მთელი ფული გადააბარეს ბანკებს და ისინი მხოლოდ მომსახურებას, ვაჭრობას და იმპორტს აფინანსებენ
ირაკლი ლომიძე
10.02.2020

ადგილობრივ წარმოების პრობლემა საქართველოში რეალურად ვერ გვარდება. დარგის განვითარებას სახელმწიფო პროგრამებიც ვერ შველის. ელემენტარულად, საბანკო სერვისებზე ხელმისაწვდომობაც გართულებულია და ამდენი ხნის განმავლობაში მთავრობამ მეწარმეებს ეს პრობლემა ვერ მოუგვარა. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის განმავლობაში ექსპორტი თვალსაჩინოდ გაიზარდა, სინამდვილეში სიტუაცია არც ამ მიმართულებით არის გამოსწორებული, ზრდა რეექსპორტის ხარჯზეა და წმინდა ექსპორტის მაჩვენებელი ისევ დაბალ დონეზე რჩება. 

თუკი ვინმე ქვეყანაში დიდი უპირატესობით სარგებლობს, მსხვილი ბიზნესია და მცირე მეწარმეებს უამრავი დაბრკოლება ხვდებათ. როგორც აღმოჩნდა, პრობლემას ,,აწარმოე საქართველოში"-ს ბენეფიციარებიც აწყდებიან, რადგან ბანკები სესხს არ აძლევენ. ცალკე საკითხია ბიუროკრატია, რაც მეწარმეებისთვის ასევე დიდი დაბრკოლებაა.

რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა, რომელიც ექსპორტიორების ხელშეწყობას და საერთაშორისო ბაზრებზე მათ მონაწილეობას მიეძღვნა. 

ქართული ტყავის აქსესუარების მწარმოებელი კომპანია „ჰუმანოიდის“ დამფუძნებელმა ნიკოლოზ ლუტიძემ სააგენტოს ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ აქვს საექსპორტო ბაზრების მოძიებისა და მათზე გასვლის პერსპექტივა, თუმცა სესხებზე ხელმისაწვდომობის სიძნელის გამო ის ამ პოტენციალს ვერ იყენებს. 

,,მე ვითხოვ, დამიდგეს სახელმწიფო გვერდში და დამეხმაროს წარმოების გაფართოებაში, იმისთვის, რომ ქართულ პროდუქტზე საზღვრებს მიღმა გაჩენილი მოთხოვნა დავაკმაყოფილო", - განაცხადა ლუტიძემ.

ახალგაზრდა მეწარმის საპასუხოდ,,აწარმოე საქართველოში"-ს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა, რომ საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში სესხების გაცემა ბანკებთან ახალ პირობებზე შეთანხმების შემდეგ დაიწყება. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბანკებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა პროგრამა გამარტივდეს.

„საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმთან დაკავშირებით ბანკებთან მოლაპარაკებების მეორე სერია მიმდინარეობს. ჩვენი სააგენტო და ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, რომ კიდევ უფრო გაამარტივოს პროცედურები, რათა ეს მექანიზმი ბანკებისა და კერძო სექტორისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს. ბიუჯეტიდან გამოყოფილია თანხა და ჩვენი პრიორიტეტია, რაც შეიძლება მალე დაიწყოს პროცესი“, - აღნიშნა ხადურელი.

თუმცა, ნიკოლოზ ლუტიძის განცხადებით, ასეთი დაპირება სააგენტოს ხელმძღვანელობისგან მან შარშანაც მიიღო, რასაც ამ დრომდე არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.

მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემა სპეციალისტებისთვის კარგად ნაცნობი თემაა. ფინანსისტი რამაზ გერლიანი სხვადასხვა პროექტებში მონაწილე ბენეფიციარების პრობლემას სახელმწიფოს მხრიდან არასწორი დამოკიდებულებით ხსნის. 

,,საკრედიტო ფულზე ხელმისაწვდომობის მთავარი პრობლემა აქვს ბევრ მეწარმეს - როგორც დამწყებებს, ასევე უკვე არსებულ ბიზნესების ნაწილსაც. მთავარი პრობლემაა ის, რომ ასეთ სუბიექტებს არ გააჩნიათ აქტივები. ამიტომ ვერ სესხულობენ ფულს, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მიმართულებებია. სააქციო საზოგადოების კულტურა ჩვენთან დაბალია. შესაბამისად, მსხვილი და საშუალო ფირმები ვერ იზიდავენ თანხებს. თუკი აქტივები თუ არ არის, ბიზნესი ვერ ვითარდება. დღეს ვინმეს იაფ ფინანსურ რესურსზე თუ არ მიუწვდება ხელი, ვერ გახდება კონკურენტუნარიანი. სახელმწიფოს ქოლგის ქვეში მყოფ კომპანიებსაც აქვთ პრობლემა. თუმცა, თუკი ვინმეს შეუძლია კაპიტალის მოზიდვა, ესეც მხოლოდ სახელმწიფოს ხელშეწყობით და თავდებით, სადაც იკვეთება მიკერძოებაც. 

