"ვერ ვხვდები, მხოლოდ ყუთის გამო 200-300 ლარით მეტი რატომ უნდა გადავიხადო?"
სანდრო მდივანი
03.02.2020

21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბიზნესი სწორედ პარფიუმერიის წარმოება და რეალიზაციაა, რომელმაც მსოფლიო მოიცვა. სხვადასხვა დიზაინერები ყოველწლიურად ახალ პარფიუმერულ პროდუქციას ქმნიან, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს და მსოფლიო ბაზარზე შემდეგ მათი დაპატენტება ხდება, რომ მოსახლეობის ყველა ფენის წარმომადგენელმა შეძლოს სურვილების დაკმაყოფილება. სწორედ ამ მიდგომამ შეუქმნა ბიზნესს სერიოზულ საფრთხე, როგორც მსოფლიოში ასევე საქართველოშიც.

21-ე საუკუნეში, სადაც ყველაფერი ხელმისაწვდომია და გამარტივდა პარფიუმერიის ბიზნესსშიც ხდება სხვადასხვა ხრიკების გამოყენება, რათა ე.წ. „შავი ბაზრებზე“ კონკრეტული პროდუქტი იყოს გაყიდვადი და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ქსელურ მაღაზიებს არაკონტროლირებად  ბაზრებზე არსებულმა პროდუქცია, რომელიც ორიგინალის ანალოგია საფრთხე შეუქმნა. მომხმარებელები არ მალავენ, რომ მათთვის გაცილებით მისაღებია პროდუქცია, რომელიც არალეგალურად იყიდება და ხშირ შემთხვევაში ძვირადღირებულის მსგავსიცაა.

თბილისელი მარიამ რუხაძე „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ქსელურ მაღაზიებს აღარ სტუმრობს და ხშირად მიმართავს ე.წ. "შავ ბაზარს".

„დიდი ხანია მივაგენი გამოსავალს და თითო სუნამოში საშუალოდ 400 ლარის გადახდა აღარ მიწევს. ყოველწლიურად ძვირდება პარფიუმერია და ძალიან რთულია ცდუნებას გაუძლო. კარგა ხანია სუნამოები ჩამოაქვთ დუბაიდან, პატენტებია, რომლებიც ორიგინალების ზუსტი ანალოგია და ვერ ვხვდები, მხოლოდ ყუთის გამო 200-300 ლარით მეტი რატომ უნდა დავხარჯო. 

ხშირად დავობენ, რომ ანალოგი არ არის კარგი, არ აქვს მდგრადი სუნი და ა.შ. მაგრამ ყველას შემიძლია ვუთხრა, რომ ხშირ შემთხვევაში ნამდვილად ძალიან კარგიცაა და ზოგჯერ უკეთესი ხარისხიც კია იმასთან შედარებით, რაც "ლუტეციაში", "ისი პარიში" და "ვულევუში" იყიდება. სოციალურ ქსელში უამრავი გადამყიდველია, რომლებიც იწერენ ამ სუნამოებს და მერე იაფად ყიდიან. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მაღაზიებს სერიოზულ კონკურენციაც უწევენ და მათი რეალიზაციის მაჩვენებელი 30%-ით მაინც იქნებათ შემცირებული მიუხედავად იმისა, რომ ამას ხმამაღლა არც ერთი ბიზნესი არ აღიარებს,“ - განაცხადა მარიამ რუხაძემ.

„ბიზნეს-რეზონანსმა“ სცადა ქსელურ პარფიუმერულ მაღაზიებთან დაკავშირება, თუმცა ისინი ჟურნალისტთან კონტაქტზე არ გამოსულან. ეს მათი მუშაობის სტილია და არც აპირებენ შეცვალონ რამე. ამ დროს ბოლო პერიოდში ბრენდულ მაღაზიებში ხშირად არის 30%-70%-იანი აქციები. მომხმარებელი ასეთ ნაბიჯებს სწორედ მძაფრ კონკურენციას აბრალებს და ამბობენ, რომ დიდ პარფიუმერულ მაღაზიებს კლიენტები შეამოაკლდა.

ამის ფონზე კი ის ადამინები, რომლებიც ამ ბიზნესს მართავენ ამბობენ, რომ საქმე საკმარისად მომგებიანია და მუდმივი მომხმარებლებიც სიმრავლესაც არ უჩივიან. გიორგი ქებურია ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც ვაგზალზე ე.წ. დეზერტირების ბაზართან აქვს პარფიუმერული მაღაზია, მისი თქმით დღეში დაახლოებით 1500 ლარის ვაჭრობა აქვს, რაც მისთვის საკმაოდ კარგია და აქედან ნახევარი მაინც არის მოგება.

„დუბაიდან ჩამომაქვს სუნამოების პატენტები და ტესტერები, ასევე ცნობილი ბრენდების კრემები. უკვე ჩემი კლიენტებიც მყავს. გოგონებს ერთბაშად 4-5 სუნამოც კი დაუბარებიათ. ჩემთან თუ ღირს 100 ლარი, ის "ლუტეციაში" ღირს 400-500. რა თქმა უნდა, უღირთ და მოსწონთ კიდეც ჩემი პროდუქცია, რადგან არ ვცდილობ უხარისხო საქონელზე ვიმუშაო და მომხმარებელს იმედი გავუცრუო. ვფიქრობ, ე.წ. ბრენდები თუ ბაზარზე არსებულ მდგომარებას არ გაუსწორებენ თვალს და ფასებს არ დაასტაბილურებენ, ბიზნესი ჩაუვარდებათ. ამ ქვეყანაში არავის აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სუნამოში 500 ლარი გადაიხადოს,“- განაცხადა „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას გიორგი ქებურიამ.

ე.წ. შავმა ბაზარმა ქსელურ მარკეტებს რომ მყიდველუნარიანობა შეუმცირა, ეს ფაქტია, თუმცა ამ ტიპის ბიზნესიც ქართულ ბაზარზე როდემდე "გაქაჩავს", ამაზეც წინასწარ პროგნოზებს არავინ აკეთებს.

ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული პარფიუმერული ბიზნესის წამოწყებას საქართველოში უკვე ბევრი ცდილობს, კერძო პირებმა უამრავი მაღაზია გახსნეს და მსხვილ კომპანიებს ჩაუდგნენ წილში.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×