ნავთობის მკვეთრი გაიაფება კიდევ გაგრძელდება
რეზონანსი
03.02.2020

 საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის შემცირება გრძელდება. პროცესი კორონავირუსის შესაძლო გავრცელებას უკავშირდება. 2020 წლის იანვრიდან დღემდე ნავთობის ფასი ლონდონის სანავთობო ბირჟაზე შემცირდა თითქმის 15%-ით, რომელიც ამ პერიოდისათვის ნავთობის ფასის ყველაზე დიდი ვარდნაა. 

ახალი ვირუსის გავრცელებამ ჩინეთის ეკონომიკაში სერიოზული პრობლემა შექმნა. მკვეთრადაა შემცირებული ჩინეთში ავიამიმოსვლა, მათ შორის ტურიზმის კლებაა 25%-ით და სამომავლოდ ნავთობის ფასების ტრენდი პირდაპირ იქნება დამოკიდებული კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებთან.

,,ნავთობის ფასების შემცირება, ძირითადად, უკავშირდება ახალი კორონავირუსის შესაძლო საფრთხეს, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ჩინეთის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ვარდნა, რაც გამოიწვევს ნავთობზე მოთხოვნის კლებას. მიმდინარე ეტაპზე ჩინეთში ფიქსირდება 20%-იანი შემცირება ნავთობის მოხმარებაზე, ეს კი არის 3 მილიონი ბარელი დღეში. 

ჩინეთი გახლავთ მსოფლიოში ნავთობის ერთ-ერთი უდიდესი მომხმარებელი. დიდი ალბათობით, ფასების კელბა გაგრძელდება, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების საშიშროების წინაშეა მსოფლიოს უამრავი ქვეყანა. ამან უარყოფითი შედეგი მიუტანა როგორც ჩინეთის ეკონომიკას, ასევე მსოფლიო ეკონომიკას, პირდაპირ თუ ირიბად ეს გავლენა ყველგან იგრძნობა. დაზარალდა ტურიზმის ინდუსტრია, სავაჭრო ურთიერთობები და სხვა. 

ავიარეისები შეწყვეტილია, იშვიათი გამონაკლისის გარდა ფრენა ჩინეთის მიმართულებით თითქმის ყველამ გააუქმა. ჩინეთი არის მსოფლიოს ერთ-ერთი მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რაც იმავდროულად მსოფლიო ეკონომიკის მდგრადობას განაპირობებს“, - განაცხადა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა.

თავის მხრივ, „ოპეკი პლუსი" აღნიშნული ვითარებით შეშფოთებულია და გეგმავს შეხვედრას მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში, ნაცვლად დაანონსებული მარტის შუა რიცხვებისა. ისინი განიხილავენ ნავთობის კვოტების შემცირებას 500 მილიონი ბარელით დღე-ღამეში, რათა ბაზარზე სტაბილურობა შენარჩუნდეს.

მიმდინარე ეტაპზე გლობალურ ბაზრებზე  ნავთობის ფასზე გავლენას ახდენს სხვადასხვა მომენტი, თუმცა მათ შორის არის რიგი ფუნდამენტური ფაქტორებისა, რომლებიც ალბათ მთელი წლის განმავლობაში იქნება ნავთობის ფასის განმსაზღვრელი. როგორც ვანო მთვრალაშვილი განმარტავს, ასეთია ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ირანის გარშემო შექმნილი უმძიმესი ვითარება, რომელიც მიმდინარე ეტაპზე გადაურჩა საომარ ესკალაციებს, თუმცა მის წინააღმდეგ წესდება საკმაოდ მნიშვნელოვანი სანქციები, რომელთა შორის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი არის ემბარგო ნავთობის ექსპორტზე. 

ასევე რთული ვითარებაა შექმნილი ისეთ მსხვილ ნავთობმწარმოებელ ქვეყანაში, როგორიცაა ლიბია, სადაც უკვე ფიქსირდება ნავთობის მოპოვების შემცირება. უნდა აღინიშნოს ერაყში დაძაბულობაც, სადაც ვითარება შიდა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა. ზოგადად არასტაბილური სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში პრობლემებს უქმნის მსოფლიოს უდიდეს ნავთობმწარმოებელ ქვეყანას - საუდის არაბეთსაც.

