"არც კი დამიშვია, რომ დავბრუნდებოდი, მით უფრო ახლო მომავალში, მაგრამ..."
ნინა გარდაფხაძე
16.03.2020

საფრთხემ, რომელიც იმდენად გლობალურია, რომ პანდემიად გამოცხადდა, სხვა ბევრ პროცესთან ერთად ყველაზე მეტად მიგრაციაზე იმოქმედა. ქვეყნების ნაწილი, კრძალავს მიმოსვლას და მხოლოდ საკუთარი მოაქალაქეებისთვის ტოვებს საზღვრებს ღიას. მათ შორის საქართველოცაა სადაც ემიგრანტები აქტიურად ბრუნდებიან სამშობლოში. მათ შორის ის ადამიანებიც, ვინც ევროპაში არალეგალურად ცხოვრობდა და კორონავირუსის საფრთხის გადავლის შემდეგ, უკან ვეღარ გაემგზავრება. 

კორონავირუსის ეპიდემიური გავრცელების გამო, 18 მარტის 00:00 საათიდან საქართველო უცხოეთის მოქალაქეთათვის საზღვრის ჩაკეტვასთან დაკავშირებით უპრეცედენტო გადაწყვეტილებას იღებს. განცხადება საქართველოს მთავრობამ უკვე გააკეთა. საზღვარი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში იქნება დახურული. მანამდე კი, საქართველოს მოქალაქეებს, რომელსაც სამშობლოში დაბრუნება სურთ, კვლავ შეუფერხებლად შეეძლებათ ქვეყანაში შემოსვლა, რასაკვირველია, თვითიზოლაციისა და კარანტინის წესის დაცვით. 

ფაქტია, ვირუსმა, რომელზეც ჯერ კიდევ ბევრი არაფერი ვიცით და რომელიც უკვე გამოცხადდა პანდემიად, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ დაწყებული ქვეყნიდან გადინების შეუქცევადი პროცესი შეაჩერა. გარდა იმისა, რომ გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე, ქვეყანას აღარავინ ტოვებს, ბრუნდებიან ისინიც, ვინც ამას არათუ ახლო მომავალში, წლების შემდეგაც განმავლობაში არ გეგმავდა. 

,,ბინზეს-რეზონანსთან” მსგავს ისტორიების ის ემიგრანტებიც კი ჰყვებიან, რომლებიც, უცხო ქვეყნებში წესის დარღვევით, არალეგალურად არიან დარჩენილი. 

მანანა მოისწრაფიშვილის ოჯახის 3 წევრი, სწორედ იმ მიგრანტებს შორის არიან, რომლებიც საბერძნეთში არალეგალურად ცხოვრობენ. იგი ადასტურებს, რომ მისი ორი შვილი და რძალი, სამშობლოში ამ კვირაშივე ჩამოვლენ. 

,,ქვეყნიდან კარგი ცხოვრების გამო არავინ მიდის. ჩვენს შემთხვევაშიც, გადაუდებელი აუცილებლობა იყო და ჩემი ორი ბიჭი იმიტომ წავიდნენ. სახლი ბანკში გვქონდა ჩადებული. 7 წელია იქეთ არიან და უმცროსმა, იქვე იქორწინა. ახლა, როცა მთელ ევროპაში ასე ვრცელდება კორონავირუსი, ბევრი ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ უნდა დაბრუნდნენ საქართველოში სასწრაფოდ ამ კვირაშივე. უფროსი, ალბათ ვეღარც დაბრუნდება უკან, იმიტომ რომ საბუთი არ აქვს. უმცროსს და რძალს ეს პრობლემა არ შეექმნებათ, თუმცა გაურკვეველი ვადით მოდიან და სამუშაოს ორივე დაკარგავს, მაგრამ ახლა, ამაზე ფიქრის დრო ნამდვილად არ არის, მთავარი სიცოცხლეა და სხვას ყველაფერს ეშეველება”, - უთხრა "ბიზნეს-რეზონანსს” მანანა მოისწრაფიშვილმა.

