მანქანების საყიდლად არც ქვეყანაში სცალია ვინმეს და არც მის ფარგლებს გარეთ
თამარ მუკბანიანი
16.03.2020

 კორონავირუსისა და საქართველოს საზღვრების ჩაკეტვის გამო, ავტოიმპორტიორები ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. უკვე ორი კვირაა, ფაქტობრივად, გაჩერებულია რუსთავის ავტობაზრობა. განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაში არიან ის მეწარმეები, ვისაც მანქანები რეექსპორტზე, ძირითადად, სომხეთში ან აზერბაიჯანში გასაყვანად ჩამოჰყავდათ. იმპორტიორები, სახელმწიფოსაგან შეღავათებს ითხოვენ. 

ისედაც შემცირებულ რეექსპორტს (სომხეთმა მეორადი მანქანების იმპორტზე სულ ახლახანს კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანა), ზედ კორონავირუსის პანდემიაც დაერთო. როგორც ავტოდილერები აცხადებენ, მათ უმრავლესობას დღე-დღეზე უმთავრდებათ 90-დღიანი ვადა და თუ მანქანებს არ განაბაჟებენ, სოლიდური ჯარიმები დაეკისრებათ. ისინი თხოვნით მიმართავენ მთავრობას, შევიდეს მათ მდგომარეობაში და ერთჯერადად, სიტუაციის სტაბილიზაციამდე, 2-3 თვით გადაწიოს განბაჟების ვადა.

„მთავრობას შეუძლია  მხარში დაგვიდგეს და  განსაკუთრებული მდგომარეობის გამო 3 თვით გაზარდოს განბაჟების პერიოდი. მით უფრო, რომ მეპატრონეები ყოველდღიურ გადასახადს მაინც იხდიან", - აცხადებენ ისინი.

მოქმედი კანონმდებლობით, მანქანის საქართველოში შემოყვანის შემდეგ, 2 თვის განმავლობაში ავტო დილერები დღეში მხოლოდ 1 ლარს იხდიდნენ, მესამე თვეს კი ვალდებულნი არიან დღეში 5 ლარი შეიტანონ ბიუჯეტში, 3 თვის მერე კი ჩამოყვანილი მანქანები ან უნდა განაბაჟონ ან ჯარიმა დაეკისრებათ.

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ავტოდილერების დიდი ნაწილი, ხელისუფლებისგან საბაჟო პერიოდის გადავადებას ითხოვს. 

„ახლა გაჩერებულები ვართ, ხომ ხედავთ ბაზარზე თავისუფალი ადგილიც კი არაა, სულ გადავსებულია მანქანებით. ამას თან საბაჟო პერიოდის გასვლაც დაემატება და მერე დამატებით თანხის გადახდა მოგვიწევს, რომ ეს მანქანები აქ დავტოვოთ. 

მთავრობას თუ ჩვენი დახმარება უნდა, საბაჟო პერიოდი უნდა გადაგვიწიოს. 3 თვე გვაქვს საშუალება, რომ განბაჟების გარეშე გვყავდეს მანქანები ქვეყანაში. ადრე ისე სწრაფად იყიდებოდა ავტომობილები, რომ ვეტეოდით ამ დროში, ახლა ვეღარსად ვერაფერს ვყიდით და ამიტომ აუცილებელია, სახელმწიფო დაგვეხმაროს და გადაგვივადოს საბაჟო ვადა, სანამ ეს ვირუსი არ ჩაცხრება“, - ამბობენ დილერები.

ცნობისთვის, საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი ძირითადად სომხეთში, აზერბაიჯანსა და უკრაინაში ხორციელდება. სწორედ სომხეთში წარმოშობილი პრობლემების გამოვლინებად მიაჩნიათ შემცირებული რეალიზაცია "ქარ თრეიდ ავტოიმპორტში”.

,,რეალურად, შემცირება არის, თუმცა ეს შემოდგომიდან მოყოლებული ასეა და არ არის კორონავირუსის ეფექტი. ესაა სომხეთში შექმნილი ვითარების ასახვა ბაზარზე. მოგეხსენებათ, რეექსპორტის წილით სომხეთი ერთ-ერთი პირველია. 

კორონას რაც შეეხება, 3 დღე ძალიაან დაბალი იყო გაყიდვა (წინა კვირის ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი), მაგრამ ახლა ისევ მოიმატა. ჯერ სტატისტიკა არ გვაქვს, რადგან საკმაოდ ცოტა დროა საამისოდ გასული”, -"განუცხადეს "ბიზნეს-რეზონანსს" ,,ქარ თრეიდ ავტოიმპორტში”. 

ავტოდილერებისათვის შეღავათის დაწესება, აუცილებლად მიაჩნია, „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელ დავით მესხიშვილს. სპეციალისტი იმ ფაქტებს იხსენებს, როცა ბიზნესი გაბანკნოტების პირად იყო და საკუთარი რესურსით გადარჩენა მოახერხა. 

,,ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიზნესია საქართველოში, რომელსაც თან ახლავს რყევა. ერთ მშვენიერ დღეს ყაზახეთი შევიდა ევრაზიულ კავშირში, აზერბაიჯანმა დააწესა "ევრო 4" სტანდარტი, ახლა სომხეთმა შემოიღო რეგულაცია. მოკლედ, ვისაც ჩვენგან მიჰყავს ავტომობილები, ისინიც ცვლიან თავიანთ კანონმდებლობას. დაძაბულობა არის ყოველ წელს, მაგრამ ჩვენი იმპორტიორები და რეექსპორტიორები მაინც სწრაფად ახერხებენ ადაპტირებას გარემოში. 

თუმცა არის მომენტები, როცა პრობლემა გლობალურია და ბიზნესს უჭირს თვითგადარჩენა. სწორედ ახლა საჭიროა ამ ბიზნესის მხარდაჭერა, რომელიც ადრე თითქმის გაკოტრების პირას იდგა და გადარჩა, მაგრამ ახლა შეიძლება ვერც გადარჩეს. ობიექტურად ახლა არავის სცალია ავტომობილისათვის, როცა ხალხი სახლიდან არ გამოდის და მხოლოდ საკვების მომარაგებაზეა ორიენტირებული. სავარაუდოდ, ასეთი ვითარება ერთი თვე მაინც გაგრძელდება და მათთვის შეღავათის დაწესება, მიზანშეწონილად მიმაჩნია”, - განაცხადა მესხიშვილმა. 

უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ წლებში ავტომობილების რეექსპორტი საქართველოში მნიშვნელოვნად იზრდებოდა. ავტომობილების რეექსპორტის მხრივ ზრდა იყო 2020 წლის იანვარშიც. კერძოდ, წლის პირველ თვეს საქართველოდან 5 047 ერთეული მსუბუქი ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა, რაც 11,6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან იანვარში კი ქვეყნიდან 4 520 მსუბუქი ავტომობილი გავიდა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×