თამარ მუკბანიანი
20.02.2020

 გარანტირებულ შესყიდვებზე ხელსაყრელი ელექტროენერგიის იმპორტია და ეს პრაქტიკა წარსულს უნდა ჩაბარდეს. ფინანსთა მინისტრი ახალი ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ თუ რას შეცვლის იგი ელექტროსისტემაში ეს გაუკვეველია. მინისტრის პოზიცია ცალსახაა, იმპორტული ელექტროენერგიის ადგილობრივით ჩანაცვლება "ნებისმიერ ფასად არ ღირს". 

2019 წელს საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტზე რეკორდული მოცულობის თანხა - 78 მილიონი დოლარი გადაიხადა. ამ ფონზე, ქვეყანაში ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ტემპი შეფერხებულია. 

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ ქვეყანას იმპორტული ელექტროენერგიის ადგილობრივით ჩანაცვლება "ნებისმიერ ფასად არ უღირს". ამ ტიპის კონტრაქტები, რომელთა მოცულობაც სავალუტო ფონდთან შეთანხმებით ერთხელ უკვე შეიზღუდა, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ შეიზღუდება და სახელმწიფო გარანტირებული ტარიფის კონტრაქტის მაქსიმალურ ღირებულებას დასწევს.   

"ფაქტია, რომ ელექტროენერგიის იმპორტს ვახორციელებთ, მაგრამ იმპორტის ჩანაცვლება ნებისმიერ ფასად არ გვაწყობს. ყველა ის ენერგეტიკული პროექტი, რომელიც შემოსულია და ითხოვს სახელმწიფო გარანტიას, არ ნიშნავს, რომ ჩვენთვის არის მისაღები. სავალუტო ფონდთან ერთად საკმაოდ დეტალურად გავდივართ ამ საკითხს. მათი რეკომენდაცია არის, რომ ზღვარი ჩვენ კიდევ უფრო ქვემოთ ჩამოვწიოთ, ან პრაქტიკულად უარი ვთქვათ ელექტროენერგიის გარანტირებულ შესყიდვაზე. 

თანაც ძალიან საინტერესო რეფორმა მიმდინარეობს ეკონომიკის სამინისტროში ბაზრის ლიბერალიზაციის კუთხით. 2019 წელს ათამდე კომპანია გავიდა ღია ბაზარზე, გვინდა, რომ მაქსიმალურად საბაზრო პრინციპებმა ითამაშოს ელექტროენერგიის ბაზარზე და იქ დადგინდეს ფასი. შესაბამისად, სადაც იქნება მიზანშეწონილი და მომგებიანი, იქ აშენდება სადგურები - იქნება ეს ჰესები თუ თბოსადგურები", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი იზრდება. 2020 წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქვეყანამ 32.6 მლნ კვტ/სთ-ით მეტი ენერგია შეისყიდა. წელს იანვარში მოხდა 214.260 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი, 2019 წლის იანვარში კი 181.6 მლნ კვტ/სთ-ის.

ენერგეტიკოსი ანზორ ჭითანავა, ,,რეზონანსთან” აცხადებს, რომ ფინანსთა მინისტრის ინიციატივა, ზოგადად კარგია, თუმცა ჩვენ რეალობიდან უნდა გამოვიდეთ.

"საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლა ყოველთვის საუკეთესო წამალი და გამოსავალია ყველა სიტუაციაში. ენერგეტიკაში, რაც მეტი იქნება თავისუფალი ურთიერთობები, ცასახად უკეთესია. უბრალოდ, იმ მოცემულობაში, როცა სისტემა დეფიციტურია, გარანტირებული შესყიდვები, გარკვეულწილად , მდგრადობის წინაპირობაცაა. ამიტომ ორივე მხარე გასაანალიზებელია. 

მრავალგანზომილებიან სისტემაში ამ მიდგომას აქვს თავისი გამართლება და აუცილებლად რეალობიდან უნდა გამოვიდეთ, რადგან არ არსებობს უნივერსალური რეცეპტები არც ერთ სიტუაციაში”, - განაცხადა ჭითანავამ. 

რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტს, აქ ზრდამ 2700%-ს გადააჭარბა. კერძოდ, 2020 წლის იანვარში საქართველომ რუსეთიდან 136.806 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია იყიდა მაშინ, როდესაც შარშან ანალოგიურ პერიოდში მხოლოდ 4.852 მლნ კვტ/სთ.

ნაადრევანდ მიაჩნია გარანტირებული შესყიდვების აკრძალვა ენერგეტიკოს, ბაჩანა ფიფიასაც. მისი აზრით, დღევანდელ რეალობაში, გენერაციის სისტემის განვითარება ჩვენთვის საჭირო ტემპებით ვერ მოხდება, თუ ინვესტორებს არ ექნებათ სტიმულირების მექანიზმები

,,საქართველოში ახალი სიმძლავრეების ზრდის დინამიკა ყველაზე მეტად თვალსაჩინოა 2013-17 წლებში. ეს ის პერიოდია, როდესაც ხდებოდა გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების გაფორმება. მისმა შეზღუდვამ შეამცირა ახალი ელექტროსადგურების მშენებლობის ტემპი. ეს კი პირდაპირ ნიშნავს ქვეყნის შიგნით ელექტროენერგიის დეფიციტის ზრდას, რადგანაც ენერგიის გამომუშავების ტემპი, მოხმარებას ვერ ეწევა.

როდესაც ბაზარი დეფიციტურია, ამ დროს აუცილებელია გარკვეული წამახალისებელი მექანიზმების არსებობა (ამ შემთხვევაში, ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვა), რამაც უნდა დააჩქაროს ახალი ელექტროსადგურების მშენებლობა. მას შემდეგ, რაც ბაზარი გაჯერდება, ანუ გვექნება ჭარბი ენერგია, მაშინ არც იქნება საჭირო ელექტროენერგიის შესყიდვის გარანტიების გაცემა.

საქართველო ელექტროენერგეტიკული კუთხით არის დეფიციტური ქვეყანა, დამოკიდებული ვართ იმპორტირებულ ენერგიაზე და ამ ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით არსებული რესურსების ათვისება, ანუ ახალი გენერაციის ობიექტების არსებობა. ჰესების თუ თბოსადგურების აშენება ჩვენთვის სასურველი ტემპით ვერ მოხდება, თუ ინვესტორებს არ ექნებათ სტიმული, რადგანაც ინვესტორებისთვის გარანტიების გაცემა ქმნის მათთვის სტაბილურ და გრძელვადიან პერიოდში პროგნოზირებად გარემოს. სანამ ინვესტორისთვის არ იქნება პროგნოზირებადი გარემო, იქამდე ახალი გენერაციის მშენებლობის მაღალი ტემპი ვერ გვექნება, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ახალი ელექტროსადგურების მშენებლობა ვერ დაიწყება”, - განუცხადა ფიფიამ ,,რეზონანსს”.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×