"არც თებერვალში უნდა შელოდოთ შემცირებას და ისევ 6,5%-ის ფარგლებში იქნება"
თამარ მუკბანიანი
03.02.2020

 2020 წლის იანვრის მონაცემი შემაშფოთებელია - 6.4%. ეს თითქმის სამჯერ მეტია, ვიდრე შარშანდელი ანალოგიური პრეოდის მაჩვენებელი. საერთოდ 2-2019 წელი ფასების ზრდის თვალსაზრისით კატასტროფული იყო, არადა იგი გაცილებით მსუბუქად დაიწყო, ვიდრე 2020 წელი. შარშან იანვარში ინფლაციის დონე 2.2% გახლდათ, მიუხედავად იმისა, რომ მკვეთრად გაიზარდა თამბაქოს და საწვავის ფასი. წელს თითქოს ყველაფერი კალაპოტში ჩადგა და ამ დროს ინფლაცია ისევ სარეკორდო ნიშნულზეა.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ინფლაციის განახლებული მაჩვენებელი გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის იანვარში საქართველოში ფასების საერთო დონე 6.4%-ით გაიზარდა. იანვარში ასეთი მაღალი ინფლაცია ბოლო რამდენიმე წელია არ ყოფილა. მონაცემი მკვეთრად მეტია 2019 წლის იანვართან შედარებით, როცა ინფლაციის დონე 2.2% იყო. არადა, შარშან ფასები სწორედ იანვარ-თებერვალში მკვეთრად გაიზარდა მთელ რიგ პროდუქტებზე, ხოლო წლის განმავლობაში თვალშისაცემად გაძვირდა რძე, ყველი და კვერცხი 15%-ით, ხორცი და ხორცის პროდუქტები - 14.2%-ით, პური და პურპროდუქტები კი - 5.1%-ით გაძვირდა

სტატისტიკოსი გივი მომცელიძე  ინფლაციის კლებას გაზაფხულამდე არ ელოდება, ხოლო მიძნობრივ მაჩვენებელს, მისი აზრით, მხოლოდ წლის მეორე ნახევარში მიაღწევს, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება არ მიიღებს კონკრეტულ სასაქონლო ჯგუფებზე გადასახადის მატების გადაწყვეტილებას, ან არჩევნებისათვის არ მოხდება დიდი ოდენობით თანხის ხარჯვა, 

"დეკემბრის ჩათვლით ინფლაცია 7%-მდე ავიდა, ამიტომ კლების ტენდენცია, რა თქმა უნდა, ვერ იქნება იმ მასშტაბის, რომ მალევე მიუხლოვდეს, შარშანდელ იანვრის მონაცემს. ჩემი ვარაუდით, ნელ-ნელა წამოვა ქვემოთ და მიზნობრივ მაჩვენებელს, სადღაც წლის მეორე მეორე ნახევრიდან დაუახლოვდება. ახლანდელი მცირე კლება, სავარაუდოდ, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მკაცრი პოლიტიკის შედეგია, რომელიც ნელ-ნელა ახდენს გავლენას. 

თუ დავაკვირდებით, შარშანდელ ტრენდს, უნდა ვივარაუოდთ, რომ წელს იქნება საპირისპირო. მაგალითად, თებერვალში, არ უნდა ველოდოთ უფრო შემცირებას, სადღაც იქნება ისევ 6.5%-ის ფარგლებში, ხოლო კლება მარტიდან დაიწყება. შარშან კი სწორედ მარტიდან დაიწყო ფასების ინდექსმა ზრდა. 

ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რამე განსაკუთრებული ფორსმაჟორი არ შეიქმნა ქვეყანაში ან მთავრობამ არ გადაწყვიტა დიდი ფულის დახარჯვა წლის მეორე ნახევარში საარჩევნოდ. ასეთი ვითარება, რა თქმა უნდა, გააუარესებს მდგომარეობას. რეგულაციები ან ფულის გადამეტებული ხარჯვა, ამ ორს ფაქტორს უნდა ერიდოს ხელისუფლება, თუ მიზნობრივ მაჩვენებელთან მიახლოება სურს. 

ეკონომიკურად საშუალოზე მაღალი ზრდა იყო 2019-ში და ამას თუ შევინარჩუნებთ, შეიძლება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზეწოლა დააბალანსოს და ინფლაციას არ დაეტყოს. სინამდვილეში, მთავრობაზე მეტად კერძო სექტორის, ეკონომიკური წრეების და მოსახლეობის იმედი მაქვს. ჩვენ მოგვიწევს ზრუნვა ჩვენივე ეკონომიკაზე და იმედია, ამას თავს გავამრთმევთ”, - განუცხადა მომცელიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს”. 

მიმდინარე წელს არ არის დაანონსებული არც სიგარეტის აქციზის და არც ადვალური გადასახადის ზრდა, ნავთობის ფასსაც მსოფლიო ბაზრებზე კლების ტენდენცია აქვს, საწვავმა გაიაფება დაიწყო საქართველოში. მიუხედავად ამისა, ინფლაციის რეალურადი შემცირება ვერ გახდა შესაძლებელი. ეკონომისტი, სოსო სიმონიშვილი აღნიშნავს, რომ ამისათვის ხელისუფლება და ეროვნული ბანკი, შესაბამის ნაბიჯებსაც ფაქტობრივად არ დგამს. 

"მოსალოდნელიც იყო, რომ ინფლაცია ნაკლები არ იქნებოდა. პროდუქციის გაძვირება კიდევ უფრო მეტად "ურტყამს" მოსახლეობის ჯიბეს. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას და ეროვნულ ბანკს ამის შეჩერების ბერკეტი გააჩნია, მაგრამ არა მგონია, რომ მოთოკვას ცდილობდნენ და ამისთვის თავს იტკივებდნენ. ცენტრალურ ბანკს ამ პრობლემის მოგვარება მარტივად შეუძლია, თუმცა სამწუხაროდ, ნაბიჯებს არ დგამს.

მთავრობის დაპირებები პოპულისტურია, თითქოს ისინი ფასების ზრდას და ლარის კურსის ვარდნას შეაჩერებენ. სინამდვილეში ამ მიმართულებით არაფერს აკეთებენ. ერთადერთი სწორი გზა და გამოსავალი, იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკური ვითარება გამოსწორდეს, რეალური სექტორისკენ ფინანსური ნაკადების გაშვებაა. ამას კი არავინ აკეთებს“, - აღნიშნა სიმონიშვილმა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×