ყველაზე მეტად ხალხი უმუშევრობას განიცდის, თითქმის ყველაფერი გაიყინა
ირაკლი ლომიძე
23.03.2020

კორონავირუსის ეპიდემიის გამო რეგიონებში ხალხს სურსათის მომარაგების პრობლემა გაუჩნდა. მართალია, დეფიციტი არსად არ შეიმჩნევა, მაგრამ უსახსრობის გამო ხალხს 2-3 დღის სამყოფი საკვების ყიდვაც უჭირს. დღიური სამუშაო მოქალაქეებმა ყველგან დაკარგეს. მუდმივი სამსაყურების უმეტესობა გაურკვეველი ვადით შეჩერდა, რამაც ფინანსური პრობლემა წარმოშვა.

თბილისისგან განსხვავებით, რეგიონებში ნაკლები პანიკაა, თუ არ ჩავთვლით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებს, სადაც კარანტინია გამოცხადებული.  თითქმის ყველგან ხალხი მშვიდ, მაგრამ განსახვავებულ გარემოში ცხოვრებას აგრძელებს. 

აჭარა რიგით მეორე რეგიონია, სადაც თბილისის შემდეგ, კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. იმის გასარკვევად, თუ რა ხდება აჭარაში, ,,ბიზნეს-რეზონანსი“ ადგილობრივ ექსპერტს, სოციოლოგ პაატა აროშიძეს დაუკავშირდა. 

მისი თქმით, კორონავირუსმა აქაური ქალაქებისა და სოფლების ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და მძიმე რეალობა გაჩნდა, რომელმაც ათასობით ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გააუარესა. 

ყოველდღიური პროდუქტების ფასი მეტ-ნაკლებად შენარჩუნდა, ზოგიც - გაძვირდა, თუმცა რეალიზაციის მკვეთრი ზრდა არ დაფიქსირებულა. ამის მიზეზად სოციოლოგი რეგიონის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას მიიჩნევს და ამბობს, რომ ხალხი უსახსრობის გამო ელემენტარული მოთხოვნილების დაკმაყოფილებასაც ვერ ახერხებს.

,,ყველა სასტუმრო - მსხვილიც, საშუალოც და წვრილიც,  დახურულია. გაჩერდა ისედაც მწირი მრეწველობა. ცოტ-ცოტას სამკერვალოები მუშაობენ, მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც ნიღბებს კერავს. არსასურსათო მაღაზიები დაკეტეს. სავაჭრო ცენტრებში კი მხოლოდ სასურსათო განყოფილებები მუშაობენ. სუპერმარკეტებში დეფიციტი არ იგრძნობა და არც არის მოსალოდნელი, რადგან დიდი რაოდენობით პროდუქტს არ ყიდულობენ. საუკეთესო შემთხვევაში 2-3 დღის საკმარის პროდუქტს თუ შეიძენენ, შემოსავალი არ აქვთ იმდენი, რომ კვირის სამყოფი საკვები მოიმარაგონ. ფასების მხრივაც დიდი ცვლილება არ არის. ვისაც სოციალური პასუხისმგებლობა აქვს, ცდილობს, არ გააძვიროს პროდუქტი. ზოგი სარგებლობს სიტუაციით და არაკეთილსინდისიერად ზრდის ფასებს, ყველგან სხვადასხვა სიტუაციაა. 

რაც მთავარია, პურის ფასი არ გაზრდილა. მარტოხელა და მოხუცებს მოხალისეები ბინაზე აწვდიან საკვებს. ეს პროცესი ადგილობრივმა თვითმმართველობამ დაარეგულირა. ვისაც სჭირდება, ადგილზე მიეწოდება საკვები და წამლები, კარანტინისთვის კი სპეციალური ტერიტორიაა გამოყოფილი. ახალი რეალობაა, რომელთანაც შეგუების ეტაპს გავდივართ“, - განუცხადა აროშიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს“. 

მისი თქმით, ყველაზე მეტად ხალხი უმუშევრობას განიცდის. დღიურ გამომუშავებაზე ვინც დამოკიდებული იყო, დღეს სამუშაოს გარეშეა, მათ შორის არიან სამარშრუტო ტაქსების მძღოლები. ისინი მასობრივად დაითხოვეს. ზოგს ბანკების ვალი აქვს, ზოგს ქირის თანხაა აქვს გადასახდელი, ყველას თავისებურად უჭირს. 

