ამხელა შემოსავალი უმრავლესობას არ აქვს და დეფიციტი ივსება ვალებით და ემიგრანტების გამოგზავნილი ფულით
გვანცა წულაია
18.02.2020

საქართველოში, საშუალოდ, ყველაზე მეტი ოთხსულიანი ოჯახი ცხოვრობს. მათი შენახვა კი, არც ისე მცირე თანხებთანაა დაკავშირებული. "რეზონანსი" შეეცადა გაერკვია, რა უჯდება ოთხსულიან ოჯახს საქართველოში თვიდან თვემდე ცხოვრება. ოფიციალური მონაცემებით, 2020 წლის იანვარში, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმად 349 ლარი დადგინდა. რაც შეეხება, რეალურ ხარჯებს, ის გაცილებით მეტია და ოთხნიშნა მაჩვენებელს სცდება.

უნდა აღინიშნოს, რომ მინიმალური ცხოვრებისეული პირობები საარსებო მინიმუმს არ გულისხმობს. იგი შეიძლება ითვალისწინებდეს ადამიანების სხვადასხვა მოთხოვნილების დაკმაყოფილებას: სურსათი, სასმელი, თამბაქო, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჯანმრთელობის დაცვა, დასვენება, ტრანსპორტი, საოჯახო მოხმარების საქონელი და სხვა. ამ ყველაფრის დაფარვისთვის კი, სპეციალისტების მიერ გათვლილია დაახლოებით, 1600 ლარი, რომელიც ოფიციალურ სტატისტიკას საკმაოდ დაშორებულია.

საქართველოში ცხოვრება ახლა უფრო ძვირია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ეკონომიკის დოქტორი, პაატა აროშიძე აცხადებს, რომ საქართველოში ოთხსულიან ოჯახს თვიდან-თვემდე დაახლოებით 1500-1600 ლარი სჭირდება იმისთვის, რომ იცხოვროს და არა, ის ხარჯები გასწიოს, რაც ადამიანის არსებობისთვისაა საჭირო.

"საქართველში, როგორც წესი, გაანგარიშება კეთდება ოთხსულიან ოჯახებზე და მართლაც ასეა. ოჯახების უმეტესობა სწორედ ოთხსულიანია. შესაძლოა, ორი ადამიანი იყოს დასამქბეული, მათ ჰყავდეთ მცირეწლოვანი შვილი ანდა სტუდენტი და ერთი პირი, რომელიც არ მუშაობს ანდა პენსიონერია. მათი შემოსავლები, თეორიულად საკმარისი უნდა იყოს ოჯახისათვის, მაგრამ, ეს რა თქმა უნდა, ასე არ არის.

ის, რასაც ოფიციალური სტატისტიკა კვების ხარჯებისთვის ანგარიშობს, რასაკვირველია, ძალიან მცირეა. რეალურად, ეს თანხა ოთხსულიანი ოჯახისთვის თვეში დაახლოებით 600 ლარია. ეს არის ის მინიმუმი, რომლითაც შესაძლებელია მინიმალური კვება. ამ ყველაფერს, ემატება სხვა ხარჯები, რომელიც ასევე 500-600 ლარის ფარგლებში მერყეობს (ტრანსპორტი, გადასახადები, ჯანდაცვა და ა.შ.). ოთხსულიან ოჯახს სჭირდება, საშუალოდ 1500-1600 ლარი, რომელშიც შედის ყველაფერი. რა თქმა უნდა, განსხვავებაა რეგიონების მხრივაც, თბილისში გაცილებით მეტი სჭირდება ოჯახს, ვიდრე ვთქვათ, სამტრედიაში.

ოფიციალური სტატისტიკას იმ მინიმუმიდან გამომდინარე ანგარიშობს, რაც აუცილებელია სამომხმარებლო კალათის გაანგარიშებისთვის. აქ ფასები გაანგარიშებულია საქართველოს დიდი ქალაქების აგრარულ ბაზრებში არჩეული საშუალო ფასებით, რომელიც რეალობას ხშირად არ შეეტყვისება, რადგან ფასები სეზონურად იცვლება. არ ვსაუბრობ ეგზოტიკურ საკვებზე ვგოლისმობს იმას, რომელიც აუცილებელი პროდუქციაა. სტატისტიკის დეპარტამენტი იღებს იმ მონაცემებს, რომელიც გასაშუალოებულია.

