"ამჟამად ერთადერთი პროდუქტი საწვავია, რომელიც ადეკვატური ფასებით ხასიათდება"
რეზონანსი
16.03.2020

2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი შემცირდა. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, კლება სეზონური ცვლილებით არის გამოწვეული და ამ მხრივ კორონავირუსის გარშემო შექმნილ მდგომარეობას გავლენა არ მოუხდენია. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 2 თვეში საწვავის იმპორტი და მოხმარება უმნიშვნელოდაა შემცირებული, თუმცა ტენდენციის შენარჩუნება მარტიდან შეუძლებელი იქნება.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-თებერვალში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა  160,0 ათასი ტონა, რაც 2,9  ათასი ტონით ანუ 1,8%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. შარშან ამ დროს იმპორტის მოცულობა 162,9 ათას ტონას შეადგენდა. რაც შეეხება კონკრეტულად ბენზინის იმპორტს, 2020 წლის იანვარ-თებერვალშიმან  83,2  ათასი ტონა შეადგინა, რითაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 14,3 ათასი ტონით ჩამორჩა. საპირისპირო ტენდენცია შეიმჩნევა დიზელის საწვავთან დაკავშირებით, იმპორტი ამ მიმართულებით 76,8  ათასი ტონაა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 11,4 ათასი ტონით აჭარბებს.

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2020 წლის იანვარ-თებერვალში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა:  "რეგულარის" მარკის ბენზინი - 55,7 ათასი ტონა, ანუ 66,9%;  "პრემიუმის" მარკის  ბენზინი - 27,1 ათასი ტონა, ანუ 32,6%, "სუპერის" მარკის  ბენზინი - 0,4 ათასი ტონა, ანუ 0,5%. 

2020 წლის იანვარ-თებერვლის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა  რუსეთიდან - 45,4  ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 28,4%-ს შეადგენს. შემდეგ  მოდის: რუმინეთი - 35,4 ათასი ტონა (22,1%), თურქმენეთი - 24,6 ათასი ტონა (15,4%); ბულგარეთი  - 16,7 ათასი ტონა (10,4%),  აზერბაიჯანი - 13,7 ათასი ტონა (8,6%), თურქეთი - 8,2 ათასი ტონა (5,1%); საბერძნეთი -  8,10 ათასი ტონა (5,1%); ყაზახეთი - 7,5 ათასი ტონა (4,7%). 

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა აღნიშნა, იანვარ-თებერვალში უმნიშვნელო კლება, შეიძლება სეზონურ ცვლილებად ჩაითვალოს. ამ პერიოდში იმპორტი ტრადიციულად დაბალ ნიშნულზეა.  

,,იანვარ-თებერვალი მოხმარების მხრივ თითქმის იდენტური იყო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ყოველ შემთხვევაში, ეს ის დროა, როცა ნავთობპროდუქტების მოხმარება და იმპორტი დაბალ მაჩვენებელზეა, ამიტომ საგანგაშოს ვერაფერს ვხედავთ. თუმცა, თუკი 2 თვის შედეგის შეჯამებით ცვლილება უმნიშვნელოა, უკვე მარტი-აპრილის სავარაუდო პროგნოზი ვერ იქნმება სახარბიელო კორონავირუსის გავრცელების მასშტაბიდან გამომდინარე. ქვეყანა გადადის საგანგებო, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე და მოძრაობა მკვეთრად შეზღუდულია. გარდა ამისა, ტურისტები და ვიზიტორები არ შემოდიან ქვეყანაში, რაც მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრობლემა არ არის. ევროპის სახელმწიფოებში რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა და რამდენიმე ქალაქში საერთოდ არ არის მოძრაობა, სრულიად პარალიზებულია. მიმოსვლა შეჩერდა რუსეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან, მაგრამ ეს სატრანზიტო გადაზიდვებს არ ეხება. 

ცხადია, მარტის ნავთობპროდუქტების სტატისტიკა სრულიად სხვაგვარი იქნება, რასაც ნეგატიური მოლოდინებიც ამძაფრებს. ამიტომ აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ საწვავის მოხმარება  მომდევნო თვეების განმავლობაშიც შემცირდება. რა დოზით იქნება და როგორ, ამაზე პროგნოზი შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, მოვლენების დრამატულად განვითარებას არ ველოდები, რადგან საგანგებო სიტუაცია არ გამოცხადებულა“, - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა. 

რაც შეეხება დიზელის იმპორტს, შესაძლოა, მოთხოვნამ ცოტათი მოიმატოს კიდეც, რაც ინფრასტრუქტურული და საგაზაფხულო სამუშაოების გააქტიურებას უკავშირდება. 

,,საქართველოში დიზელის მოხმარების მასშტაბი, მათ შორის იმპორტის დონე, განისაზღვრება გაზაფხულიდან, როცა მატულობს ინფრასტრუქტურული და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, რის გამოც ეკონომიკაში მეტი მოძრაობაა. ახლა ჩვენ ფორსმაჟორული ვითარება გვაქვს და რთულია განსაზღვრო, რა ტენდენცია შეიძლება გამოიკვეთოს. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე თვის ჭრილში ოპტიმისტური პროგნოზი არ მოსჩანს. იანვარ-თებერვალი ამ მხრივ მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო, მაგრამ მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. 

ვითარება, რომელშიც დღეს ვართ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ არის ბოლო ასწლეულის ყველაზე დიდი გამოწვევა მსოფლიოსათვის, რომელმაც მნიშვნელოვანი დაღი არა მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას, არამედ ეკონომიკასაც დაასვა. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, გლობალურ ბაზრებზე მოხდა ნავთობის ფასის მნიშვნელოვანი ვარდნა. შეიძლება ითქვას, ეს იყო უპრეცენდენტო კლება 1991-92 წლების შემდეგ. ძირითადი მიზეზი, რა თქმა უნდა, იყო კორონავირუსია და მისგან  მკვეთრად შემცირებული მოთხოვნას, ამიტომ ფასიც იკლებს“, - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა. 

რაც შეეხება ადგილობრივ ფასებს, ახლო პერიოდში კლება კიდევ არის მოსალოდნელია, თუმცა როდიდან და რა მაჩვენებლით, ამაზე ზუსტი პროგნოზი ჯერჯერობით შეუძლებელია. 

,,საქართველოში საწვავიზე ფასი 15-20 თეთრით შემცირებულია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ საერთაშორისო ბაზრებზე მნიშვნელოვანი ვარდნაა, მაგრამ მეორე მხრივ, ლარი დოლართან მიმართებაში უფასურდება, პროგნოზი რთულია. ფასების კლება რაღაც დოზით აქაც დაფიქსირდება, მაგრამ რა მოცულობით, ვერ გეტყვით. ცხადია, ცვლილება, როგორიც გლობალურ ბაზრებზეა, ვერ მოხდება, კურსიდან გამომდინარე. საწვავის ფასსა და კურსს შორის დისბალანსია. მიუხედავად ამისა, საწვავი კიდევ გაიაფდება. 

ბოლო 2-3 დღეში ბრენდირებულ სადგურებში ფასები 2-5 თეთრის ფარგლებში შემცირდა. სხვა პროდუქტების ფასებისგან განსხვავებით, ერთადერთი პროდუქტი საწვავია, რომელიც ადეკვატური ფასებით ხასიათდება. ყველა ვარიანტში გაიფებას უნდა ველოდოთ", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ვანო მთვრალაშვილმა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×