"თუ ასე გაგრძელდა, მაღაზიაში სერიოზული ფინანსური კრიზისი დაიწყება"
სანდრო მდივანი
10.02.2020

ჩინური კორონავირუსის გავლენა უკვე ქართულმა ეკონომიკამაც იგრძნო. იქიდან გამომდინარე, რომ ქართული ბაზრის დიდი წილი ჩინურ პროდუქტს უკავია, პრობლემებმა ნელ-ნელა თავი იჩინა. განსაკუთრებით დიდი თავსატეხი გაუჩნდათ იმ ადამიანებს, ვისაც უშუალოდ აქვს ბიზნესთან შეხება და ჩინეთიდან ჩამოაქვთ სხვადასხვა სახის პროდუქცია. მათთვის უზარმაზარი ბაზრის კარი თანდათან იხურება.ეკონომისტები დაუფარავად აცხადებენ, რომ ჩინეთის ეკონომიკა დიდი დარტყის ქვეშაა, რადგან წარმოებისა და მომსახურების ობიექტების საკმაოდ დიდი ნაწილი დახურულია.

ახალი კორონავირუსის თავიდან არიდების მიზნით, ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა დროებით შეაჩერა საქართველომაც. ასევე, აიკრძალა ჩინეთიდან საქართველოში ცოცხალი ცხოველების, კერძოდ, დეკორატიული კუებისა და თევზების იმპორტი. შეიძლება მალე დღის წესრიგში დადგეს ჩინური საკვები პროდუქტების შემოტანის შეზღუდვაც.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, რომელთანაც ტვირთბრუნვა თითქმის მილიარდ დოლარს უტოლდება. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობებზე დაწესებულ შეზღუდვებს, სავარაუდოდ, გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე.

ეპიდემიების დროს, ერთ-ერთი სფერო, რომელიც ყველაზე მეტად ზიანდება მომსახურებაა - ტრანსპორტი, მგზავრების გადაზიდვა, რაც პირდაპირ უკავშირდება ტურისტულ ინდუსტრიას. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოში ჩინელი დამსვენებლების რიცხვი საკმაოდ მცირეა. ოფიციალური მონაცემებით, 2019 წელს საქართველოს 50 ათასამდე ჩინელი ტურისტი ეწვია, 2018 წელს კი - 32 000-მდე.

საქართველოსა და ჩინეთს შორის ავიამიმოსვლის აკრძალვა ხელს უშლის ზაზა პართემიშვილს, რომელსაც დაახლოებით 7 წელია ჩინეთიდან ბავშვის სათამაშოები ჩამოაქვს და საქართველოში ყიდის. ის ყოველწლიურად, საშუალოდ, სამჯერ ჩადის ჩინეთში, ხოლო 4-5 კონტეინერი საქართველოში ეტაპობრივად ჩამოდის და თითოეულის თვითღირებულება დაახლოებით 25-35 ათას დოლარამდეა.

ახალი წლის დღეებში გაძლიერებული ვაჭრობის გამო პროდუქცია თითქმის სრულად გაიყიდა. ამიტომ, ბიზნესმენი იანვარში საქმიანი ვიზიტით ჩინეთში უნდა წასულიყო, მაგრამ ფრენის აკრძალვის გამო, წასვლას და საქონლის მომარაგებას ვეღარ ახერხებს.

პრობლემები აქვს სხვა მეწარმეებსაც. ლუიზა მენაბდე უკვე ხუთი წელია ახმეტელის ბაზრობაზე ჩინურ სათამაშოებს და ტანსაცმელს ყიდის. მისი მტკიცებით, კორონოვირუსისგამო ტვირთბრუნვა შეჩერდა და პრობლემები შეექმნა მის ობიექტსაც, რომელიც ფაქტობრივად დაცარიელდა.

„ხუთი წელია ვვაჭრობ, ჩინეთიდან ჩამომაქვს სათამაშოები ტანსაცმელი და ჩანთები. ბოლო პარტია ვერც ჩამოვიტანე და ვარ დარჩენილი ცარიელი დახლების ამარა. სერიოზული ფინანსური კრიზისი მაქვს, არ გამაჩნია საბრუნავი თანხა და თუ დიდხანს გაგრძელდება არსებული მდგომარეობა არც კი ვიცი გამოსავლის გზა სად ვეძებო. ჩემსავით ძალიან ბევრი ადამიანია და არავინ არ იცის რა უნდა ქნას და რა ხერხს მიმართოს,“- განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ლუიზა მენაბდემ.

თბილისსში უამრავი დიდი სავაჭრო ქსელია, რომელიც ძირითადად ჩინეთიდან მარაგდება ერთ-ერთი მსხვილი მაღაზიის ქსელის კონსულტანტმა, რომელმაც ჩვენთან საუბრისას ვინაობის გამხელა არ ისურვა, აღნიშნა, რომ მაღაზიას, სადაც ის მუშაობს სერიოზული პრობლემები წარმოექმნა სწორედ იმის გამო, რომ ჩინეთიდან ტანსაცმლის ფუთები არ შემოუვიდათ.

„ვერც სახელს და გვარს ვასახელებ და სამწუხაროდ, ვერც იმ მაღაზიის სახელწოდებას ვიტყვი, სადაც ვმუშაობ, მაგრამ ფაქტს ვადასტურებ. იანვრის შუა რიცხვებიდან გაგვიჭირდა და არ გვაქვს ახალი კოლექცია. მყიდველი ბევრია და როგორც წესი, ისინი ახალ კოლექციას კითხულობენ, ჩვენ კი ვერაფერს ვთავაზობთ. 

მაღაზიის მეპატრონეები ცდილობენ ჩინელ პარტნიორებთან მოლაპარაკებას, თუმცა ჯერჯერობით ახალ ტანსაცმელს არ ველით, რადგან მოწოდების პრობლემა გვიდგას. თუ ასე გაგრძელდა, მაღაზიაში სერიოზული ფინანსური კრიზისი დაიწყება“, - განაცხადა ერთ-ერთმა კონსულტანტმა „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.

როგორც ეკონომისტები ვარაუდობენ, წელს კორონავირუსის გამო ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობა შემცირდება. შესაბამისად, ბიზნესი პრობლემებს ვერ ასცდება.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×