მაგალითად, ზამთრის პერიოდში ბაკურიანში ანდა გუდაურში ცხოვრება გაცილების ძვირი ჯდება, ვიდრე თბილისში ან ქუთაისში, რადგან ეს ქალაქები ტურიზმზეა ორიენტირებული. ესეც გავლენას ახდენს, რადგან ერთიანობაში გამოყვანა, რა ციფრებსაც სტატისტიკის დეპარტამენტი წარმოადგენს, საბოლოოდ არ შეესაბამება რეალობას.

საქართველოში სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ოჯახი ვერ ართმევს თავს იმას, რომ რომელიმე სეზონზე კურორტზე დაისვენოს, ანდა სრულფასოვანი განათლება მისცეს შვილებს, ან ჯანმრთელობას სათანადოდ მიხედოს. 1600 ლარი ის მინიმალური თანხაა, რომელიც ოთხსულიანი ოჯახისთვის მინიმალური ხარჯებისთვის საკმარისია", - განუცხადა "რეზონანსს" პაატა აროშიძემ.

საქართველოს ერთ-ერთი გამოწვევა დღეს სიღარიბეა. მოსახლეობის უმეტესობას არ გააჩნია "ფუფუნება", რომ მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს. ბევრი მათგანი, მხოლოდ, იმ აუცილებელ პროდუქტს იღებს, რაც მისი არსებობისთვისაა საჭირო. სპეცალისტები ამბობენ, რომ არსებობისთვის გაანგარიშებული ოფიციალური მონაცემებიც კი, აცდენილია რეალობას, რომ აღარაფერი ითქვას ხალხის მინიმალურ მოთხოვნაზე, როგორიც შეიძლება იყო დასვენება, რომელსაც საარსებო მინიმუნი არ ითვალისწინებს.

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ საქართველოში, ოჯახები გარკვეულ ხარჯებში ვერ ეტევიან, ამიტომ მათ ხშირად უხდებათ სესხის აღება ანდა ემიგრანტების მხრიდან დახმარების მიღება.

"საქართველოში სტატისტიკურად ოთხსულიანზე ნაკლები ოჯახი ცხოვრობს. კოეფიციენტი არის 3,79. გამოდის, რომ სტატისტიკურად თითო ოჯახში ოთხი სულიც არ არის და ამ მონაცემს ახასიათებს შემცირების ტენდენცია. თუ აქცენტს შინამეურნეობაზე გავაკეთებთ (ამაზე ინფორმაციას სტატისტიკა იძლევა) დაახლოებით თვეში შემოსავალი გამოდის 1250 ლარი, ანუ ყველა ტიპის შემოსავალი, რომელიც გათვლილია საშუალო, სტანდარტულ ოჯახზე.

რაც შეეხება გასავალს, ოჯახი უნდა ჩაეტიოს გარკვეულ ჩარჩოებში, მაგრამ რადგანაც არ ჰყოფნის, მიმართავს სხვადასხვა ფორმას. ოჯახების უმეტესობას ჰყავს შრომითი მოგრანტი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. შარშან დაახლოებით 1,6 მლრდ დოლარი შემოვიდა მათგან გზავნილების სახით. ისინი დახმარებას უწევენ აქაურ ოჯახებს. ხელმოკლე ადამიანების ნაწილი კი მიმართვას საკრედიტო დაწესებულებებს. იქ აღებული სესხების მოცულობაც საკმაოდ დიდია, რომელიც უკვე გადასცდა 13 მილიარდ ლარიან ნიშნულს.

თუ წარმოვიდგენთ ისე, რომ უცხოეთიგან გამოგზავნილი თანხები ნაწილდება ყველა ოჯახზე და სესხსაც ყველა იღებს, მაშინ, უნდა ვთქვათ, რომ ყოველთვიური გასაშუალებული ხარჯიოთხსულიანი ოჯახიას დაახლოებით 1600 ლარამდეა", - განუცხადა "რეზონანსს" სოსო არჩვაძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×