ელექტროენერგიის იმპორტი აღარ გვჭირდება, ქვეყნის შიდა რესურსებით მოთხოვნის დაკმაყოფილება, ამ ვითარებაში, სავსებით შესაძლებელია
გვანცა წულაია
08.04.2020

კორონავირუსისგან გამოწვეულმა ვითარებამ ენერგეტიკას აშკარად არგო - საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება საგრძნობლად შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ხალხს, კარანტინის გამო, სახლში ყოფნა უწევს და დენს ორმაგად მოიხმარს, დაიკეტა ელექტროენერგიის მსხვილი მოხმარების ობიექტები, რის ხარჯზეც ენერგოსისტემაზე დატვირთვამ იკლო. ენერგეტიკოსები ადასტურებენ, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება იმდენად შემცირებულია, რომ შესაძლოა, შიდა რესურსიც საკმარისი იყოს და იმპორტირებული დენი აღარც დაგვჭირდეს. 

"სახელმწიფო ელექტროსისტემის” ინფორმაციით, 9 მარტიდან ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელი, საქართველოს მასშტაბით, თებერვალთან შედარებით, შემცირებულია 4%-ით, შარშანდელთან შედარებით, თვის ჭრილში, შემცირებულია 7,6%-ით, დღის ჭრილში კი – 14%-ით. მოხმარების შემცირება ლოგიკურია და ეს სამომავლოდ შესაძლოა, კიდევ უფრო შესამჩნევი გახდეს, რადგან ჯერჯერობით უცნობია, კორონავირუსისგან გამოწვეული შეფერხებები როდემდე გაგრძელდება. 

საინტერესოა, რამდენად შეიძლება, ამ ფაქტმა ელექტროენერგიის ტარიფზე იმოქმედოს. “ქართული ოცნების” წევრი, ენერგეტიკოსი რევაზ არველაძე მიიჩნევს, რომ “წესით, ტარიფი უნდა გაიზარდოს”, თუმცა ახლა ფორსმაჟორული ვითარებაა, რომელიც ყველა მხარემ უნდა გაითვალისწინოს. 

“ზოგადად რომ ვთქვათ, ელექტროენერგიის ტარიფი არის საერთო ხარჯები გაყოფილი მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე. ვინაიდან მნიშვნელი მცირდება, თავისთავად ცხადია, დანაყოფი გაიზრდება, წესით, ტარიფმა უნდა მოიმატოს, მაგრამ ამ მიმართულებით საუბარი არ უნდა იყოს. ახლა არის ფორსმაჟორული ვითარება და მდგომარეობა, რომელიც უნდა გაითვალისწინოს ყველამ. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ტარიფზე გავლენა არ უნდა მოახდინოს. თუ ეს მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდა, გადაანგარიშება მოხდება, მაგრამ ამჯერად – არა. 

თავისთავად ცხადია, რომ კორონავირუსმა გავლენა იქონია მოხმარებაზე, მათ შორის, რა თქმა უნდა, ენერგეტიკაზეც. თითქმის ის ყველა მსხვილი ობიექტი დაიკეტა, რომლებიც მუდმივი მომხმარებლები არიან: სასტუმროები, რესტორენები, საწარმოები და ა.შ. 

ამჟამად ჩვენი ჰიდროენერგეტიკული რესურსები ძალიან შემცირებულია. აქედან გამომდინარე, თბოელექტროსადგური მაინც მუშაობს. წესით, ამ პერიოდში  დაახლოებით 30%-მდე ადის იმპორტი, თუმცა ამ მხრივ უკეთესობაა, მაგრამ არა იმდენად, რომ საერთოდ აღარ დაგვჭირდეს უცხოეთიდან შემოტანილი ენერგია. 

ენგურზე წყალი თითქმის აღარ არის. აქედან გამომდინარე, ოკუპირებულ აფხაზეთს ბევრი ელექტროენერგია სჭირდება და იმპორტის მოთხოვნაც ჯერ ისევ არსებობს”, - განუცხადა “რეზონანსს” რევაზ არველაძემ.  

