საერთაშორისო დახმარების გარეშე ქვეყანა მოსახლეობის კრიზისიდან გამოყვანას ვერ შეძლებს
სანდრო მდივანი
06.04.2020

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში უკვე 15 000 ადამინი დარჩა სამსახურის გარეშე. ეს მონაცემები დღითი დღე იზრდება და სულ მალე გაორმაგდება. საბოლოოდ რამდენ ადამიანი დაკარგავს სამუშაოს ამ ეტაპზე დაზუსტებით თქმა არ შეიძლება, მაგრამ მათი რაოდენობა საკმაოდ ბევრი იქნება, რადგან უამრავი კომპანია ვეღარ მოახერხებს პოსტკრიზისულ პერიოდში ძველებური სახით მუშაობის გაგრძელებას.

როგორ უნდა დაეხმაროს მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს? ამის შესახებ რეკომენდაციებს არაერთი პოლიტიკური გუნდი თუ არსამათავრობო ორგანიზაცია იძლევა. რამდენად არის საქართველოს ეკონომიკა და ბიუჯეტი იმისათვის მზად, რომ ათეულ ათასობით ადამიანს დაეხმაროს ფინანსურად? რა სახის დახმარება იქნება საჭირო იმ ადამიანებისთვის, ინც კოვიდ-9-ის გამოისობით შემოსავლის გარეშე დარჩნენ?

კორონავირუსით გამოწვეული მასშტაბური კრიზისი საქართველოს ეკონომიკას უკვე ძალიან მწვავედ შეეხო და ვითარება დღითი დღე უფრო მძიმდება. ეკონომიკური საქმიანობის შეჩერება უარყოფითად აისახება შრომის ბაზარზე. პანდემიის უარყოფითი გავლენა ყველა დასაქმებულზე თანაბრად არ ვრცელდება და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია იმის ანალიზი დასაქმებულთა რომელი ჯგუფები არიან ყველაზე მოწყვლადი მოცემულ სიტუაციაში.

ღია საზოგადოების ფონდის ინიციატივით მომზადდა დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკისა და საქართველოს შრომის ბაზრის თავისებურებების გათვალისწინების საფუძველზე, საქართველოს მთავრობას სთავაზობს რეკომენდაციებს მშრომელთა სოციალური უსაფრთხოების დროებით უზრუნველყოფისთვის.

წარმოდგენილი რეკომენდაციები ეხება მხოლოდ კრიზისული პერიოდის მართვას და მათში არ არის საუბარი ქვეყნის სოციალური უსაფრთხოების სისტემის ძირეულ ცვლილებაზე, რაც გაცილებით მეტ დროს და ძალისხმევას მოითხოვს. პანდემიის პირობებში მთავარი პრინციპი ისეთი ზომების მიღებაა, რომელთა განხორციელება სწრაფად და რაც შეიძლება ნაკლები ადმინისტრაციული ხარჯით შეიძლება მოხდეს.

ირკვევა, რომ საქართველოში სულ 15 000-მდე ოჯახია ისეთი, რომლებიც არაფორმალურად არიან დასაქმებულები და ვირუსის ფონზე დარჩნენ შემოსავლის გარეშე. რამდენად არის საქართველოს ბიუჯეტი იმისათვის მზად, რომ 15 000 ოჯახი უზრუნველყოს საკვებით ან ფულადი შემოწირულობით ამაზე პასუხი ცალსახაა სპეციალისტებისათვის.

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია აცხადებს, რომ მხოლოდ საქართველოს მთავრობის ბიუჯეტი საზოგადოების დასახმარებლად არანაირად არ არის საკმარისი და საკმაოდ მწირია, ამიტომ საჭიროა სხვა გზების გამოძებნა.

"საქართველოს ბიუჯეტს მსგავსი ქმედებებისთვის ძალიან მწირი შესაძლებლობა აქვს. მთავრობა, რომ მოსახლეობას გაზსა და დენს უხდის, ესეც გასაკვირია, საიდან აქვთ მობილიზებული. მსგავსი სახის შემწეობები ჩვენ უნდა მივიღოთ საერთაშორისოდონორებისგან და იგი საკმაოდ მოცულობითიც უნდა იყოს, რათა გადავარჩინოთ მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღატაკეში ჩაძირვას" - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს მთავრობა, თუ მან საერთაშორისო დახმარება ვერ მიიღო? არსებობს თუ არაა გეგმა, ამაზე მთავრობის წევრები არ საუბრობენ. ეკონომისტები კი მიიჩნევენ, რომ საქართველოს ბიუჯეტი დახმარების გარეშე ხარჯებს ვერ გაწვდება და მოსახლეობის დიდ ნაწილს მძიმე ფინანსური კრიზისი ელის.

ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი „ბიზნეს-რეზონანსთან“ აღნიშავს, რომ ახლა საქართველოს საერთაშორისო დახმარება ჰაერივით სჭირდება, სავარაუდოდ, ეს იქნება ვალი, თუმცა ყველაზე გამართლებული და დროული სახელმწიფოს მხრიდან.

„საბოლოოდ უმუშევრად დარჩენილი 15 000 ოჯახზე ბევრად მეტი იქნება, რადგან ქვეყანაში უამრავი თვითდასაქმებული ადამიანი გვყავს. არასწორია, რომ მხოლოდ დაქირავებულ მუშახელს დავეხმაროთ და მივატოვოთ ის ადამიანები, რომლებიც თვითდასაქმებულები არიან. 

მიზნობრივი დახმარებაა საჭირო, საწყის ეტაპზე მინიმუმ 1 მილიარდი ლარი. მეეჭება ამას საქართველოს ეკონომიკა და ბიუჯეტი გასწვდეს, ამიტომ საერთაშორის პარტნიორების დახმარება აუცილებელი და საჭირო იქნება. რასაკვირველია, ფულს არავინ გვაჩუქებს, ეს იქნება ვალი, თუმცა ყველაზე დროული და საჭირო. სახელმწიფომ უნდა შეძლოს იმ ადამიანების გამოვლენა და დახმარება, ვინც შემოსავლის გარეშე დარჩა. ბიუჯეტი უნდა გადათამაშდეს,“ - განუცხადა ზვიად ხორგუაშვილმა „ბიზნეს-რეზონანსს“.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×