხადეს, ეს არის გამაოგნებელი. ჯერ ერთი კერძო კომპანიას მივყიდითო რომ ამბობენ, შესყიდვისას სხვა ფასი იქნება და კერძო კომპანია მერე სხვა ფასად გამოისყიდის?,,თბილისის მიკრო ავტობუსს” ჯერ თანხმობაც არ უთქვამს ამაზე.

    თუ "სითი პარკის" შეუსრულებელი ვალდებულებების შემთხვევაში, შესაძლებელი იყო კონტრაქტის გაწყვეტა, რატომ არ გადაიხედა ამ შემთხვევაში? ფორმალურად მაინც რატომ არ მოხდა სხვა კომპანიებისათვის კონკურსის გამოცხადება, რაც ბიუჯეტიდან 0 ლარი დაჯდებოდა? მოკლედ, ასეთი პრეცენდენტი, ბუნებაში არ არის. ამიტომაც ჩნდება ეჭვები პირად ინტერესებზე. სხვა, პრაგმატული ახსნა, ამას არ აქვს. 

    სამწუხაროდ, ჩვენ არ გვინახავს  არც ,,სისტრას” კვლევა, რომელსაც მერიის მოხელეები ყოველ მეორე განცხადებაში ახსენებენ. ცალსახაა, რომ კომპანია ვერ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს და რატომ არ ცხადდება კონკურსი?  ამ მიკროავტობუსებს, შეძენის გარდა, საექსპლუატაციო ხარჯიც სჭირდება და ჩვენ ყოველდღე ჩვენი ჯიბიდან მოგვიწევს გადახდა, რადგან დიდი ვარაუდით ის დარჩება მერიის ბალანსზე. მაინტერესებს თბილისის მერია რატომ გამოდის გადამყიდველის როლში? თუ ერთი ადამიანი მაინც დარჩა იქ ტრანსპორტის სფეროდან, იქნებ რამე გონივრული ურჩიოს, სანამ ხელშეკრულება დაიდება”, -ამბობს მესხიშვილი.

    თბილისის მერიაში კი "რეზონანსს" განუცხადეს, რომ კომპანიასთან ფორმდება მემორანდუმი და თანამშრომლობა ამით არდასრულდება. მუშაობას გრძელდება კომპანიის ფინანსური პარამეტრების ოპტიმიზაციისთვის და ახალი მიკროავტობუსების შესყიდვა სწორედ ამ ოპტიმიზაციის გეგმაზე იქნება დამოკიდებული.

    "როგორც კი ფინანსური რესურსი კომპანიაში გამოჩნდება და ამის პოტენციალი კომპანიას აქვს, მოხდება დამატებით მიკროავტობუსების შეძენა, შემდეგ კი მერიის მიერ შესყიდულების უკან გამოსყიდვა. პირველი რიგის პრიორიტეტია, მოხდეს არსებული პარკის ჩანაცვლება, შემდეგ კი ეტაპობრივად დავალაგებთ მერიის მიკროავტობუსების გამოსყიდვის საკითხს", - განუცხადა"რეზონანსს" ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×