როდის მოაღწევს ჩვენთან ნავთობპროდუქტების ფასის შემცირების ტალღა, ჯერ კიდევ უცნობია
თამარ მუკბანიანი
04.02.2020

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ბოლო ორ კვირაში 12 დოლარით დაეცა და ეს ტენდენცია კიდევ გაგრძელდება. მიუხედავად ამისა, შემცირება თითქმის არ ასახულა ქართულ ბაზარზე. მცირე ავტოგასამართ სადგურებზე მართალია უმნიშვნელო გაიაფება უკვე შეინიშნება, მაგრამ ეს არ შეხებიათ დიდ ქსელებს. მაშინ, როცა ეროვნული ვალუტა მყარდება და ნავთობის ფასიც ეცემა, ავტოგასამართ საგურებზე ფასი უცვლელი რჩება. 

"ბრენტის" ტიპის ერთი ბარელი ნავთობის ფასი ლონდონის ბირჟაზე 54 დოლარამდე დაეცა. ასეთი დაბალი ნიშნული ბოლოს 2019 წლის 3 იანვარს აღინიშნა. ნავთობის ღირებულების ვარდნას კორონავირუსის გავრცელება იწვევს. საქმიანი აქტივობისა და ტურიზმის შემცირების პირობებში, ჩინეთში ნავთობზე მოთხოვნა 20 პროცენტით შემცირდა.

ჩინეთი ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორი და ნავთობის სიდიდით მეორე მომხმარებელია, ამიტომ მოთხოვნის შემცირება ნავთობის ფასებს სავარაუდოდ კიდევ უფრო შეამცირებს. ნავთობპროდუქტების ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის წარმომადგენლები, ისევე როგორც რუსეთი, შეთანხმდნენ, რომ 4 და 5 თებერვალს ნავთობის ბაზრებზე არსებული ვითარების განსახილველად ვენაში შეხვდებიან.

ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი ,,რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის საფასო ფსკერი და კლება კვალავ გაგრძელდება.

,,უახლოეს პერიოდში უფრო მკაფიო სურათი იქნება. საწვავის მოხმარების ასეთი ვარდნა არ ყოფილა ათეული წლების განმავლობაში და ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა. საგანგაშო მდგომარეობაა და ეს კიდევ არ არის ფსკერი, ველოდებით, რომ სტატისტიკა ისევ შეიცვლება, სავარაუდოდ, კლების მიმართულებით, რაც ეკონომიკაში დიდ დანაკარგს გამოიწვევს. მიმდინარე მოვლენები ოპტიმისტური გადაწყვეტილების საბაბს ჯერჯერობით არ იძლევა.

ადგილობრივ ბაზარზე ბოლო პერიოდში ნავთობპროდუქტების ფასი  შემცირებულია. ცხადია, მომხმარებლისთვის ყოველთვის კარგია, როცა იაფდება, მაგრამ ეკონომიკაში ჩნდება პრობლემური მომენტები“, - აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.

საერთაშორისო ტენდენციას დიდ ქსელურ გასამართ სადგურებში ჯერჯერობით კვლავ არ მოუხდენია გავლენა, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობი უკვე ორ კვირაზე მეტია იაფდება. რაც შეეხება მცირე სადგურებს, იქ ფასი უკვე დაბლა მოდის.

ანალიტიკოსი, ბექა კემულარია ამბობს, რომ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, პირიქით უნდა მომხდარიყო და ფასები, პირველ რიგში, მსხვილ კომპანიებში შემცირებულიყო, თუმცა დღესდღეობით ვერავინ იტყვის, როდის მოისურვებს 5 დიდი კომპანია გააიაფოს პროდუქცია.  

,,წვრილმა ბენზინ გასამართ სადგურებმა 5-7 თეთრით უკვე შეამცირეს ფასი, მსხვილ ქსელებზე კი ჯერ არავითარი ასახვა არ ყოფილა. წესით და ყველა ლოგიკით, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, ეს პირიქით უნდა მომხდარიყო. 

წვრილი კომპანიები სულ რამდენიმე ავტოგასამართ სადგურს ფლობენ, ქსელურ კომპანიებს კი საკუთარი ბაზები და ძლიერი მენეჯმენტი აქვთ, რაც უნდა განაპირობებდეს მყისიერ რეაქციას. მცირე კომპანიებზე უფრო მტკივნეულად უნდა აისახებოდეს ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილება.  ჩვენთან პირიქითაა, რადგან.... ყველამ იცის რატომაც. ნაცვლად კონკურენციისა, ბრენდირებული სადგურები შეთანხმებულად ახდენენ საფასო ცვლილებებს”, - აღნიშნა ,,რეზონანსთან” კემულარიამ. 

ჯანსაღი კონკურენციის პირობებში რომ საერთაშორისო ტენდენცია უნდა ასახულიყო ქართულ ბაზარზე, ამას აფბა-ს ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარიც ადასტურებს. ვერც იგი აკეთებს პროგნოზს, როდის მოაღწევს გაიაფების ტალღა საქართველომდე, რადგან ეს არავითარ ეკონომიკურ ლოგიკას არ ექვემდებარება. 

,,გარდა იმისა, რომ ნავთობის ღირებულება მსოფლიო ბაზარზე ეცემა, ეროვნული ვალუტაც მყარდება და საფასო პოლიტიკისთვის ესეც მნიშვნელოვანი მდგენელია, მაგრამ ეს არ აისახება დიდი ქსელური ავტოგასამართი სადგურების პოლიტიკაზე. წესით, აქამდე უნდა დაწყებულიყო გაიაფება, ზუსტად ისე, როგორც ეს მცირე კომპანიების შემთხვევაში მოხდა, თუმცა ყველამ იცის, რატომ არ ექვემდებარება არავითარ ეკონომიკურ ლოგიკას ფასები ამ ხუთ კომპანიაში. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ პროგნოზირებაც შეუძლებელია, როდის შეიძლება დაიწყოს გაიაფება,  რადგან ეს არ არის დამოკიდებული ბაზრის რეალურ მდგომარეობაზე”, - განაცხადა ბაირახტარმა. 

,,რეზონანსი” ცდილობდა დიდი ქსელური კომპანიებისგან გაეგო, რატომ არ ასახულა ფასზე ამ მასშტაბის შემცირება, ან როდის დაიწყება გაიაფება, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×