"საქართველო კარგად უნდა მოემზადოს, რომ სამომავლოდ შიმშილობის საფრთხე თაბიდან ავიცილოთ"
ირაკლი ლომიძე
06.04.2020

მთავრობა საგაზაფხულო სამუშაოებისთის მოსახლეობაში ვაუჩერების დარიგების საკითხს განიხილავს. ჯერჯერობით უცნობია, რა მოცულობის ვაუჩერი დაურიგდება გლეხებს სოფლებში და რამდენად შეუწყობს ეს ხელს საგაზაფხულო სამუშაოების მაღალ დონეზე ჩატარებას. ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებას განცხადება ამ ეტაპზე არ გაუკეთებია, თუმცა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ადასტურებს, რომ  მთავრობა საგაზაფხულო სამუშაოების დასუბსიდირების თემას განიხილავს. 

„რა თქმა უნდა, ეს საკითხის დღის წესრიგში დგას და ამას ყველა ხვდება. იმპორტის ჩანაცვლებაზე მიდის ბევრი საუბარი, ჩვენც ამაზე ვფიქრობთ. კონკრეტული მონახაზი არის, მაგრამ ახლა არ არის ის დრო, როცა პარლამენტი და მთავრობა სხვადასხვა ინიციატივებზე უნდა საუბრობდეს. ჩვენ კომიტეტის ფორმატში განვიხილავთ წინადადებებს, შემდეგ იგი მიდის პრემიერთან არსებულ საბჭოში და მათი მხრიდან გახმოვანდება ყველაფერი, რაც საერთო შეჯერებული პოზიციაა. ახლა ყველაზე მეტად არის საჭირო შეჯერებული პოზიცია“, - განაცხადა რომან კაკულიამ.  

სოფლის მეურნეობის ხელშეწყობასა და ვაუჩერების დარიგების აუცილებლობაზე საუბრობს სოფლის მეურნეობის სფეროს სპეციალისტი, ექსპერტი ანზორ მესხიშვილი. პროფესორი მიიჩნევს, რომ დროულად უნდა განხორციელდეს სამუშაოები და გლეხებს ხელი შეუწყონ, რის გარეშც ქვეყანა, შესაძლოა, შიმშილის რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.

,,საქართველოს სოფლების უმეტეს ნაწილში საგაზაფხულო სამუშაოები უკვე დაწყებულია. ამ მხრივ უამინდობამაც ვერ დააბრკოლა ხალხი, იმდენად დიდია მოტივაცია, რომ მოსავლიანობა გაზარდონ. დღეს ამის აუცილებლობა მოსახლეობამაც დაინახა და ამ მხრივ კორონავირუსმაც ერთადერთი სიკეთე მოიტანა, თუ შეიძლება ასე ითქვას! ერთი გოჯი მიწაც არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი, ამის გარეშე ქვეყანაში შიმშილობა გარდაუვალია. 

დასავლეთ საქართველომ სიმინდი და ლობიო უნდა დათესოს რაც შეიძლება დიდი რაოდენობით. ქვეყნის ისტორიიდან ვიცით, რომ იყო ჟამიანობა, შავი ჭირი და სხვა დაავადებები ვრცელდებოდა ხალხში და მთელი დასავლეთ საქართველო ფხალეულზე გადადიოდა კრიზისულ პერიოდში. განსაკუთრებით კარტოფილს უნდა მოვუაროთ, თორემ საშინელი შემოდგომა გველის. ცხადია, მოსახლეობის შრომამ შედეგი რომ მოგვცეს და ხარისხიანი პროდუქტი მივიღოთ, ხელშეწყობა სჭირდება სოფელს. 

პირველ ეტაპზე შეიძლება ვაუჩერები დარიგდეს. შემდეგ რა საჭიროებებიც გამოიკვეთება, იმის მიხედვით უნდა გაეწიოს ხალხს დახმარება. დამოუკიდებლად ამ პრობლემასთან გამკლავება ხალხს გაუჭირდება. არ ვიცი, რა ნაბიჯის გადადგმას აპირებს მთავრობა და როგორი იქნება ვაუჩერით გათვალისწინებული პირობები, მაგრამ ფაქტია, რომ ეს დახმარება დღეს სოფელს ყველაზე მეტად სჭირდება“, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" მესხიშვილმა.

სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერების დარიგების აუცილებლობაზე საუბრობს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი კობა კობალაძეც. იგი დარწმუნებულია, რო ამის გარეშე საქართველო გლობალური პროცესების გავლენას თავს ვერ დააღწევს. 

,,აგრარულ სექტორში უამრავი პრობლემაა. მოსავლიანობა მუდმივად მცირდებოდა და ეს საფრთხე იკვეთებოდა 2020 წლისთვისაც, მაგრამ კორონავირუსმა ეს პროცესი კიდევ უფრო გააძლიერა. ახლა ერთადერთი გამოსვალია, რომ სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას მთავრობამ ხელი შეუწყოს და წარმოებას მიხედონ. 

ყველგან საგაზაფხულო სამუშაოებია და მინიმალურად მაინც უნდა დაეხმარონ ხალხს, რომელსაც ეპიდემიის გავრცელების გამო ისედაც ბევრი პრობლემა აქვს. ვერ გეტყვით, რა სახის დახმარება შეიძლება იყოს, მაგრამ კარგია, რომ მთავრობას აქვს ამის სურვილი და გარკვეული სახის სუბსიდიის მიზანიც საგაზაფხულო სამუშაოების დროულად და ხარისხიანად ჩატარებისთვის. ეპიდემიის გამო ქვეყანაში ბევრი პრობლემა შეიქმნება და საქართველო კარგად უნდა მოემზადოს, რომ საფრთხე ავიცილოთ", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" კობალაძემ.

სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერების დარიგებაზე ამ რამდენიმე დღის წინ ოპოზიცია აქტიურად ლაპარაკობდა. ,,ქართული ოცნების“ ოპონენტების რეკომენდაციაა, რომ მიწის დამუშავების და აგრობიზნესის დაწყების ყველა მსურველს, ვინც 2 ჰექტარ მიწას ფლობს, სახელმწიფომ უნდა დაურიგოს 300-500 ლარის ოდენობის ე.წ. ვაუჩერები, რომელთა გამოყენებით, მათ დაუფინანსდება სხვადასხვა ხარჯი (საწვავის, თესლის, ნერგის და სხვა). ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ ეს არის აუცილებელი ღონისძიება, რომელიც დღეს სოფლის მოსახლეობას გადაუდებლად სჭირდება.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×