თუკი ანგარიშზე თანხა არ გექნებათ, ჯანდაცვის უწყებას ვერ დაუკავშირდებით!
თამარ მუკბანიანი
18.02.2020

112-ის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი გახდა ფასიანი. ამჯერად გადასახადი ყოველთვიური არ არის, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში უწყებას ვერ დაუკავშირდებით, თუკი ანგარიშზე თანხა არ გექნებათ. საქმე ისაა, რომ ყველა ზარი ფასიანია. მოსახლეობა და სპეციალისტები აღშფოთებულნი არიან, ხოლო ტიკარაძის უწყება და "სილქნეტი" ტარიფის დაწესებას ერთმანეთს აბრალებენ.

როგორც ცნობილი გახდა ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე "15 05" მოქალაქეები სატელეფონო ანგარიშზე თანხის არარსებობის შემთხვევაში ვერ შეძლებენ დარეკვას. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ დარეკვა მობილური ოპერატორიდან ყოველთვის ფასიანი იყო, ხოლო ქალაქის ნომრიდან დაკავშირება ფასიანი ახლახან გახდა, რასაც კომპანია „სილქნეტი" განსაზღვრავს.

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ეს ფაქტი აღმაშფოთებელია: „ეს არის აღმაშფოთებელი, ეს არის საკუთარი ხალხის უგულებელყოფა. ცხელი ხაზზე ხალხი რეკავს მაშინ, როდესაც უჭირს. ახლა რა გამოდის? ეს იგივეა ხანძრის დროს ფასიანი იყოს სამაშველო და ადამიანმა ვერ დარეკოს. თუკი ფასიანი გახდა, ესე იგი არის ჩვეულებრივი კომერციული მომსახურება. ეს არის უპასუხისმგებლო, გაუთვლელი გადაწყევტილება", - აცხადებს ჩიხლაძე.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავჯდომარე აკაკი ზოიძეს კი  ამის შესახებ არასდროს სმენია, მაგრამ დაუფარავად აცხადებს, რომ ამგვარი გადაწყვეტილება უპრიანი არ არის.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ცხელის ხაზის ტარიფთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას კომპანია „სილქნეტი“ გამოეხმაურა. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ "15 05"-ის მიმართულებით სხვა ოპერატორების აბონენტების მიერ განხორციელებულ ზარებზე სააბონენტო ტარიფს არ განსაზღვრავს. 

„ყველა სატელეფონო ოპერატორი თავის აბონენტს თავად უწესებს სააბონენტო ტარიფს ცხელი ხაზის აღნიშნულ ნომერზე ზარის განხორციელებისთვის. "სილქნეტის" ფიქსირებული ქსელის ყველა აბონენტისთვის სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკვა არის უფასო, ისევე როგორც უფასოა ამ ნომერზე "სილქნეტის" ფიქსირებული ქსელის აბონენტების მიერ განხორციელებული საქალაქთაშორისო ზარი“, - აცხადებენ კომპანიაში.

მოსახლეობის პრეტენზიებისაგან თავი არიდება და ზარების შემცირების მცდელობა - ასე აფასებს, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი ვატო სურგულაძე ჯანდაცვის სამინისტოროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. 

,,დენვილთა, შრომის, ჯანდაცვის,სოციალური და კიდევ რაღაცების დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი გახდა ფასიანი. ეს ყველანაირ ლოგიკას მოკლებულია. ამასწინათ, 112-ის გადასახადი გააძვირეს. ყველაფრის ინფლაცია ხდება და ადამიანების ხელფასი რჩება იგივე.  ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. რატომ უნდა იყოს ცხელი ხაზი ფასიანი? ვინ დარეკავს  იმ ხაზზე, თუ არა გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ადამიანი და იმასაც ფული უნდა ვახდევნოთ? იდიოტიზმის აპოთეოზია ქეყანაში. ასე უჭირს ამ სახემწიფოს, რომ "სილქნეტს" ვერ უხდის შესაბამის თანხას? ეს ინფორმაცია თქვენგან შევიტყვე და მთელი გულით მინდ, მჯეროდეს, რომ რეალობა არ არის. 

რა უნდათ ამით, რომ  შეამცირონ უამრავი განხორციელებული ზარი და ხალხის დიდძალი უკმაყოფილება? ეს არის ერთადერთი ლოგიკა, სხვა ლოგიკა ამ გადაწყვეტილებას არ აქვს. ალბათ ძალიან შეწუხდნენ მოსახლეობის პრეტენზიებით", - განუცხადა სურგულაძემ ,,რეზონანსს”.

გარდა სახელმწიფო სერვისისა, დიდ პრობლემას წარმოადგენს, კერძო კომპანიების ცხელი ხაზები, რომელიც მართალია უფასოა, თუმცა უდიდესი უმრავლესობა სერვისის არასათანადო მიწოდებით გამოირჩევა. ამ მხრივ მოწინავე  ჯერ ,,ყაზტრანსგაზი” იყო, შემდეგ კი ეს პრაქტიკა ,,ღირსეულად” გააგრძლელა ,,თბილისი ენერჯიმ”. ასევე პრობლემას წარმოადგენს ,,თელასთან” და სხვა კომპანიებთან დაკავშირებაც. უცნობია, როგორია სტანდარტი საკუმუნიკაციო ან ჯანდაცვის სფეროსთან მიმართებით, თუმცა ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი წესით, მაქსიმუმ 80 წამი შეიძლება იყოს მოლოდინის დრო, როცა ენერგოსექტორის გამანაწილებლებში რეკავთ. რეალურად კი დრო, 5 წუთს აღემატება 

თაკო ცხომელიძე კომუნიკაციების  მიმართულებით სწავლობს. იგი ,,რეზონანსთან” იმ მაგალითებს იშველიებს თუ როგორია თეორია და როგორ ხორციელდება ქართულ რეალობაში ცხელი ხაზის ფუნქციობა. 

,,ცხელი ხაზი - დასახელება გვეუბნება მის დანიშნულებას. მაქსიმუმ ორ წუთში, ყველა ინფორმაციას უნდა გაწვდიდნენ და გეხმარებოდნენ. როცა უნივერსიტეტისათვის კვლევებს ვატარებთ, შედეგი შემაშფოთებელია. გასაკვირი იცით რა არის? კერძო კომპანიები და სახელმწიფო უწყებები ამაში ერთმანეთს ეჯიბრებიან. მაგალითად ,,ჯივიპის” ერთხელ მოლოდინის დრო 15 წუთი ჰქონდა, იგივე სიტუაციაა თითქმის ყველა გამანაწილებელ კომპანიაში, იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე თუ ჯანდაცვის აწყებაში,რომელიც თურმე ფასიანიც გაუხდიათ”, - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ცხომელიძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×