ქვეყანაში არსებული დახურული ობიექტების ხარჯზე, ელექტროენერგიის გამოყენება შემცირდა და ასეთი ვითარება გაგრძელდება, ვიდრე ქვეყანა საგანგებო რეჟიმში იქნება.  ენერგეტიკოსი გია არაბიძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის შიდა რესურსებით მოხმარების დაკმაყოფილება, ამ ვითარებაში, სავსებით შესაძლებელია. 

“ზუსტი მონაცემები ამწუთას არ მაქვს, მაგრამ, ბუნებრივია, მოხმარება შემცირდა, რადგან უზარმაზარი ობიექტები გაჩერდა. ამ ეტაპზე, ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნა სრულებით გაქრა. ჩვენ უკვე შიდა რესურსებითაც შეგვიძლია ელექტროენერგეტიკული ბაზრის დაკმაყოფილება. დაახლოებით, 32 მეგავატი შემოდიოდა კავკასიონიდან ოკუპირებული აფხაზეთისთვისათვის. სხვა დანარჩენისთვის, ენერგიას აღარ ვყიდულობთ. ჩვენი ჰიდრორესურსების საშუალებით მოთხოვნილებას სავსებით დავაკმაყოფილებთ. ერთადერთი, რაც ჩვენმა ენერგეტიკამ ე.წ. შეღავათი მიიღო, ისაა, რომ ელექტროენერგიას აღარ ვყიდულობთ და ვალუტა მეზობელ ქვეყნებში არ გაედინება. 

ამ ვითარებაში, მხოლოდ ეს პოზიტივი შეგვიძლია, დავინახოთ. ჩვენთვის მძიმე იყო დეკემბერი, იანვარი, თებერვალი და მარტის ნახევარიც. აპრილიდან პრობლემა აღარ გვაქვს, თუმცა ამ პერიოდში ერთადერთი პოზიტივია ენერგეტიკული სექტორი”, - განუცხადა “რეზონანსს” გია არაბიძემ.

ახლა ყველაფერი კორონავირუსზეა დამოკიდებული. რამდენადაც სწრაფად მოხდება მისი დამარცხება, იმდენად ჩაჯდება ყველაფერი კალაპოტში. ამ მხრივ თუკი რაიმე “კარგი” შედეგი შეიძლება იყოს, ისაა, რომ ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, რამაც ენერგეტიკა შესაძლოა, “ამოასუნთქოს”, ენერგეტიკოს მურმან მარგველაშვილის განცხადებით, ქვეყნის განვითარებისთვის კი საჭიროა, რომ მოხმარების წინა მაჩვენებელს დაუბრუნდეს. 

“საერთოდ, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს დროებითი, რამდენიმეთვიანი მოვლენაა. ალბათ, ეკონომიკას გაუჭირდება სწრაფად დაბრუნება მის წინანდელ მოხმარების დონესა და ბრუნვაზე, ამიტომ რაღაც პერიოდი იქნება დაცემული მოხმარება, მაგრამ თუკი ჩვენ განვითარება გვინდა, მოხმარების წინა მაჩვენებლებს უნდა დავუბრუნდეთ. რა თქმა უნდა, ენერგოეფექტურობაც უნდა გამოვიყენოთ და გავითვალისწინოთ, რაც ასევე მოხმარების შემცირებაზე მოქმედებს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, არ უნდა გვქონდეს იმის ანგარიში, რომ, ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან ერთად, მოხმარება მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს. 

გრძელვადიან პერსპექტივაში მაინც ელექტროენერგიის მზარდ გამოყენებას უნდა ველოდოთ და გვინდოდეს კიდეც, რადგან ამას ფეხდაფეხ მიჰყვება ეკონომიკური წინსვლა. ამ შემთხვევაში, იაფი ენერგიის წილი იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რაც იყო კორონავირუსამდე", - განაცხადა მურმან მარგველაშვილმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×