"როცა ადამიანი ღარიბია, ის ვერც იკვებება, ვერც ექიმთან მიდის და ჯანსაღი ცხოვრების წესს ვერ იცავს, ამიტომ არის სიკვდილიანობა მაღალი"
ირაკლი ლომიძე
03.02.2020

საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა დაეცა. საშუალო ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, ჩამორჩენა 7-9 წლის ფარგლებშია. ამის გამომწვევი მიზეზი, პირველ რიგში, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, არასრულფასოვანი კვება და ეკოლოგიური გარემოა, რაზეც სპეციალისტები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ. იმის მაგიერ, რომ ვითარება გამოსწორდეს, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა მუდმივად მძიმდება. სტრესულ და არაჯანსაღ გარემოში ცხოვრებით და არასწორი კვებით ადამიანები კვდებიან ადრე, რაც გაეროს მონაცემითაც დადასტურდა.

კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 73.7-ს შეადგენს. ამ მაჩვენებლით საქართველო ევროპის 46 ქვეყანას შორის 44-ე ადგილზე იმყოფება. მსგავსი შემოსავლების მქონე ქვეყნებთან შედარებით სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საქართველოში ოდნავ უფრო მაღალია.

როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე განმარტავს, ადამიანის დღეგრძელობის უმთავრესი განმაპირობებელი ფაქტორი არის მშპ ერთ სულ მოსახლეზე, აგრეთვე ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ხელმისაწვდომობა და ხარისხი, გარემოს დაბინძურების დონე და ა.შ. არჩვაძის შეფასებით, სხვადასხვა მიზეზს შორის დიდია ასევე გენეტიკის როლიც.

,,ქვეყანა რამდენადაც გამოირჩევა ეკონომიკური განვითარების დონით, მით უფრო მაღალია საშუალო სიცოცხლის ხანგძლივობა. მაგალითად, ნორვეგიაში ეს მაჩვენებელი 2-ჯერ მაღალია, ვიდრე, ვთქვათ, ცენტრალური აფრიკის ქვეყნებში, სადაც ეკონომიკური განვითარების დაბალი დონეა. აქ გადამწყვეტ როლს ასრულებს სრულფასოვანი კვება, ჯანდაცვის სისტემის განვითარება, სტრესი, სოციალური პრობლემა და სხვა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე პენსიონერების რაოდენობა ქვეყანაში, ამ მაჩვენებლის ზრდა ერის დაბერებას გულსიხმობს. ამიტომ დემოგრაფიული ვითარებისთვის გაცილებით უკეთესი იქნება, თუკი ახალგაზრდა და შუახნის ხალხი მეტი იცხოვრებს ქვეყანაში", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" არჩვაძემ.

სტატისტიკოსის თქმით, გარდა იმისა, რომ პენსიონერთა რაოდენობა ბევრია შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობასთან მიმართებით, ასევე აღემატება დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობასაც.

,,ჩვენ 90-იან წლებში მეტი პენსიონერი გვყავდა, თუმცა ახლა საქმე სხვა რამეს ეხება. ხდება მოსახლეობის დაბერება, მოზარდებისა და ახალგაზრდების წილის მკვეთრი შემცირება, შობადობის კლება და მოსახლეობის გადინება. აღსანიშნავია, რომ პენსიონერთა რაოდენობა მაღალია შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობასთან და მით უფრო, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობასთან მიმართებით. 

ჩვენ რომ გვყავდეს უფრო მეტი დაქირავებით დასაქმებული, მაშინ მათ მიერ ბიუჯეტში შეტანილი გადასახადები გაცილებით მეტი იქნებოდა. შესაბამისად, ტვირთი, რასაც სახელმწიფო იღებს ასაკოვანი ადამიანების შესანახად, ბიუჯეტისთვის არ დამძიმდებოდა", - აღნიშნა არჩვაძემ.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, სხვადასხვა ფაქტორების მნიშვნელობა შეიძლება იცვლებოდეს. მასშტაბურმა ბუნებრივმა ან სოციალურმა კატაკლიზმებმა შეიძლება სიკვდილიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზარდოს, მაგრამ ცხოვრების ნორმალური მიმდინარეობისას გადამწყვეტ როლს თამაშობს ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი, მათ შორის საცხოვრებელი პირობებისა და სამედიცინო მომსახურების დონე. არანაკლები მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ქცევას, მათი მხრიდან ჯანსაღი ცხოვრების წესების დაცვას და მავნე ჩვევებზე უარის თქმას.

