ცოტაც და ადამიანებს ყველანაირი რესურსი ამოეწურებათ
სანდრო მდივანი
23.03.2020

კორონავირუსის  ფონზე საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. ათასობით ადამიანი დარჩა სამსახურის და ყოველთვიური შემოსავლის გარეშე. მოსახლეობის დიდი ნაწილი პანიკაშია და შიმშილობის ეშინიათ. დაეხმარება თუ არა საქართველოს  მთავრობა ხალხს ფულადი ან ვაუჩერული სახით ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა ყველა ევროპულ ქვეყანაში მსგავსი ნაბიჯი უკვე გადაიდგა.

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მთავრობა მხარდამჭერი ღონისძიებების შემუშავებას პირველ რიგში ყველაზე მეტად დაზარალებული საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის გეგმავს. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა ეკონომიკური სტიმულირების გეგმაზე და ბიუჯეტში ცვლილებების შეტანაზე. 

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, მოქალაქეებისა და ბიზნეს სუბიექტებისთვის სამომავლო მხარდამჭერ ღონისძიებებს შორის, სხვადასხვა მექანიზმი განიხილება, მათ შორის ელექტროენერგიის ვაუჩერის გაცემა, საშემოსავლო გადასახადის მოხსნა და ა.შ. 

„ჩვენ ახლა ხელოვნურად გვაქვს შეჩერებული აქტივობა, რომ ვმართოთ ვირუსის გავრცელება. რასაკვირველია, ამის შედეგად ეკონომიკა დაზარალდება და მას დასჭირდება სტიმულირება. ეს პაკეტი მთლიანად გამზადებულია. რამდენად დაზიანდება ეკონომიკა, ამის რამდენიმე სცენარია მსოფლიოშიც, იმის მიხედვით, თუ ვირუსის რა ხანგრძლივობა და რა მასშტაბი იქნება. 

არის სცენარი, რომლის მიხედვითაც 1,5-2 თვის შემდეგ, ძირითადად, აღდგება შიდა ეკონომიკური აქტივობები, არის სცენარი, რომლის მიხედვით, ცოტა მოგვიანებით - სამი-ოთხი თვის შემდეგ იქნება გამოცოცხლება.

ამ პერიოდში რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება? - ერთი ის, რომ სოციალური დაცვის მექანიზმები შეიქმნას იმ ადამიანებისთვის, ვისაც უკიდურესად გაუჭირდება ცხოვრება.  არის საუბარი რაღაც ტიპის დენის ვაუჩერზე, ასევე შეიძლება ბიზნესს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დავუთმოთ, მათ მოვუხსნათ გადასახადი, რომ ხელფასების გაცემა მოახერხონ. სამწუხაროდ, ერთი ზომა ყველას არ ჰყოფნის. 

ჩვენ ბიუჯეტს ამ სოციალური მიზანშეწონილობის მიხედვით შევასწორებთ და იმავდროულად ვფიქრობთ ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე. ვიცით და გვჯერა, რომ ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, ამიტომ სტიმულირების პაკეტზეც ვსაუბრობთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

საზოგადოება საკვები პროდუქტების ან კომუნალური გადასახადების ვაუჩერს მთავრობისგან უახლოეს პერიოდში ელის. მათი დიდი ნაწილი ახლა შემოსავლის გარეშე ნაქირავებ ბინაშია დარჩენილი და გამოსავალს მხოლოდ მთავრობის გადაწყვეტილებებში ხედავენ. ნინო ქომეთიანი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც სალონში მუშაობით ირჩენდა თავს, თუმცა უკვე მესამე დღეა რაც სახლში ორ შვილთან ერთად მოუწია დარჩენა.

„არ ვიცი რა უნდა ვაჭამო ჩემს შვილებს, როდესაც ყოველდღიურ შემოსავალზე ვიყავი დამოკიდებული და არც დანაზოგი მქონია, რადგან ამის ფუფუნება საქართველოში ძალიან ცოტა ადამიანს აქვს. მთავრობამ აუცილებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და მხოლოდ სოცდაუცველებს კი არა, ყველას უნდა დაურიგოს საკვები, პირველადი მოხმარების პროდუქტები და კომუნალური ვაუჩერები. რა მნიშვნელობა აქვს ხალხი მშიერი დაიხოცება თუ კორონავირუსი ექნება?“ - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ნინო ქომეთიანმა.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია სახელმწიფო ასეთ მდგომარეობაში მოსახლეობას დაეხმაროს და გამონახოს ოპტიმალური გზა მათი გადარჩენისათვის. მთავრობამ უნდა მოახერხოს იმ ადამიანების იდენტიცირება, ვინც სამსახური დაკარგა ქვეყანაში შექმნილი ფორსმაჟორული ვითარების გამო.

"რა თქმა უნდა სახელმწიფომ სწრაფად უნდა მოიმოქმედოს რამე. მთავარია ვის კისერზეც გადადის ეს ყველაფერი: ექიმები, ექთნები, ბანკის თანამშრომლები ან თვითონ მომსახურე პერსონალი, ბანკის კლიენტები, მაღაზიაში დასაქმებული ხალხი და ა.შ. მათ აქვთ 500 ლარზე ნაკლები ხელფასი. მინიმუმ მთავრობამ მათთვისს უნდა გააკეთოს ის, რომ საშემოსავლო აღარ ჩამოეჭრათ და მთლიანად მიიღონ კუთვნილი ხელფასი. 

შემდგომში მთავრობამ იდენტიფიცირება უნდა მოახდინოს იმ ადამიანებისა, ვინც სამუშაო დაკარგა და ელემენტარული საარსებო მინიმუმით მაინც უნდა უზრუნველყოს. კომუნალურს რაც შეეხება, მთავრობას აქვს მოქალაქეთა შემოსავლების ნიხრები და უნდა განსაზღვროს ზღვრული  რაოდენობა. მათ დაბლა მყოფები უნდა გაათავისუფლონ გადასახადისგან ან ვაუჩერები დაურიგონ. აუცილებელია რამის გაკეთება, სხვა შემთხვევაში კორონა იქნება, შიმშილობა, თუ უშუქობა ამას მნიშვნელობა აღარ ექნება. 

თუ მთავრობას ამის სახსრები არ გააჩნია,  აუცლებლად ვალი უნდა აიღოს და მის საფუძველზე უნდა უზრუნველყოს ადამიანები საარსებოდ აუცილებელი თანხით  მაინც. ვფიქრობ, საკვების დარიგებას ვაუჩერები სჯობს, რადგან ბევრად ორგანიზებულად მოხდება ვაუჩერის გადაცემა, ვიდრე საკვების დარიგება. ასეთ ემთხვევაში ადამიანებს კონკრეტულ ადგილას მოუწევთ მისვლა, წარმოიშობა რიგები, შეიკრიბება ათეულობით ადამიანი და ამის ორგანიზება გაძნელდება. თუ ვაუჩერები გაიცემა, ეს ბევრად მარტივი იქნება და ხალხი თავად გადაწყვეტს როდის გამოიყენონ ვაუჩერი,” - აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×