ფინანსისტი: "სესხი არ არის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებელი თანხა, თუმცა მოსახლეობა სწორედ ამ კუთხით იყენებს"
სანდრო მდივანი
06.02.2020

მიუხედავად იმისა, რომ გასაცემ სესხებზე უამრავი რეგულაცია დაწესდა, საქართველოს მოსახლეობის 2/3 ვალით ცხოვრობს. ამას ადასტურებს კვლევაც. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისია და მეორე მხრივ, ის ფინანსური შეზღუდვები, რომელიც წესით უნდა მუშოაბდეს, მაგრამ რეალურად ეფექტს არ იძლევა. ფინანსისტები ამბობენ, რომ საქართველოში მძიმე ეკონომიკური ფონია, რის გამოც ადამიანების დიდი ნაწილი თავს სწორედ ვალით ირჩენს, ეს იქნება ფიზიკური პირისგან ნასესხები თანხა, თუ ბანკისგან აღებული ფინანსური ვალდებულება.

საქართველოში 1.8 მლნ ადამიანს აქვს აღებული 19 მლრდ ლარის სესხი, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის 66% ვალით ცხოვრობს, ხოლო საშუალოდ ერთი ადამიანის სესხი 10 ათასი ლარია. ამ ინფორმაციას, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოთხოვილ დოკუმენტზე დაყრდნობით, „თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდის“ ავრცელებს.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ანა გოგოლაძე აცხადებს, რომ სესხის მაღალი მაჩვენებელი არაფერზე მიუთითებს, მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაში სესხის მიზნობრიობაა. სრულწლოვანი მოსახლეობის 66%-ს სამომხმარებლო სესხი აქვს აღებული, რომელიც ძირითადად, მოხმარებას ხმარდება და არა წარმოებას.

„მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაში სესხის მიზნობრიობაა, საქართველოში 2 მლნ 700 ათასი ადამიანია სრულწლოვანი, რომლიდანაც 66%-ს სამომხმარებლო სესხი აქვს აღებული, იგი სამომხმარებლო ტიპისაა და არ ხმარდება წარმოებას. ჩვენ გვედავებიან ხოლმე, რომ სესხი კარგია, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეკონომიკური დოვლათის შექმნისკენ არის მიმართული. 

უნდა ითქვას ისიც, რომ 760 ათასი პენსიონერი გვყავს და აქედან ყოველ მეორეს თუ არა, ყოველ მესამეს აღებული აქვს საპენსიო სესხი, რომელიც ხმარდება ძირითადად წამლებს, საკვებს და ა.შ. გარდა ამისა, ყოველ მეოთხე მსესხებელს აქვს ვადაგადაცილება და ვერ ახერხებს სესხის დაფარვას და ისიც ცუდია, თუ როგორ იზრდება ბანკებისთვის ვადაგადაცილებულ სესხებზე ჯარიმებიდან და საურავებიდან მიღებული შემოსავლები. 2017 წელს ეს მაჩვენებელი 77 მლნ. იყო, 2019 წელს კი 85 მლნ. შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს სესხის გადახდა უფრო და უფრო უჭირს. 2018 წელს უფრო მეტი ადამიანი იყო ვისაც ვადაგადაცილება ჰქონდა, ვიდრე 2019 წელს, მაგრამ ამას ის ახსნა აქვს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა კი არ გაუმჯობესდა, არამედ სესხების განულების პროგრამამ ჩამოწერა“, - განუცხადა "კომერსანტს" ანა გოგოლაძემ.

სოციალური მდგომარეობის დღითი დღე გაუარესებამ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ვალთან ერთად ცხოვრება და ამასთან შეგუება ასწავლა, მას მერე რაც ბანკებმა ახალი რეგულაციები დააწესეს საზოგადოების დიდი ნაწილი კერძო მევახშეებისგან იღებს თანხას, რომელსაც ძალიან დიდი პროცენტი აქვს და საბოლოო, ჯამში ადამიანები ისეთ თანხებს ეჭიდებიან,  რისი გადახდის უნარიც მათ შემდგომ არ აქვთ.

საბანკო სფეროს სპეციალისტი მიხეილ თოქმაზიშვილი, აცხადებს, რომ რეგულაციებმა მინიმალური შედეგი გამოიღო და ეს იყო იმ ადამიანებისთვის გათვლილი, რომლებიც ვალს ვალს ამატებდნენ, შემდეგ კი ამ ფინანსური პასუხისმგებლობით ცხოვრება ძალიან უჭირდათ.

„სესხები, რომელსაც იღებს მოსახლეობა ეს არ არის მიმართული იმისკენ, რომ ცხოვრების პირობები გაიუმჯობესონ. უმეტესად სამომახმარებლო კრედიტებს აკეთებენ. სესხი არ არის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებელი თანხა, თუმცა მოსახლეობა სწორედ ამ კუთხით იყენებს. ამ დროს მას სულ სხვა დანიშნულება აქვს. იგი უნდა მივმართოთ ბიზნესისკენ  და საკუთარი საქმის განვითარებისთვის გამოვიყენოთ. 

ხალხი კი სულ სხვა მიზნებით იღებს კრედიტს და მერე ვალს ამატებენ ვალს. ბოლოს კი ხვდებიან, რომ ამხელა ფინანსურ ვალდებულებას ვერ უმკლავდებიან, მაგრამ უკვე გვიანაა. რთულია ამ სოციალურ პირობებში ცხოვრება და ამ ყველაფრის გაძლება, თუმცა ასე ცხოვრება შეცდომაა.

ახალი რეგულაციები კი ამ ადამიანებისთვის შეზღუდვების დაწესებას გულისხმობდა, რამაც ჯერჯერობით მცირედი შედეგი მოიტანა,“- განუცხადა "რეზონანსს" მიხეილ თოქმაზიშვილმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
კვირიკე   (07.02.2020)
და რა გააკეთა დდმა მეცენატმა, ბიძინა თაყაიშვილ-ჭორვილაძემ ამ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად? პირიქთ, უიმედობის დათესვა დაიწყო და ამ მდგომარეობის რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ გამოყენება სცადა. ბიძინა! ქართველი კაცი არ გაპატიებს მის გაბეჩავებას, შენნაირები მოგვინელებია ბაბა?!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×