ფინანსიტები კარგს არაფერს ელოდებიან, დეკემბერში მოტაბახე ხელისუფლება კი ახლა საეჭვოდ დუმს
ირაკლი ლომიძე
17.02.2020

 ლარის გამყარების პერსპექტივა შეიძლება მოისპოს. ბოლო დროს სახელისუფლებო და სამთავრობო სტრუქტურებში ლარზე თითქმის არავინ საუბრობს, არ კეთდება ოფიციალური განცხადებები და საზოგადოებაც შეეჩვია გაუფასურებულ ეროვნულ ვალუტას, რომელმაც ყოველდღიურობა უკიდურესად დაამძიმა და ათასობით ოჯახის ცხოვრება შეცვალა უარესობისკენ.

2020 წლიდან ეროვნულ ბანკში ლართან დაკავშირებით მხოლოდ ერთხელ გაკეთდა შეფასება და ისიც იმდენად სუსტი, რომ ფაქტობრივად არ წარმოშვა არანაირი წარმოდგენა კურსთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო დროს მუდმივად განიცდის რყევას.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის შეფასებით, ეროვნული ვალუტა უფრო მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე წონასწორული მაჩვენებელი ამას მიუთითებს. 

,,ჩვენი შეფასებით, ლარმა გარკვეული გამყარება განიცადა, თუმცა კვლავ გაუფასურებულ ტერიტორიაზეა, ანუ უფრო მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე წონასწორული მაჩვენებელი ამაზე მიუთითებს. ფუნდამენტურ ფაქტორებს რაც შეეხება, ზოგადად, რომ შევხედოთ ნორმალურად არის, თუმცა ფუნდამენტური ფაქტორებისთვის დამახასიათებელია, რომ ჩვენ ინფორმაცია გვაქვს გვიან. მაგალითად, წლის მეოთხე კვარტალში იმპორტი საკმაოდ ძლიერი იყო, მთლიანად წლის განმავლობაში იმპორტის შემცირება გვქონდა... ამის გაგრძელება-არგაგრძელებაზეც არის დამოკიდებული ფუდამენტური ფაქტორები. 

დღევანდელი გადმოსახედიდან, ეს არის მოლოდინი, რომელიც ამას განსაზღვრავს. წლევანდელი წელი არის საარჩევნო, რაც მოლოდინის ზრდას იწვევს, ეს ყველაფერი კი, კურსზე გავლენას ახდენს“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.

აშკარაა, რომ ლარის გამყარების პერსპექტივას მთავრობაც კი ნაკლებად ხედავს, თუმცა კურსთან დაკავშირებით საუბარს ყველა ოფიციალური სტრუქტურა არიდებს თავს. ჩვენი მცდელობის მიუხედავად, ,,ბიზნეს-რეზონანსის” კითხვებს პარლამენტსა და მთავრობაშიც არც ამჯერად უპასუხეს. რაც შეეხება სპეციალისტთა შეფასებებს, ის საკმაოდ არასახარბიელოა. ფინანსისტები ღიად აცხადებენ, რომ ლარის გამყარების რეალური პერსპექტივა ბუნდოვანია. 

ანალიტიკოსების შეფასებით, მოჩვენებითი სტაბილურობის პროცესი თვეზე მეტ ხანს ვერ გასტანს და გაზაფხულიდან კურსი გაუფასურებას გააგრძელებს. ასე ფიქრობს ანალიტიკოსი ნიკა შენგელია, რომლის ვარაუდითაც, ეროვნული ბანკის მიერ რეგულაციების შერბილების გადაწყვეტილებამ კურსი მცირედით გაამყარა, თუმცა ფუნდამენტური ფაქტორის გავლენით ლარი მოკლევადიან პერიოდშიც შეიძლება გაუფასურდეს.

ნიკა შენგელია დარწმუნებულია, რომ დაახლოებით 10 მარტამდე ლარს არაფერი ემუქრება, მაგრამ ამ დროიდან პრობლემა ისევ მოსალოდნელია.

,,სებ-ის გადაწყვეტილება ლარს საგრძნობლად დაეტყო და გაუფასურება შეაჩერა. იმპორტიც ცოტათი შემცირდა და ამანაც დადებითი გავლენა იქონია. კურსის სტაბილურობისთვის ექსპორტ-იმპორტი გარკვეულ გავლენას ახდენს და ეს ფაქტორია ჯერჯერობით კარგად მუშაობს, თუმცა გაზაფხულიდან ჩვენ სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით. ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყება, შესაბამისად, უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა მოიმატებს და კურსი გაუფასურებისკენ დაიწყებს სვლას. ფაქტია, რომ ჩვენ არ ვიმყოფებით მუდმივი გამყარების რეჟიმში. სამწუხაროდ, გაზაფხულიდან ეს შასაძლებლობა ძალიან სუსტდება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ანალიტიკოსმა.

