ეკონომიკური ზრდა შთამბეჭდავია, თუმცა ხალხის ჯიბეს მაინც არაფერი ეტყობა
თამარ მუკბანიანი
31.01.2020

2019 წელს ეკონომიკა 5.2%-ით გაიზარდა. რთული და კრიზისებით სავსე წლის ფონზე, მაჩვენებელი საკმაოდ პოზიტიურია, თუმცა სამშენებლო სექტორში მნიშვნელოვანი კლების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებისა და ლარის გაუფასურების ფონზე, რა სექტორების ხარჯზე იზრდება ეკონომიკა, საინტერესო სწორედ ეს არის. 

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს 2019 წლის დეკემბრის ეკონომიკური ზრდის სტატისტიკა გამოაქვეყნა. დეკემბერში საქართველოს ეკონომიკური ზრდა 3.8% იყო, 2019 წლის 12 თვის ჯამური ზრდა კი - 5.2%. წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მესამე კვარტალში აღინიშნა  და 5.8% შეადგინა, ყველაზე დაბალი 4.6%-იანი ზრდა კი, წლის მეორე კვარტალში დაფიქსირდა. 

"2019 წლის დეკემბერში, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი, სასტუმროები და რესტორნები. კლება დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში," - ნათქვამია "საქსტატის" განცხადებაში. 

2019 წელი, განსაკუთრებით კი მისი მეორე ნახევარი მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისების ფონზე მიდიოდა. მკვეთრად შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ტურისტულ სეზონსაც ხელი ბევრმა ფაქტორმა შეუშალა. ეს ჯერ 20 ივნისის შედეგ განვითარებულ მოვლენებსა და რუსეთის ავიაემბარგოს, შემდეგ კი უთოვლო ზამთარს დაბრალდა. ამ ყველაფერმა ლარი იმდენად გააუფასურა, რომ ეროვნულმა ვალუტამ ყველა ანტირეკორდი მოხსნა. ამიტომ ახლა მთავარი კითხვა ისაა, როგორ და რა სექტორების მეშვეობით მოხერხდა თუნდაც 5.2%-ის მიღწევა. 

სტატისტიკოსი, სოსო არჩვაძე ,,რეზონანსთან” 2019 წლის ჩავარდნებზე კრიზისებზე და ეკონომიკის ძლიერ მხარეებზე საუბრობს. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის ტემპი არაერთი, არამედ რამდენიმე სექტორის ხარჯზეა 5.2%.

"ნამდვილად ძალიან რთული წელი იყო. შეიძლება თამამად ითქვას, რომ წლის პირველ ნახევარში, კატასტროფული კრიზისი იყო მშენებლობის დარგში,რაც შემდეგ სახელმწიფოს პირდაპირი ჩარევით და ინვესტირებბით შემსუბუქდა. ასევე მთელი წლის მანძილზე იკლებდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაც უდავოდ დიდი დანაკლისია ეკონომიკისათვის. 

რაც შეეხება ტურიზმს, აქ ვარდნა არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ 20 ივნისის შემდგომ განვითარებულ ამბებს, პირდაპირი ემბარგო მოჰყვა რუსეთიდან. მოგეხსენებათ, ზამთრის დასაწყისისიც უთოვლო იყო. მიუხედავად ამ ფაქტორებისა, მაგალითად, დეკემბერში  საქართველოში 667,612 საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.4%-ია, რაც აბსოლუტურ განზომილებაში დაახლოებით 11 მლნ აშშ დოლარია. ეს მოწმობს იმას, რომ ეს დარგი ჩვენთან ძალიან მდგრადია კრიზისების მიმართ. 

ასევე ზრდა დაფიქირდა როგორ მომსახურების, ასევე რეალურ სექტორშიც. აღნიშნული მაჩვენებელი მით უფრო თვალსაჩინოა, რომ მას ადგილი ჰქონდა გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელების პარალელურად (საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გლობალური ეკონომიკის ზრდის თავისივე საპროგნოზო მაჩვენებელი 2019 წლისთვის შეამცირა 0.3 პუნქტით – 3.3%-დან 3.0%-მდე), საგარეო გამოწვევებისა და შიდა პოლიტიკური ვითარების გამო. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სიმყარეს ნეგატიური მოვლენების, გამოწვევებისა და გარემოებებისადმი”, - განუცხადა "რეზონანსს“ არჩვაძემ. 

წლის პირველ ნახევარში, ეკონომიკური ზრდის ტემპთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარისას, პროფესორმა ლადო პაპავამ იკითხა: "თუკი გვაქვს ეკონომიკური ზრდა, რომელიც რეგიონში გამორჩეული და მაღალია, სად გარბის მოსახლეობა?"  ეკონომისტები კარგა ხანია დავობენ იმაზე, რომ ეკონომიკური განვითარების გაზომვა მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით, რაც ოფიციალურად მიღებულია, არ არის ადეკვატური. მარტო ის, რომ ეკონომიკა იზრდება, ბევრს არაფერს ნიშნავს.

ეკონომიკური ზრდის ტემპი და მისი დათვლის მეთოდიკა არ აეჭვებს კიდევ ერთ სპეციალისტს ემზარ ჯგერენაიას, მაგრამ იქვე დასძენს, რომ ამას  მოსახლეობა კიდევ დიდხანს ვერ იგრძნობს. 

"ქვეყნის ეკონომიკა და მოსახლეობა დღეს სხვადასხვა გზით მიდიან. ამიტომაა, რომ მშპ-ს ზრდა სოციალური ფონის გაუმჯობესებას ვერ განაპირობებს, ხალხის შემოსავალზე ასე სწრაფად არ აისახება. ეკონომიკური ზრდის სიკეთე შეიძლება იგრძნონ რამდენიმე წლის შემდეგ, 

ფისკალურმა პოლიტიკამ ასე თუ ისე შედეგი მოგვცა. ახლა მთავარი პრობლემაა, ეროვნულმა ბანკმა გააჩეროს ინფლაცია და ამ შემთხვევაში, მოსახლეობა ეკონომიკურ კეთილდღეობას თუ ვერ იგრძნობს, ამოისუნთქებს მაინც", - განუცხადა "რეზონანსს" ჯგერენაიამ. 

შეგახსენებთ, 4.5-5% - ეს ის საპროგნოზო მაჩვენებლებია, რომელსაც ეროვნული ბანკი და უცხოური ორგანიზაციები, საქართველოში 2020 წელს ეკონომიკური ზრდისათვის პროგნოზირებენ. მშპ-ს პროგნოზით საქართველოს სომხეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი უსწრებენ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×