საქართველში დაბრუნების გადაწყვეტილება, ერთ-ერთი უმცირესობის იმ წარმომადგენლებმაც მიიღეს, რომლებიც სულ რაღაც ორი წლის წინ იძულებით წავიდნენ სამშობლოდან და არასოდეს უფიქრიათ თუ დაბრუნება მოუწევდათ.  გ.ბ. ,,ბიზნეს-რეზონანსთან” ჰყვება, რომ ჯერ ბელგიაში და შემდეგ ესპანეთში ცხოვრების დაწყებისას საქართველო9ში დაბრუნებაზე არც კი უფიქრია, მით უფრო, ახლო მომავალში, თუმცა შექმნილი ვითარების გამო, საკონსულოს მიმართა და სამშობროში ჩამოდის. 

,,მეც კი, ადამიანს, რომელიც საქართველოდან თავის დროზე გაიქცა და არც კი დამიშვია, რომ დავბრუნდებოდი, მით უფრო ასეთ ახლო მომავალში, მაგრამ ასეთი საფრთხის წინაშე ამ გადაწყვეტილების მიღება მომიწია. ეტყობა, ადამიანების ინსტინქტები მიანც ერთნაირია კრიზისის და დიდი საფრთხის დროს. ახლა მგონია, რომ საქართველოში უფრო მშვიდად და დაცულად ვიქნებით და უკვე მივმართეთ საკონსულოს, უახლოეს დრეებში როგორც კი მადრიდიდან რეისი იქნება, გამოვფრინდები”, - აღნიშნა გ.ბ.-მ

გადაწყვეტილება თავის დროზე ვერ მიიღო და ახლა ამას ძალიან ნანობს, მარიამ გორდელაძე. საქართველოს მოქალაქე ჰყვება, რომ იტალიიში დარჩენა რამდენიმე კვირის წინ იმიტომ გადაწყვიტა, რომ საფრთხის მასშტაბები ვერ გაიაზრა. 

.,თავიდან, როცა ეს ვირუსი იტალიაში შემოიჭრა, ადგილობრივებს იმდენად მშვიდი დამოკიდებულება ჰქონდათ და არავინ აღიქვამდე ამას სერიოზულად, არც კი მიფიქრია წამოსვლაზე. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახისწევრები მაძალებდნენ. ახლა უკვე იმაზე ვფიქრობ, რომ ჩამოვიდე რა პრობლემებს შევუქმნი საქართველოში მყოფებს და რამდენად უსაფრთხო ვარ. ორი კვირა მაინც კარანტინში უნდა ვიყო და ბარემ აქაც თვითიზოლაციაში ვარ. ჩემი მეგობრების და ნაცნობების საკმაოდ დიდი ნაწილი, ოჯახებით დაბრუნდა სამშობლოში და გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან მშურს მათი და ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას. სახლში ბევრად მშვიდად ვიქნებოდი”, - განაცხადა ემიგრანტმა, რომელიც რომში ცხოვრობს. 

პროცესი, უბრალოდ, დაპაუზებულია, - ასე აფასებს არესებულ რეალობას, დემოგრაფი ავთანდილ სულაბერიძე, რომელიც ,,ბიზნეს-რეზონანსთან” განმარტავს, რომ ეს დროებითი მოვლენებია, რომელიც ემიგრანტთა ფართო მასებზე არ აისახება. 

,,რეალურად იქ, სადაც ყველაზე ემტია ემიგრანტი: რუსეთი, საბერძნეთი და თურქეთი, დიდი არ არის ინფექციის საფრთხე. რაც დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შეეხებათ, იქედან რასაკვირველია ბრუნდება ემიგრანტთა ნაწილი, თუმცა ისინი ბოლო დროს წასული ადმიანები არიან და არა ისინი, ვინც ევროპაში უკვე დაფუძნდა. 

ახლა, მიგრაციის პროცესი დაპაუზებულია და მიმოსვლაც შეწყვეტილია, მაგრამ ღვთის წყალობით ეს პროცესი მალე გადაივლის და მასთან ერთად ქვეყნის დატოვების სამწუხარო ტენდენციაც განახლდება”, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" დემოგრაფმა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×