იმ ფაქტორების როლი, რომელიც მთლიანობაში გავლენას ახდენს მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, დამოკიდებულია ასევე ისტორიულად ჩამოყალიბებულ სიკვდილიანობის ტიპზე. 

დაბალი მაჩვენებლის ქვეყნებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის გაზრდა წარმატებით შესაძლებელია მხოლოდ ბავშვებისა და ახლშობილების სიკვდილიანობის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯებით. თუ ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობა შედარებით მაღალია, მისი კიდევ უფრო მატება მომავალში მხოლოდ იმით შეიძლება, თუ უფროსი ასაკის ადამიანების სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდება. 

ასეთ სიტუაციაში, როგორც ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე განმარტავს, პირველი რიგის ამოცანებია პროფილაქტიკა, ასაკთან ერთად დაგროვილი ქრონიკული დაავდებებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და მკურნალობა. 

,,საშუალო ევროპული მაჩვენებელი რომ ავიღოთ, სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა 8-9 წელია, რაც ძალიან დიდი სხვაობაა. სიცოცხლის ხანგძლივობა ერთ-ერთი ინდიკატორია, რამდენად გამართული ჯანდაცვის სისტემაა ქვეყანაში, ამ მხრივ კი საქართველოში დიდი ჩამორჩენაა. მაღალ დონეზე განვითარებულ ქვეყნებზე არ ვსაუბრობ, საშუალო დონის ევროპულ ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით. ამ მხრივ სერიოზულ  გავლენას ახდენს ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და გამოყენება. უფრო მეტად რომ დავკონკრეტდეთ, დაავადებების პრევენცია და ადრეული დიაგნოსტიკა. 

ძალიან ბევრი ქრონიკული ავამყოფი გვყავს, მათ შორის, ონკოლოგიური პაციენტები, სამწუხაროდ, გაზრდილია ბავშვთა სიმსივნური დაავადებებიც. ეს ყველაფერი განაპირობებს, რომ საკმაოდ მაღალი იყოს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ახალგაზრდების ასაკშიც. შესაბამისად, რადგან გარემო პირობების ზემოქმედება ნეგატიურია, სიკვდილი დგება დაბალ ასაკობრივ ჯგუფში და გვიანი დიაგნოსტიკა ამ მხრივ საკმაოდ მძიმე გავლენას ახდენს. ამას ემატება სერვისების ფინანსური ხელმისაწვდომობაც. სისტემა გაუმართავია და ეს პირდაპირკავშირშია, რამდენს ცოცხლობს ადამიანი”, - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" ჩიხლაძემ და ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებულ პრობლემაზეც ისაუბრა:

,,მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპორტს რამდენად მისდევს მოსახლეობა. შესაძლოა, ცნობიერება არის, რომ სპორტული ცხოვრება კარგია, მაგრამ ბევრი ადამიანი ამას ფინანსური პრობლემის გამო ვერ ახერხებს. სპორტზე რომ არაფერი ვთქვათ, კვების რაციონიც არის შეზღუდული და ხალხს არ აქვს შესაძლებლობა, მასობრივად არიან გადასული არაჯანსაღ კვებაზე. კომპლექსური პრობლემაა, რომელსაც მთლიანად ჯანდაცვის სისტემის ნაკლოვანებისკენ მივყავართ. 

ქვეყანაში მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი, ხოლო როცა ადამიანი ღარიბია, ის ვერც იკვებება, ვერც ექიმთან მიდის და ჯანსაღი ცხოვრების წესს ვერ იცავს, ამიტომ არის სიკვდილიანობა მაღალი, რაც საბოლოოს საშუალო სიცოცხლის ხანგძლივობას ამცირებს”, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას. 

რაც შეეხება მაღალი საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობის ლიდერ ქვეყნებს, გაეროს მონაცემის მიხედვით ასეთია: ჰონგ-კონგი (84.8 წელი), იაპონია (84.6 წელი), მაკაო (84.2), შვეიცარია (83.8), სინგაპური (83.6).

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×