ნავთობის ფასზე მოქმედი ერთ-ერთი ფაქტორია ასევე „ოპეკი პლუსის~ შეთანხმება ყოველდღიური ნავთობის მოპოვების შემცირების საკითხთან დაკავშირებით. გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესია აშშ-ში ნავთობის მოპოვებისა და წარმოების დონეც.

როგორც ვანო მთვრალაშვილი აღნიშნავს, ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შეფასებული ის გავლენა, რაც კორონავირუსის გავრცელების გამო ჩინეთმა და ასევე სხვა ქვეყნებმაც იწვნიეს.  

,,უახლოეს პერიოდში უფრო მკაფიო სურათი იქნება. საწვავის მოხმარების ასეთი ვარდნა არ ყოფილა ათეული წლების განმავლობაში და ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა. საგანგაშო მდგომარეობაა და ეს კიდევ არ არის ფსკერი, ველდოებით, რომ სტატისტიკა ისევ შეიცვლება, სავარაუდოდ, კლების მიმართულებით, რაც ეკონომიკაში დიდ დანაკარგს გამოიწვევს. ყველაზე იდეალური ვარიანტი იქნება, რომ ჩვეულ რეჟმში დაბრუნდეს სიტუაცია, მაგრამ აქამდე ჯერ კიდევ შორი გზაა. მიმდინარე მოვლენები ოპტიმისტური გადაწყვეტილების საბაბს ჯერჯერობით არ იძლევა“, - განაცხადა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება გლობალური პროცესების გავლენას საქართველოს ბაზარზე, მთვრალაშვილის ინფორმაციით, დინამიკაში ტრენდი, ალბათ, ამ სცენარით განვითარდება და ფასები უფრო დაბლა წამოვა. 

,,ვირუსი ადამიანების ჯანმრთელებოას და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, მაგრამ უდიდეს ნეგატიურ შედეგს ახდენს ეკონომიკაზეც, ამ მხრივ ვითარება უმძიმესია. ველოდებით, რომ საწვავის მოხმარება და ფასიც შემცირდება. პირველი ფაქტორი პირდაპირ კავშირშია ტურიზმის ინდუსტრიასთან, რადგან ჩინეთთან ფრენის აკრძალვის გამო ნავთობპროდუქტების მოხმარება იკლებს. შესაბამისად, ჩინეთიდან ტურისტების ნაკადი  შემცირდება. 

ადგილობრივ ბაზარზე ბოლო პერიოდში ნავთობპროდუქტების ფასი  შემცირებულია. ცხადია, მომხმარებლისთვის ყოველთვის კარგია, როცა ფასი იკლებს, მაგრამ ეკონომიკაში ჩნდება პრობლემური საკითხები, რაც საბოლოო ჯამში, ყველა სეგმენტს მოიცავს და ზარალს იწვევს“, - აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.

ბოლო 2 კვირის განმავლობაში ნავთობი განუწყვეტლივ იაფდება გაიაფების უცვლელ ტრენდ ინარჩუნებდა, რასაც სპეციალისტები კორონავირუსს უკავშირებდნენ. 2020 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ ,,ოპეკი“ სხდომის გამართვას გეგმავდა, სადაც ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია ნავთობის ფასზე კორონავირუსის გავლენის საკითხის განხილვას გეგმავდა.

კორონავირუსი ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ის გამოწვეულია აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ქვეყნის გარეთაც. ვირუსი, რომელიც ჩინეთის ქალაქ უჰანში აღმოაჩინეს, კორონავირუსების დიდ ოჯახს მიეკუთვნება და მწვავე რესპირატორულ სინდრომებს იწვევს. პეკინში დაკეტილია ჩინეთის დიდი კედლის ნაწილი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, ფატალურმა ვირუსმა ქვეყანაში 361 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 17 200-ს აღემატება. 2300-მდე პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, 475 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაწერეს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×