როდესაც სუბიექტი დაფინანსებას ითხოვს, წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, რომელს შეიძლება მიენიჭოს უპირატესობა. ხშირად ეს წყდება ტენდენციურად, ამ მხრივ საკმაოდ მძიმე სიტუაციაა, რაც შემდეგ უკვე ეკონომიკაზე ახდენს უარყოფით გავლენას. სიცოცხლისუნარიანი ახალი ბიზნესი ვერ ვითარდება. ამიტომ მესმის მეწარმეების წუხილი, რომ მათ საბანკო სესხებთან დაკავშირებით პრობლემა აქვთ”, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" გერლიანმა და დასძინა, რომ სასათბურე პირობებიდან გამოსულ ბიზნესებს (,,აწარმო საქართველოში” იქნება თუ სხვა პროექტი) ბევრს უკვე აქვს ეკონომიკური პრობლემა.

,,სახელმწიფოსა და ბანკს შორის არ უნდა იყოს იმ ტიპის ურთიერთობა, რომ თავდებობას უწევდნენ მოქალაქეებს. თუკი რაიმე სახის ფინანსური პრობლემა აღმოჩნდება, პასუხისმგებელი იქნება სახელმწიფო. ნებისმიერი ტიპის დაფინანსება შეიძლება იყოს რისკიანი, მაგრამ რამდენს და როგორ დააზღვევენ, ეს არის მნიშვნელოვანი. 

სასათბურე პირობებიდან გამოსულ მეწარმეებს გარკვეული პრობლემა შეექმნათ. ეს ეხება როგორც ,,აწარმო საქართველოში”, ასევე სხვა პროექტებსაც. საბოლოო ჯამში სამეწარმეო მხარეზე უარყოფითად მოქმედებს. რასაკვირველია, რისკი ყოველთვის არის, მათ შორის ლობირების ნაწილში. ჩვენ ვიცით, რომ ასეთი ტიპის პროექტებში ლობირება აშკარად ხდება. სწორი გადაწყვეტილებების პირობებში, სახელმწიფო სტრუქტურები მიუკერძოებლები უნდა იყვნენ, მაგრამ ასე არ ხდება ხშირად და საბოლოოდ მეწარმეები ზარალდებიან”, - ამბობს რამაზ გერლიანი. 

მეწარმეთა უკამყოფილებაზე ამახვილებს ფინანსისტი ზურაბ კუკულაძე. პრობლემას იგი საბანკო სისტემის ხისტ პოლიტიკას უკავშირებს.

,,ჩვენს ქვეყანაში ფინანსებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია. უფრო სწორად, ამაზე მონოპოლია საბანკო სისტემას აქვს აღებული. მეწარმე იქნება თუ ვინმე სხვა, ფიზიკურ პირებს არ აქვთ არანაირი ალტერნატიული ხელმისაწვდომობა სესხებზე, ბანკების გარდა. სექტორი მაქსიმალურად ცდილობს, რომ მაღალი მოგება მიიღოს, მაგრამ არის ერთი ფაქტორიც – ვის მისცეს სესხი, ამას წყვეტს ბანკი. იმპორტზე ორიენტირებულ მეწარმეებს გაცილებნით მეტი უპირატესობა აქვთ, ვიდრე თუნდაც ადგილობრივ საფეიქრო მრეწველობას, რომლის მოგება გრძელ ვადაზეა გათვლილი. საქართველოს ეკონომიკის დაფინანსება თავისი შინაარსით მოწყობილია ისე, რომ კონკრეტული ჩინოვნიკი ვერ გადაწყვეტს ერთი პროგრამით, თუკი სისტემური პრობლემა არ მოგვარდა. ასეთი ცვლილების შესაძლებლობას ამ ხელისუფლების ხელში ვერ ვხედავ. 

კვირიკაშვილი-ქუმსიშვილის პერიოდში ჩვენ ვხედავდით, რომ ყველაფერი ბიზნესზე იყო გადაბარებული, ასე იქცეოდნენ მათი წინამორბედები და ამჟამინდელი ეკონომიკის მინისტრის სტრატეგიაც მნიშვნელოვნად არ იცვლება. სისტემა მოწყობილია ისე, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა (ბანკების გარდა) არ არსებობს და ამ დროს ადგილობრივი წარმოება ვერ ვითარდება, ზოგ შემთხვევაში კი, სულაც გაჩერება უწევთ”, - განუცხადა ფინანსისტმა ,,ბიზნეს-რეზონანსს”.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×