სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "15 თებერვლამდე ლარს ჯერ კიდევ არაფერი უჭირს, მაგრამ გაზაფხულიდან პრობლემა ისევ მოსალოდნელია"
    ირაკლი ლომიძე
    13.01.2020

    ლარის გამყარების ალბათობა ისევ მცირეა. ბოლო პერიოდში გაკეთებული დამაიმედებელი პროგნოზის მიუხედავად, ეროვნული ვალუტის სტაბილურობა ისევ ეჭვქვეშაა. ერთადერთი, რაც ოპტიმიზმს ამყარებს, წლევანდელი არჩევნების გავლენაა, თუმცა პოლიტიკური პროცესის მიუხედავად, ძნელად სავარაუდოა, კურსი 2,80-ს ჩამოსცდეს. თუმცა ესაც მხოლოდ მოკლე პერიოდში, გრძელვადიან პერსპექტივაში კურსის გამყარების შესაძლებლობა ნაკლებია. ფინანსისტები გაზაფხულიდან ლარის მორიგ გაუფასურებას ელოდებიან. 

    გარდა იმისა, რომ ბიუჯეტს სწორება თითქმის 3,0-იან ნიშნულზე აქვს, აღმოჩნდა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოლოდინიც არასაიმედოა, რის გამოც უწყება დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში მივლინების ანაზღაურების წესს ადგენს და საპროგნოზო მაჩვენებელს რამდენიმე პუნქტით ზრდის. საამისოდ რა არგუმენტიც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ ლარს არც მთავრობის მხრიდან აქვს ნდობა. 

    მიუხედავად ამისა, ფინანსური ბაზრის ზოგიერთი მკვლევარი არ გამორიცხავს, რომ 2020 წელს ლარი გამყარდეს. ამის შესახებ მოსაზრება პირველმა "თიბისი რისერჩმა" გამოთქვა. ორგანზიაცია წელს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8%-მდე შემცირებასაც ელის, რადგან კურსი გამყარდება და ფასებზე გავლენა აღარ ექნება.

    „ინფლაციის მაჩვენებელი თავის სამიზნე მაჩვენებელს 2020 წლის მეორე ნახევრიდან დაუბრუნდება. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები ამერიკული დოლარის მიმართ სტაბილურობას აჩვენებს, ველით რომ ლარის კურსი დაახლოებით 2.75-იან ნიშნულთან დაბალანსდება.

    სავარაუდოდ, 2020 წელი აქტიური იქნება ინტერვენციების კუთხითაც. თუკი ლარი გამყარებისკენ წავა, ხოლო ინფლაციის დონე შემცირდება, მოსალოდნელია რომ ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე დოლარის შესყიდვა განახორციელოს, რათა რეზერვების მოცულობა გაზარდოს“, - აღნიშნულია "თიბისი რისერჩის" კვლევაში.

    როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ეს ბოლო პერიოდში ლარის მიმართ ერთადერთი დამაიმედებელი პროგნოზია, რომელიც შეიძლება ანაკლიის პორტის პროექტის გარშემო შექმნილმა ვითარებამ შეცვალოს. აქედან გამომდინარე, "ფინექს 1970"-ის ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ფიქრობს, რომ გაზაფხულიდან ლარის გაუფასურების ახალი ტალღას უნდა ველოდოთ. რაც შეეხება მოკლევადიან პერსპექტივას, შენგელიას აზრით, 15 თებერვლამდე ლარს საფრთხე არ ემუქრება. 

    ,,მინიშნება, რომ კურსი 3,0-ის ფარგლებში იქნება, სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების დროსაც გაითვალისწინეს. 15 თებერვლამდე ლარს ჯერ კიდევ არაფერი უჭირს, მაგრამ გაზაფხულიდან პრობლემა ისევ მოსალოდნელია. უნდა გავითვალსიწინოთ, რომ კურსზე ეკონომიკურ პროცესებზე მეტად პოლიტიკური ფაქტორი მოქმედებს. საარჩევნო წელი დადგა და ცდილობენ წნეხი გაზარდონ სებ-ის მიმართ და არსებული კურსი შეინარჩუნონ. შესაბამისად, კიდევ მოუწევს პრევენციული ღონისძიებების გატარება სებ-ს, ეს გარდაუვალია. 

    აღსანიშნავია, რომ მოლოდინი იყო 2,75-იან ნიშნულზეც, მაგრამ მსოფლიოში მოსალოდნელია დოლარის გაძლიერების ტალღა და საეჭვოა, ლარმა ამ ნიშნულისკენ აიღოს გეზი. ამის დაშვება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ რაიმე მსხვილი საინვესტიციო პროექტები განხორციელდება, მაგრამ დაანონსებული აქციების ფონზე ეს პროცესიც გადაიწევს. 

    აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ლარის გამყარების ნიშნები არ ჩანს. თვითონ ეროვნული ბანკი ვერ აკეთებს პროგნოზს, საბოლოოდ იმაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება საინვესტიციო კლიმატი და მოთხოვნა-მიწოდება ფინანსურ ბაზარზე. ცხადია, რაღაც დროით გაუფასურება შეჩერდება, მაგრამ მნიშვნელოვან გამყარებას არ უნდა ველოდოთ", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" შენგელიამ.

    კიდევ უფრო უიმედოდ არის გაწყობილი ფინანსისტი დავით წიქარაძე. იგი ვარაუდობს, რომ ლარი 3,0-ის ნიშნულს გადააბიჯებს და მთავრობას შეიძლება ასეთი კურსიც სანატრელი გაუხდეს.

    ,,კურსი ხელოვნურად უჭირავთ. ვერავინ იტყვის, როდის აიშვებს ლარი. ასე თუ გაგრძელდა, მთავრობას 3,0-იანი ნიშნულიც სანატრელი გაუხდება. მთავარი ლარისთვის სტაბილურობა და შინაგანი რწმენაა, რამაც ეროვნული ვალუტის მდგრადობა უნდა განსაზღვროს. დღეს არც ერთი ფაქტორი ფაქტორი მუშაობს და არც - მეორე. ხარჯი გაზრდილია აბსოლუტურად ყველა მიმართულობით, განსაკუთრებით ბიუროკრატიული, რაც უკვე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. არ შემოდის ინვესტიციები, ქვეყანა ვერ ვითარდება. პრაქტიკულად, არაფერი ჩანს, რაც გვაფიქრებს, რომ ქვეყანა უკეთესობისკენ მიდის. მოსახლეობა უფრო მეტად ღარიბდება, ფასები მატულობს და ამ პროცესს ვერაფერს ვუპირისპირებთ. 

    ადრე ხან თურქულ ლირას მიიჩნევდნენ ლარის გაუფასურების მიზეზად, ხან - რუბლს და ჩინურ იუანსაც კი. სინამდვილე აბსოლუტურად სხვაა. ეკონომიკური პრობლემები მოდის ცუდი მენეჯმენტის, დაუგეგმავი ბიუჯეტის და არამიზნობრივი ხარჯების გამო. ბიუროკრატია არის სამჯერ შესამცირებელი, მაგრამ მთავრობისთვის ეს საარჩევნო კონტიგენტია და ხელს არავინ ანძრევს, რომ სფერო მოაწესრიგოს. ლარი გაუფასურების შეჩერების ვერანაირ მექანიზმს ვერ ვხედავ. უარესის მოლოდინი უნდა გვქონდეს, სტაბილურობისგან ძალიან შორს ვართ", - ამბობს წიქარიძე ,,ბიზნეს-რეზონანსთან”. 

    ფინანსური ბაზრის მკვლევარი ვახტანგ ხომიზურაშვილი ფიქრობს, რომ სასურველია, სამთავრობო უწყებების ხარჯი დოლარის ეკვივალენტით განისაზღვროს და ასეთი სქემით კერძო კომპანიებმაც ისარგებლონ. ამით, მეტ-ნაკლებად, შესაძლებელია, სავალუტო რყევებით გამოწვეული დანაკარგის შემცირება.

    უცხოურ ვალუტაში ანგარიშსწორება (ცხადია, ეკვივალენტი ლარში) მარტო სამივლინებო ხარჯის მიმართ არ უნდა ხდებოდეს, როგორც ეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. იგივე მექანიზმის გამოყენება სასურველია კომპანიებისთვისაც, რომ დანაკარგი არ მიიღონ. ლარის მიმართ ნდობა შესუსტებულია და ყველა ცდილობს, თავი დაიზღვიოს. კარგი იქნება, თუ სამომავლოდაც ამ მეთოდს მიმართავენ. ეს სტაბილურობას შეუწყობს ხელს. 

    სამივლინებო ხარჯი არ არის დიდი თანხა და მასზე დაწესებული ცვლილება კონკრეტულად ამ უწყებისთვისაც დიდად არაფერს ცვლის. სამომავლოდ კურსი დამოკიდებულია ინვესტიციების ნაკადზე, რაც თავის მხრივ პოლიტიკურ სტაბილურობას საჭიროებს", - ამბობს ხომიზურაშვილის ვარაუდითაც, პატარ-პატარა რყევები გაგრძელდება, მაგრამ საბოლოოდ კურსი 3,0-ის ფარგლებში შეჩერდება.

    ,,ეკონომიკა მაღალი ტემპით არ ვითარდება, სტაგნაციაც ,,სტაბილურია", თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ. რაც შეეხება საერთაშორისო მოვლენების ასახვას კურსზე, ეს, ალბათ, ძალიან მცირე დოზით ხდება, რადგან საქართველო მსოფლიო საფინანსო სისტემასთან ინტეგრირებული არ არის და უშალოდ ამ მიზეზით ლარს რეალურად არაფერი ემუქრება", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" ვახტანგ ხომიზურაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×