ზოგ მონაკვეთს 4-ჯერაც კი აქვს ექსპლუატაციის ვადა გასული და ასეთ პირობებში დრო და დრო აფეთქებები, რა თქმა უნდა, იქნება
თამარ მუკბანიანი
10.02.2020

გაზის სისტემების გაუმართაობის გამო აფეთქების, დაღუპული და დაშავებული ადამიანების შესახებ ინფორმაცია ზამთრის სეზონზე ძალიან ხშირად ვრცელდება, თუმცა დაპირების გარდა, ავარიულ მდგომარეობაში მყოფი კომუნიკაციების მოწესრიგებაზე, რეალურად არავინ ზრუნავს. თბილისში უკვე თითქმის ერთი წელია, ,,თბილისი ენერჯი” ოპერირებს, თუმცა ამ მხრივ ისევ არაფერი შეცვლილა და დედაქალაქის მოსახლეობა კვლავ "ბომბზე ზის".

ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, მუდმივად აქტიურდება გაზის სისტემების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. სახლებსა თუ საწარმოებში ძალიან გახშირდა აფეთქება და სამწუხარო შედეგითაც სრულდება. მიუხედავად ამისა, არც ერთ შემთხვევაში პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, არადა მოკვლევა თითქმის ყველა საქმეზე დაიწყო. დამნაშავე როგორც წესი არც სახელმწიფო და არც კომპანია არ არიან და პასუხისმგებლობის საკითხი ყოველთვის რიგით თანამშრომლებამდე დადის. სამართლებრივად კი არ არსებობს გაზის აფეთქები საქმე, სადაც სახელმწიფომ ან გამანაწილებელმა იკისროს რამე სახის პასუხისმგებლობა. 

უკვე თითქმის ერთი წელია, თბილისის უდიდესი ნაწილის გამომარაგება ,,თბილისი ენერჯიმ” ,,ყაზტრანსგაზ-თბილისაგან" გადაიბარა, თუმცა ამ დრომდე არ დაწყებულა არავითარი მუშაობა ქსელების შესაცვლელად და როგორც ჩანს, ეს არც ახლო მომავალში იგეგმება.

,,ბიზნეს-რეზონანსი” დაინტერესდა, არის თუ არა საერთოდ ხელშეკრულებაში პუნქტი, სადაც ამ ვალდებულებას კომპანია იღებს ან თავად თუ გეგმავენ ამ უმნიშვნელოვანესი სამუშაოს გაწევას, თუმცა "თბილისი ენერჯიში" ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს. 

ენერგომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი კი "ბიზნეს-რეზონანსთან” ტექნიკურ დეტალებს განმარტავს, თუ როგორ, ვის მიერ და როგორი პროტოკოლით ხდება, გაზის ქსელების მოვლა. 

"გარე ქსელთან მიმართებაში ყოველწლიურად არსებობს საინვესტიციო გეგმა, რომლის ფარგლებშიც კომპანია ახორციელებს რეაბილიტაციას. სხვა შემთხვევაში ის არ ჩაიდება შედგომში ტარიფში და კომპანიის მოგებაც შემცირდება. საინვესტიოციო გეგმები ყოველ წელს თანხმება და წლის ბოლოს შესრულების ანგარიშიც მარეგულირებელს ბარდება. 

გარე ქსელთან დაკავშირებით პასუხისმგებელი გამანაწილებელია, ავარიები შიძლება მოხდეს დამოუკიდებელი მიზეზით, მაგრამ აღმოფხვრას, კომპანიას ახერხებს”, - განაცხადა ვარდიაშვილმა. 

2016-2019 წლებში თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეული აფეთქების და ინტოქსიკაციის შედეგად 101 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა, რადგან გამოძიება სრულფასოვნად არ მიმდინარეობს ასეთ საქმეებზე, უცნობია ისიც, რამდენი შემთხვევა მოხდა, გაზის ქსელების გაუმართავობის გამო. 

