როდესაც ლარის არნახული სისწრაფით უფასურდება, წარმოუდგენელია პროდუქცია ფიქსირებულ ფასად იყიდებოდეს
გვანცა წულაია
17.03.2020

საგრძნობლად გაზრდილი ფასები და ეროვნული ვალუტის საგანგაშოდ გაუფასურება – კორონავირუსი საქართველოს ეკონომიკას თანდათან ჩიხში აქცევს. მსხვილ ქსელებში ფასები მკვეთრად გაიზარდა, განსაკუთრებით კი, პირველადი მოხმარების პროდუქციაზე. სპეციალისტთა ნაწილი ამბობს, რომ გაძვირება ხელოვნურია, ნაწილი კი ამ აზრს არ იზიარებს და ამბობს, რომ გაძვირებული პროდუქცია იმ რეალობის შედეგია, რაც ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ მოიტანა. 

მოსახლეობა გაზრდილი ფასების გამო, უკმაყოფილებას სულ უფრო მეტად გამოხატავს, თუმცა ვერც ხალხის პროტესტი და ვერც ხელისუფლების მოწოდება ფასების კლებაზე გავლენას ვერ ახდენს. 

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავა სადისტრიბუცია კომპანიებს პირდაპირ მოუწოდებს, რომ შექმნილი ვითარებით არ ისარგებლონ და ფასი არ გაზარდონ. 

“კომპანიებისგან მივიღეთ დაპირება, რომ მარაგის შევსების მხრივ პრობლემა არ იქნება. მოვუსწოდებ სავაჭრო ქსელებს, ნუ ისარგებლებენ შექმნილი ვითარებით და აჟიოტაჟური მოთხოვნით. ჩვენ ამას მკაცრად გავაკონტროლებთ”, - დაიქადნა ნათია თურნავამ სადისტრიბუცია კომპანიებთან შეხვედრის შემდეგ. 

მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელს პროდუქტებზე საგანგაშოდ გაზრდილი ფასი ხვდება, სხვადასხვა სუპერმარკეტულ ამბობენ, რომ მათ არაფერი გაუზრდიათ, მარაგი არის და დეფიციტის პრობლემაც არ არსებობს. 

“მოხმარება არის გაზრდილი. ძირითადად ისეთი დასახელების პროდუქტზე, როგორიცაა წიწიბურა, მაკარონი, ზეთი და შაქარი. ჩვენს სუპერმარკეტულ ქსელებში მარაგები არის. არანაირ შემთხვევაში, დეფიციტის საშიშროება არ იქნება. ფასის მატება არ დაფიქსირებულა. ჯერჯერობით ვინარჩუნებთ, რაც აქამდე იყო”, - განუცხადეს “რეზონანსს” “გუდვილში”. 

ყველა სავაჭრო ქსელში ამბობენ, რომ მარაგის პრობლრმა არ არსებობს, თუმცა ახლა მთავარი გაზრდილი ფასია, რომლიც მოსახლეობაში პანიკას იწვევს. “ფრესკოში” არ მალავენ, რომ საქონელი გაძვირდება.

"ფასები შეიძლება შეიცვალოს. მინდა გულახდილად ვიყო ყველას მიმართ, შეიძლება შეიცვალოს ლარისა და დოლარის თანაფარდობის გამო, მაგრამ მარაგები არის. ახალი პარტიის შემოტანაც შესაძლებელია, მიუხედავად ჩაკეტილი საზღვრებისა", - განაცხადა "ფრესკოს" დამფუძნებელმა ვასილ სოფრომაძემ.

ფასების გაზრდის მიზეზი ეროვნული ვალუტის მკვეთრად გაუფასურებაა. ლარი უკვე წარმოუდგენელ ნიშნულზე, რაც ბუნებრივია, სხვადასხვა სახის პროდუქცია აძვირებს, პირველ რიგში კი, პირველადი მოხმარების საქონელს. 

სამეზობლოში კი ამ მხრივ სიმშვიდეა. საქართველო ყველაზე მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში აღმოჩნდა. არც ერთი ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ეროვნული ვალუტა მკვეთრად არ უფასურდება. ბოლო ერთ კვირაში, თურქული ლირა 6.15-დან 6.45-მდე გაუფასურდა. სომხეთში 1 დოლარი რამდენიმე დღის წინ თუ 482.09 დრამი ღირდა, გუშინ - 489.80 დრამი. აზერბაიჯანული მანათი ერთი კვირაა საერთოდ არ გაუფასურებულა და 1.70-ის ნიშნულზე რჩება. რაც შეესება რუსულ რუბლს, ბოლო დროს იქაც სტაბილურობაა და 1 დოლარი თუ 67,51 რუბლი ღირდა, ახლა 74.12 რუბლი ღირს და ორშაბათიდან მოყოლებული ერტ ადგილზე მყარად დგას. საქართველოში კი, ეროვნული ვალუტა 2.78-დან 3.16-მდე გაუფასურდა. ასეთი მასშტაბის ვარდნა ლარს არასოდეს განუცდია.

ეროვნული ვალუტის მკეთრად გაუფასურების ფონზე, ბუნებრივია პროდუქტები გაძვირდება. სადისტრიბუციო კომპანია “გრანდის” ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია ამბობს, რომ ფასები მოსახლეობაში პანიკური ვითარების ფონზე არის მომატებული. 

