"გარკვეულ დადებით ეფექტს მოახდენს, თუმცა ხელშესახებ ცვლილებებს არ ველით"
თამარ მუკბანიანი
17.03.2020

ცვლილება, რომელსაც ბიზნესი და მოსახლეობა დიდი ხანია ითხოვს, სებმა უკვე მიიღო. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების დაკრედიტების რეგულაცია გაამარტივა. მიხედავად იმისა, რომ თუნცაც ერთი თვის წინ, მირებული გადაწყვეტილება ეკონომიკური აქტივობის წახალისებად ჩაითვლებოდა, კორონავირუსის ეფექტის ფონზე, ჩნდება კითხვა, რას შეცვლის რეალურად რეგულაციების შერბილება, რომელიც 15 აპრილიდან ამოქმედდება?

სულ მალე სესხის გამცემ სუბიექტებს მომხმარებლების დაკრედიტებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ტვირთი შეუმცირდებათ და რისკების მართვაში მეტი მოქნილობა მიეცემათ. შემცირდება, მათ შორის, სესხის მომსახურების კოეფიციენტისთვის განსაზღვრული შემოსავლის ზღვრების რაოდენობაც. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძის აზრით, საბანკო რეგულაციებში გარკვეული ელასტიურობა ჭარბვალიანობის კვლავ გაძლიერებას არ გამოიწვევს

,,პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მთავარი პრინციპია - სესხის მომსახურეობამ მსესხებელს არ შეუქმნას ფინანსური სირთულეები, მსესხებელმა საკუთარი შემოსავლებით უზრუნველყოს სესხის მომსახურება.

ეროვნული ბანკის მიერ საბანკო რეგულაციების შერბილება კრედიტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ეკონომიკაზე კორონავირუსის ეფექტის პირობებში. მნიშვნელოვანია, რომ მთავარი პრინციპი უცვლელი დარჩა: სესხი ტვირთად არ უნდა დააწვეს მსესხებელს“, - განაცხადა კოვზანაძემ. 

„თიბისი ჯგუფის“ მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია კი მიიჩნევს, რომ სებ-ის მიერ რეგულაციების შერბილება დადებითი მოვლენაა, თუმცა აედან დიდ ცვლილებებს არ ელოდება.

„საბანკო რეგულაციების შერბილება გარკვეულ დადებით ზეგავლენას მოახდენს, თუმცა ხელშესახებ ცვლილებებს არ ველით. უფრო გამარტივდება სესხების აღება და ფინანსებზე წვდომაც გაიზრდება ზედმეტი რისკების გარეშე, თუმცა ძალიან დიდ ცვლილებებს ეს არ გამოიწვევს. რეალურად შიდა განვადებების სეგმენტია ძალიან მზარდი და დამატებით ცვლილებებს იპოთეკურ დაკრედიტებაში არ გამოვრიცხავ“, - დასძინა ნადარაიამ.

"რეზონანსთან” საუბრისას კი სპეციალისტები საუბრობენ მათ შესახებ, ვისზეც საბანკო რეგულაციების შერბილება აისახება.  ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" საბანკო პროდუქტების დეპარტამენტის ექსპერტი ანი ალიბეგაშვილი,  დეტალურად განიხილავს ვის და რა ფორმით შეეხება ცვლილებები:

"რეგულაციების შერბილება, ერთი მხრივ, დაეხმარება ქვეყნის ეკონომიკას, რომელიც საკმაოდ რთული წნეხის ქვეშ არის პანდემიის გამო. მოკლევადიან პერიოდში, ეკონომიკის კუთხით, ძალიან ბუნდოვანი სურათია და შესაბამისად, სებ-ის მიერ რეგულაციების შერბილება ძალიან საჭიროა, რაც საბანკო სექტორსაც დაეხმარება, რათა პარალელური სესხების გაცემა შეძლოს. მომხმარებლებს კი, რომელსაც დადებითი საბანკო ისტორია და გადახდისუნარიანობა აქვთ, შეეძლებათ საბანკო რესურსზე წვდომა, რაც ეკონომიკისათვის იქნება სტიმული და წახალისება.

შერბილებული რეგულაციებით პირველ რიგში ისარგებლებენ დადებითი საკრედიტო ისტორიის მქონე ადამიანები, რომლებიც ახლო პერიოდში ნაკლებად არიან რისკ ჯგუფში, რომ დარჩნენ უმუშევრები”, - განაცხადა ალიბეგაშვილმა.  

ცვლილებები რომ ეკონომიკისათვის მასტიმულირებელი ვერ გახდება, კორონავირუსის ეფექტს უკავშირებს, საბანკო სფეროს სპეციალისტი მიხეილ თოქმაზიშვილი. არსებულ რეალობაში, შეიძლება ამ ინიციატივას შეიძლება მხოლოდ წერტილოვანი ეფექტი ჰქონდეს. 

,,სებ-ის ცვლილებები ეხება მცირე ბიზნესს, ინდივიდუალურ მომხმარებლებს, ფიზიკურ პირებს. რეალურად, ასეთი ცვლილებები ზოგად ფონზე გავლენას ვერ მოახდენს, იმდენად დრამატულია სურათი, თუმცა ცალკეული ოჯახებისათვის შესაძლოა, ეს იყოს გადარჩენის ტოლფასიც კი. 

ეკონომიკას ახლა ბევრი ფაქტორი მათ შორის მოლოდინიც ქმნის, ეს კი დადებით მოლოდინს აჩენს. ახლა ჩვენ გვაქვს, სრულიად ახალი სახის ეკონომიკა და მასზე მოქმედი ფაქტორები, ეს არის ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ბუნებრივია, ასეთ დროს მოქმედების ფორმაც იცვლება და მხოლოდ ერთობრივ მუშაობას ექნება დადებითი ეფექტი. ხელისუფლებამ ბიზნესმა, მედიამ და თითოეულმა მოქალაქემ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უნდა იმოქმედოს და მხოლოდ ასე შეიძლება ეკონომიკური ვითარების გადარჩენა”, - განუცხადა ,,რეზონანსს” თოქმაზიშვილმა. 

რეგულაციების შერბილებას, საჯარო განცხადებით გამოეხმაურა ბიზნეს ასოციაციაც და მთავრობას და ეროვნულ ბანკს მოუწოდა, გააგრძელოს ფიქრი შემდგომ გამარტივებაზეც.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×