"2008 წელსაც გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და ბანკების ვალდებულების გამო ხალხი განსაცდელში აღმოჩნდა. დღეს ეს საფრთხე არ არის, თუმცა შემოსავალი მოაკლდათ და უამრავი ოჯახის ყოფა დამძიმდა. მთავარია სიტუაცია კონტროლს გარეთ არ გავიდეს, ამის შიში აშკარად იგრძნობა“, - აღნიშნა პაატა აროშიძემ.

კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემაზე საუბრობს ხალხი რაჭაში, კახეთში, სვანეთსა და სამეგრელოში. თელაველი ნანა შაქარაშვილი ამბობს, რომ მოძრაობა თითქმის გაჩერდა და ხალხი წესებს ემორჩილება.

,,კაფე-ბარები, მაღაზიები და სავაჭრო ცენტრი დაკეტილია. მხოლოდ სუპერმარკეტები და აფთიაქები მუშაობენ. გარეთ გასვლას ყველა ერიდება. როგორც კი ამინდი გაუმჯობესდება, საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყება, ცოტათი მაინც გამოაცოცხლებს აქაურობას“, - თქვა თელაველმა დიასახლისმა. 

ანალოგიური მდგომარეობაა მესტიაშიც: ,,საკარანტინო ზონები გამოიყო და საჭიროების შემთხვევაში განათავსებენ ხალხს. აღარ არიან ტურისტები. მეზობლებიც კი არიდებენ თავს ერთმანეთთან მისვლას. თითქმის ცხოვრება გაჩერდა, რთულად საყურებელია ეს ყველაფერი. მარაგის მხრივ პრობლემა არ არის. ადგილობრივი თვითმმართველობა მაქსიმალურად გვიდგას გვერდით და გვეხმარება, ვისაც ამის საჭიროება აქვს“, - განაცხადა გენადი ნიჟარაძე ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ სატელეფონო საუბრისას.

სიტუაცია დიდად არ შეცვლილა რაჭაში, სადაც მოსახლეობა ისედაც აღარ არის და, შესაბამისად, ვირუსის გავრცელების რისკი დაბალია, თუმცა როგორც ამბროლაურის მკვიდრმა გივი მდივნიშვილმა აღნიშნა, სოფელში დაბრუნდა რამდენიმე ოჯახი, რომელიც თბილისსა და ქუთაისში ცხოვრობს. 

,,აქ არ გვიჭირს, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკა თუ დაზარალდა და მოსახლეობის მდგომარეობა ერთბაშად გაუარესდება, მძიმე შედეგი ჩვენზეც აისახება. ვირუსის გავრცელების შიში იმდენად არ გვაქვს, ქვეყნის მომავალი გვაფიქრებს“, - აღნიშნა გორისუბნელმა გლეხმა.

რთული ვითარებაა არც ზუგდიდშიც, თუმცა ადგილობრივების ინფორმაციით, ხალხმა საგაზაფხულო სამუშაოებითვის დაიწყო მზადება და ყველა მოსავლის გაზრდაზეა ორიენტირებული. ყველაზე მეტ პრობლემას ხალხი აქ სურსათის გაძვირების გამო აწყდება.

,,ყოველდღიურად მატულობს ფასი. შემოსავალი კი არ არის და რაც იყო, ისიც კორონავირუსმა შთანთქა. არ ვიცი, ამას როგორ გავუმკლავდეთ. ახლა დადგა გაზაფხული და არც ერთ ოჯახში არ მოიძებნება შარშანდელი ჭირნახული. მაინც ვიზრუნებთ იმაზე, რომ მიწას მივხედოთ, მეტი მივიწიოთ და მყარად დავდგეთ ფეხზე“, - განაცხადა სოფელ კახათის მცხოვრებმა ვაჟა ბესელიამ.

მძიმე  სიტუაცია შეიძლება შეიქმნას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მართალია, საზღვარი დანარჩენ საქართველოსთან დაიკეტა, თუმცა  რეგიონში უპრობლემოდ შედიან რუსეთიდან, სადაც კორონავირუსის ასეულობით შემთხვევაა დადასტურებული.

ყველაზე რთული ვითარება კი, მთელი საქართველოს მასშტაბით, რასაკვირველია, მარნეულსა და ბოლნისშია, სადაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. ტერიტორიაზე გადაადგილება მკაცრად კონტროლდება.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქალაქში პანიკა არ შეინიშნება, მაგრამ კარანტინის პირობებში მიმოსვლის აკრძალვა სერიოზულ დისკომფორტს ქმნის. რამდენ ხანს გასტანს ეს მდგომარეობა და რა შედეგით შეიძლება დასრულდეს, ჯერ არავინ იცის.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×