“მოსახლეობა სურსათს პანიკიდან გამო იმარაგებს, რაც საფუძველსაა მოკლებული. რეალურად მიწოდების პრობლემა არ არსებობს, მათ შორის არც სასურსათო მარაგების. თითოეულმა მოსახლემ თავს თავზე უნდა აიღოს საოციალური პასუხიმგებლობა, რომ არასაჭირო ამ ოდენობის  მარაგის შექმნა და არც გააკეთონ, რადგან მაღაზიებში პროდუქტის მიწოდება არ შეწყდება.

მოვუწოდებ ყველას, სოციალურ ქსელში ნუ აზიარებენ სურათებს, ესა თუ ის უცხოური ჰიპერმარკეტი როგორ არის დაცარიელებული, რადგან ეს ქმნის არასწორ ფონს. ნერისმიერ ადამიანს მომენტალურად შეუძლია ნახოს, რომ ძალიან ბევრი ქსელური მაღაზია არსებობს საქართველოში, სადაც დახლები პროდუქციით გავსებულია. არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს, ეს არის ხელოვნურად გამოწვეული. პრობლემა არც ერთ კონკრეტულ პროდუქტზე არ შეეხება. სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებ, რომ პრობლემა არც წარმოიშობა.  

შოკური ფონი იწვევს მოთხოვნის გაზრდას. ამის შესაბამისად სადისტრიბუციო კომპანიებს უწევთ დამატებით პროდუქციის მობილიზება. როცა მოთხოვნა მკვეთრად გაზრდილია, ტურიზმიდან თანხები არ შემოდის, გადმორიცხვები შეჩერებულია, ეს ძალიან მძიმედ აისახება ეროვნულ ვალუტაზე. 

ამჟამად ფასი პირველადი პროდუქტის ღირებულების დათვლილია 2.80-82-იან კურსზე და ახლა თითქმის 3.20-მდეა, ანუ ეროვნული ვალუტა დაახლოებით 40 პუნქტით გაუფასურდა. ფასები იმის ფონზე კი არ იზრდება, რომ მოთხოვნაა მომატებული, არამედ იმპორტიორები იძულებული ხდებიან პროდუქტი გაზრდილი ღირებულებით შემოიტანონ. 

ყველას მოვუწოდებ, რომ თავის თავზე აიღოს სოციალური პასუხიმგებლობა და მარაგების გაკეთებისგან თავის შეიკავონ. 

რეალურად იმის საფრთხე, რომ პროდუქცია დეფიციტური გახდეს, არ არსებობს. სახელმწიფოსთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ, რომ გარკვეული რისკები დაზღვეული იყოს. ვისაც შიში აქვს, "დელივერის" სერვისით მივაწვდით პროდუქციას სახლში. მოსახლება ეროვნულად მოეკიდოს ამ საკითხს და უფრო მძიმე ეკონომიკური ვითარებაში ნუ ჩააგდებენ ქვეყანას. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან ცუდად მოგვიბრუნდება”, - განუცხადა “რეზონანსს” ივა ჭყონიამ. 

ახლა ყველაფერი ეროვნულ ვალუტაზე დამოკიდებული. თუ კურსი გაუფასურებას არ გააგრძელებს და დასტაბილურდება, პროდუქციაც გაიაფდება. ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი მიიჩნევს, რომ გარკვეული თვალსაზრისით არსებულ ვითარებაზე გავლენა კორონავირუსმა მოახდინა, თუმცა ყველაზე მთავრი მიზეზი ისაა, რომ საქართველოში კონკურენტული გარემო არ არსებობს. 

“საქართველოში, როდესაც რაიმე სახის ეკონომიკური პრობლემა შეიქმნება, მაშინვე საბაზრო ეკონომიკას ბრალდება. ის მოდელი, რომელიც ჩვენთანაა, არ არის კლასიკური საბაზრო პოლიტიკა, რადგან იქ არის შეუზღუდავი კონკურენცია. ასეთი გარემო ნიშნავს, რომ სახელმწიფო ქმნის ისეთ კანონმდებლობას, როცა ყველა კომპანიას შეუძლია იმუშავოს და არც ერთი არ დაიჩაგროს, თუ მას სრულიად უუნარო ხელმძღვანელობა არ ჰყავს. ჩვენთან ასეთი მდგომარეობა არ არის. საქართველოში არ არის კონკურენტული გარემო და შესაბამისად, ბაზარიც არ არის კონკურენტული. 

შესაბამისად, იმპორტიორს შეუძლია ფასი ასწიოს და დასწიოს ისე, რომ ამის გამო პრობლემები არ შეექმნას. ასეთი კომპანიები ყოველთვის ცდილობენ გამოიყენონ ყველა შესაძლებელი გარემოება, რათა ფასები გაზარდონ. ამის მკაფიო მაგალითი არის საწვავი. ნავთობი მთელ მსოფლიოში გაიფდა და ჩვენთან კი პრაქტიკულად არანაირი გავლენა არ მოუხდენია. ეს არის მხოლოდ ოლიგოპოლიური მდგომარეობის შედეგი.

ცხადია, არსებულ ვითარებაზე კონორავირუსმა გარკვეული გავლენა მოახდინა, მაგრამ  ბაზარზე კონკურენტული გარემოს არსებობის შემთხვევაში, ეს კომპანიები ფასების გაზრდას ვერ გაბედავდნენ, რადგან სხვაგან სიიაფე იქნებოდა და მათთან არავინ მივიდოდა", - განუცხადა “რეზონანსს” სოსო სიმონიშვილმა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×