"ყაზტრანსგაზ-თბილისის" დირექტორის ყოფილი მოადგილე, ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი, იმ მდგომარეობას აფასებს, რაც თბილისის გაზგაყვანილობის მიწისქვეშა ქსელშია და ამბობს, რომ მილებს ექსპლუატაციის ვადა, მინიმუმ, 2-ჯერ აქვს გასული, ამიტომ შეცვლა აუცილებელია, თუმცა მისთვისაც უცნობია, დაეკისრა თუ არა ეს ვალდებულება ,,თბილისი  ენერჯის”, მას შემდეგ, რაც მან დედაქალაქის გაზგამანაწილებელი ქსელი გადმოიბარა. 

"ცნობილია, მხოლოდ ის, როცა კომპანიამ შემოდიოდა, თავად განაცხადა, რომ აპირებს მიწისქვეშა ქსელების რეაბილიტაციას და ნაწილობრივ შეცვლასაც. ხელშეკრულებაში ეს წერია თუ არა, არ ვიცით, რადგან იგი საჯაროც კი არ არის. 

რაც შეეხება თავად ქსელებს, არავისათვის არის საიდუმლო, რომ მეტად მძიმე მდგომარეობაშია, ის კი არადა, დრო და დრო რომ არ აფეთქდეს, შეუძლებელია. საექსპლუატაციო ვადა, მინიმუმ, ორჯერ აქვს გასული ყველა მონაკვეთს, ზოგ ტერიტორიას კი - 4-ჯერაც კი. მილების ექსპლუატაციის ვადა იმ შემთხვევაშიც კი, როცა მას აქვს სპეციალური, ელექტრო-ქიმიური დაცვა, არის, მაქსიმიმ, 30 წელი. დათვალეთ, რამდენჯერ 30 წელი გავიდა გასული საუკუნის 1960-იანი წლებიდან. მით უმეტეს, რომ ბოლო 40 წელი არავითარი ელექტროქიმიური და სხვა სახის დაცვა არ უტარდება ჩვენს ქსელს.

ენერგომომარაგების სახეობებს შორის ყველაზე საფრთხის შემცველი გაზმომარაგებაა და ამიტომაც უსაფრთხოების წესები არის უპირველესი. უცხოური სადისტრიბუციო კომპანიის წესდება რომ ნახოთ, გარკვევით წერია, რომ გაზის უსაფრთხო და უწყვეტი მიწოდებაა უმთავრესი მიზანი და სწორედ ამის შემდეგაა კომერცია და ფასები. ჩვენთან, პირიქით, პრიორიტეტია საფასო პოლიტიკა. 

უნდა ითქვას ისიც, რომ თავად აღდგენა უზარმაზარ თანხებთანაა დაკავშირებული. მხოლოდ მცირე ნაწილია შევლილი ამ დროის განმავლობაში. ეს არ არის დიდი ნაწილი, 25%-იც კი არ იქნება.  რეაბილიტაციას კი მრავალი გზა აქვს, მაგრამ ვისაც ეს საქმე ეხება (დღეს უკვე ეკონომიკის სამინისტროს, ასევე კომპნიას) ძალიან ხშირად იცვლებიან კადრები და რატომრაც მიანცდამაინც პროფესიონალებს ეხებათ ეს ცვლილება. ამიტომ ძალიან ცოტა დარჩნენ ისინი, ვისაც ჭკუა მოეკითხება და იცის რა ხდება ქსელში სინამდვილეში. რეაბილიტაციას მრავალი მეთოდი აქვს და არა მხოლოდ ერთი - ამოიღე ძველი მილი და ჩადე ახალი, ამას ცოდნა და კომპეტენცია სჭირდება. 

თავის დროზე, როცა იქ ვმუშაობდი, გვყავდა მოწვეული  ფინურ-შვედური კოპანია, რომელიც უახლესი და თანამედროვე მეთოდით გვთავაზობდა მიწის გაუთხრელად მილების რეაბილიტაციას. ეს იყო ჯერ კიდევ 10 წელზე მეტის წინ. ამით არც მაშინ და მით უმეტეს არც ახლა არავინ დაინტერესებულა“, -განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" სოსო სიმონიშვილმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×