ფინანსისტები ფიქრობენ, რომ ლარის გამყარების ფაქტორები ეკონომიკაში მოშლილია და თუკი კურსი მაინც გამყარდა, ეს იქნება ხელოვნური ჩარევის შედეგი და შემდეგში მეტად უარყოფით შედეგს მოგვცემს. ასე ფიქრობს ფინანსისტი ზურაბ კუკულაძე, რომლის შეფასებითაც, მოკლევადიან პერიოდში კურსი შეიძლება შეიცვალოს ერთჯერადი აქტების წყალობით, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ლარი ისევ გაუფასურდება. 

"ლართან მიმართებით მნიშვნელოვანია სტაბილურობა. მუდმივად არის რყევა, რაც ცუდ პროცესებს იწვევს. მთავრობის მხრიდან გამყარებაზე საუბარი აღარ ისმის, თუმცა არც მაქვს მოლოდინი, რადგან რეალურად პერსპექტივა არ ჩანს და თავს ვერავინ მოიტყუებს. სებ-ის ინტერვენციებს თუ გადავხედავთ, უმეტესწილად იგი გამყარების საპირიპიროდ ერეოდა,  აქედან გამომდინარე, ის მომავალშიც შეაკავებს ლარის გამყარებას, რადგან ეკონომიკაში ამან შეიძლება დაბრკოლება შექმნას. 

გაუფასურებას არ ველოდები, ვერც გამყარებას მივესალმები ამ პერიოდში, რადგან ეკონომიკური ფაქტორი საამისოდ არ მუშაობს და თუ ეს ლარის დინამიკაში აისახა, უნდა ვიფიქროთ, რომ ხელოვნურ ჩარევას აქვს ადგილი. მოკლევადიან პერიოდში კურსი შეიძლება შეიცვალოს ერთჯერადი აქტების წყალობით, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ლარი ისევ გაუფასურდება. 

უნდა ვიფიქროთ არა გამყარება-გაუფასურებაზე, არამედ სტაბილურობის შენარჩუნებასა და ეკონომიკური მდგოამრეობის გაუმჯობესებაზე. ლარის უფრო მეტად გამყარების სურვილი ამ ეტაპზე არ უნდა ჰქონდეს არც მოსახლეობას, რადგან ამას შეიძლება ნეგატიური პროცესები მოჰყვეს ეკონომიკაში. სიმართლე გითხრათ, არც ერთი მომეწონება და არც – მეორე, რადგან ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ლარი გახდეს სტაბილური და თუნდაც ამჟამინდელ ნიშნულზე გაჩერდეს”, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ფინანსისტმა.

განსხვავებული მოსაზრება აქვს ანალიტიკოს ზვიად ხორგუაშვილს, რომლის შეფასებითაც, ლარიც გაუფასურება დიდ ზიანს აყენებს ქვეყანას და ამ დროს მთავრობა მდგომარეობის გამოსასწორებლად არაფერს აკეთებს. მისი აზრით, ლარის გასამყარებლად ერთი კონკრეტული ნაბიჯიც არ გადადგმულა.

,,საქართველოში სუსტი ვალუტა გვაქვს, ლარის კურსს ახასიათებს მკვეთრი რყევა. გამყარება დადებითი მომენტია, მაგრამ შეუძლებელია მიზეზებზე ვიმსჯელოთ ხანგრძლივ პერიოდზე დაკვირვების გარეშე. ბოლო წლის განმავლობაში ლარის კურსი მკვეთრად გაუფასურდა. ბევრჯერ გვინახავს მთავრობის მხრიდან ტრაბახი, როდესაც ლარი მცირედით გამყარდება, მაგრამ შემდეგ ისიც გვინახავს, არასწორი პოლიტიკის შედეგად რომ ვალუტა ისევ აგრძელებს ვარდნას და უკვე სხვა ფაქტორებებს აბრალებენ. როცა ლარი მყარდება, საუბრობენ იმაზე, რომ მათი პოლიტიკის შედეგია, ხოლო, როცა უფასურდება, ამას სხვა რამეს აბრალებენ.

ეკონომიკის მინისტრს და მთავრობას ამ ეტაპზე სატრაბახო არაფერი აქვს არც მოკლევადიან და არც გრძელვადიან პერსპექტივაში. მათი გადადგმული არც ერთი ნაბიჯი არ არის ისეთი მნიშვნელობის, რომელიც ეროვნული ვალუტის კურსს გაამყარებდა“, - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" ზვიად ხორგუაშვილმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×