"თითო ოჯახში უნდა იყოს თითო ან მაქსიმუმ - ორი, თუ არ გვინდა უარეს შედეგამდე მივიდეთ"
თამარ ვეფხვაძე
13.01.2020

მანქანების ფლობაზე შესაძლოა შეზღუდვა დაწესდეს. კონკრეტულად რა ფორმით მოხდება ეს ჯერ კიდევ უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, რომელზეც ყურადღებას პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ამახვილებს, ოჯახში 3 და მეტი მანქანის ფლობისთვის, სავარაუდოდ, მოსაკრებლის დაწესდება. ექსპრეტები ამ მოსაზრებას დიდად არ ეწინააღმდეგებიან. 

ახალი ინიციატივის შესახებ კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ, თემატური მოკვლევის შედეგებშია ნათქვამი, თუმცა მოგვიანებით დეპუტატების ნაწილმა განაცხადა, რომ ინფორმაცია არასწორია და ოჯახში ავტომობილების რაოდენობასთან და მასზე დაწესებულ გადასახადზე არანაირი ინიციატივა არ არსებობს. მიუხედავად ამისა, რა განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს, ფაქტია, რომ ავტომობილების რაოდენობა ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემაა და ამ საკითხის დარეგულირება რაღაც ფორმით უნდა მოხდეს.  

დეპუტატი გიორგი ხატიძე აღნიშნავს, რომ არსებობს მოსაზრება, ხომ არ არის მიზანშეწონილი ოჯახში სამი ან მეტი ავტომანქანის ფლობის შემთხვევაში მოსაკრებლის ან გადასახადის დაწესება, რაზეც მსჯელობა უნდა დაიწყოს.

„ანგარიშში ცალსახად არ არის მითითება, რომ აუცილებელია გადასახადის დაწესება. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საჭიროა მსჯელობა. ეს არ არის სავალდებულო დოკუმენტი, ესაა კომპლექსური პროცესების ერთი ნაწილი. სათანადო უწყებებმა კონკრეტულ ვადებში უნდა წარმოადგინონ შესაბამისი პოლიტიკა, შესაბამისი რეგულაციები”, - განაცხადა მან.

არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც, შეიძლება თბილისის მასშტაბით, მოსაკრებელი დაწესდეს ძრავის მოცულობის მიხედვით. შესაბამისად, შეღავათიანი პირობებით ისარგებლებს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი, რომელიც უფრო ნაკლები მოცულობის ძრავის ავტომანქანას მართავს. 

დეპუტატი ნინო წილოსანმა გუშინვე აღნიშნა, რომ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ თემატურ  მოკვლევაში საუბარი იყო რამდენიმე შესაძლო ვარიანტზე, თუმცა მისი განხორციელება არც ახლა და არც სამომავლოდ არ იგეგმება.

ამ დროს საქართველოში მოსახლეობის თითქმის ნახევარი ავტომობილის მფლობელია. მანქანების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს და უკვე ყოველ მეორე ადამიანს, ანუ ზრდასრული მოსახლეობის 60%-ს მანქანა ჰყავს. მდგომარეობა ჯერჯერობით ვერც ტექინსპექტირებამ შეცვალა. ეკოლოგიური საკითხები კვლავ დაუძლეველია, ხოლო დედაქალაქსა და რეგიონებში საცობები ჩვეულებრივ ამბად იქცა. 

სპეციალისტებს ამ მდგომარეობას საგანგაშოს უწოდებენ და ხელისუფლებას სწორი სატრანსპორტო პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებენ.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელს დავით მესხიშვილის აზრით, ავტომობილების რაოდენობის ზრდა, ერთი მხრივ, კარგია, მაგრამ, ამავე დროს დიდ პრობლემას წარმოადგენს და მისი რეგულირება რაღაც ფორმით უნდა მოხდეს. განსახილველია მოსაზრება, რომლის მიხედვითაც შეზღუდვა შეეხება ოჯახში 3 ან მეტი მანქანის ყოლას, თუმცა ამის პარალელურად მთავრობამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე უნდა იზრუნოს. 

`ჩვენი სიდიდის ქალაქი ამდენ ავტომობილს, რა თქმა უნდა, ვერ დაიტევს და ეს ძალიან ლოგიკურია. ჰაერი ბინძურდება, უშველებელ საცობში გვიწევს მუდმივად ყოფნა. სატრანსპორტო სფერო რომ მოსაწესრიგებელია, ამაზე საუბარს აზრი აღარ აქვს. ამ საკითხის  დარეგულირება არ იქნება მარტივი, თუმცა შესაძლებელია რაღაც გზების გამონახვა. თითო ოჯახში უნდა იყოს თითო ან მაქსიმუმ - ორი, თუ არ გვინდა უარეს შედეგამდე მივიდეთ. 

კონკრეტული ზომებია მისაღები, რადგან არა მარტო თბილისის, დიდ ქალაქებშიც მძიმე ვითარებაა. ვეღარ იტევენ ამდენ მანქანას და მის გამონაბლოქვს, მეტად უნდა ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე”, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" დავით მესხიშვილმა.

მას მაგალითად  მოჰყავს ბელგია, სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის უფასო ბილეთები დაურიგა. შედეგად, ავტომობილების რიცხვი ათასობით შემცირდა.

,,ჩვენთან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არასწორად ვითარდება. ევროპაში ამ მხრივ სერიოზული ღონისძიებები ტარდება. ხშირად მომყავს ეს მაგალითი, თუმცა მთავრობის დამოკიდებულებას სატრანსპორტო სფეროს მიმართ ზუსტად ასახავს - ავტომობილების რაოდენობის შესამცირებლად ბელგიის მუნიციპალიტეტმა თანამშრომლებს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე უფასო ბილეთები დაურიგა. შედეგად მიიღო ის, რომ ერთმა ავტობუსმა დაახლოებით 100 მანქანა გააჩერა. ცხადია, რაღაც გადაწყვეტილებლამდე უნდა მივიდეთ. ამ მხრივ ავტომობილების ფლობის რაოდენოაბზე შეზღუდვა მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი კარგი ინიციატივაა, თუმცა არასაკმარისი იმისთვის, რომ ვითარება შეიცვალოს”, - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" მესხიშვილი.

საავტომობილო სფეროს ექსპერტის შალვა ბუაჩიძის განცხადებით, ავტომობილების რიცხვი საქართველოში კიდევ უფრო გაიზრდება. ის საუბრობს ქართველების მენტალიტეტზე, რომლის მიხედვითაც არავინ  სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, როცა ეზოში საკუთარი მსუბუქი ავტომობილი უყენია.

„მანქანების ჭარბი რაოდენობა სულაც არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა. ეს არის შედეგი იმისა, რომ დარგი არასწორი მიმართულებით ვითარდება. ავტომობილების უმეტესობა განკუთვნილია იმისათვის, რომ ადამიანებმა მცირე შემოსავალი მიიღონ.

საზოგადოებრივ ტრანსპორტს რაც უნდა პოპულარიზაცია გაეწიოს, ავტომობილებზე მოთხოვნას ვერ შეამცირებს. გარკვეულწილად მოაგვარებს მოძრაობის პრობლემას, როგორც ეს ევროპულ ქვეყნებშია, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში ამით შედეგის მიღწევა წარმოუდგენელია. ამიტომ საკანონმდებლო დონეზე შეზღუდვა აუცილებელია, ეს იქნება მანქანის რაოდენობა ოჯახებისთვის თუ ძრავის მიხედვით დაწესებული მოსაკრებელი, მიდგომა გასამკაცრებელია", - განაცხადა ბუაჩიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×