"დღეს ქვეყნის ძალიან ბევრი ეკონომიკური დარგი სრულიად გაუაზრებლად არის გაჩერებული"
თამარ მუკბანიანი
08.04.2020

ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა, პრაქტიკულად, პარალიზებულია და წესები უფრო და უფრო მეტად მკაცრდება. პირდაპირპროპორციულად მძიმდება მოსახლეობის ეკონომიკური ფონიც. რა სექტორებში შეიძლება მოიხსნას შეზღუდვები და სად არის ლოგიკას მოკლებული აკრძალვები, ,,რეზონანსთან“ სპეციალისტები საუბრობენ, რომელთა აზრითაც, თუ ეს ვითარება მალე არ დასრულდა, მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის არჩევანი იქნება მხოლოდ ორი - შიმშილით ან ეპიდემიით სიკვდილი! 

ქვეყანაში აიკრძალა ის საქმიანობაც კი, რომელიც გაუგებარია, რატომაა საფრთხის შემცველი. მაგალითად, რატომ შეიძლება სურსათისა და მედიკამენტების დისტანციურად შეძენა და რატომ არ არის შესაძლებელი იმავე ნორმების დაცვით ავეჯის, ტექნიკის ყიდვა ან რა უნდა ქნან იმ ადამიანებმა, ვისაც სახლში ონკანი გაუფუჭდათ ან მათ სახლში მილი გასკდა? ამაზე მთავრობას პასუხი არ აქვს და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ახლა პრიორიტეტი ადამიანის სიცოცხლეა. თუმცა, თუ შეზღუდვები დიდხანს გაგრძელდა, ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე უკვე შიმშილის გამო დაემუქრება. 

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, უმუშევრობისა და ნაკლები ეკონომიკური აქტივობების პირობებში საქართველოს ეკონომიკა ვერ შეძლებს, თვეების განმავლობაში თითოეული მოქალაქის სუბსიდირება მოახდინოს. ამიტომ მთავრობა ცდილობს ბალანსის დაცვას და კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლას ისე, რომ ბოლომდე არ შეზღუდოს ეკონომიკური აქტივობა.

მიუხედავად ამისა, 7 აპრილს დროებით შეჩერდა ქვეყანაში აგრარული ბაზრების მუშაობა და ასევე დროებით ყოველდღიური შემოსავლის გარეშე დარჩა 45 100 მოვაჭრე და, სავარაუდოდ, ამაზე ორჯერ მეტი ფერმერი, რომლებიც მათ პროდუქციით ამარაგებდნენ. 

ევროპაში, სადაც გაცილებით უარესი ვითარებაა, ვიდრე საქართველოში, უკვე დაიწყეს შეზღუდვების მოხსნა. პირველი ნაბიჯი ჩეხეთმა გადადგა და უახლოეს დღეებში იმავეს აპირებს დანია, გერმანია და ავსტრია. სრულად მოიხსნა საკარანტინო ნორმები ჩინეთსა და სამხრეთ კორეშია. ახლა რიგში სხვა ქვეყნებია. საქართველოში კი ყველაზე უკეთესი ვითარებაა, მაგრამ არავინ საუბრობს აკრძალვების გაუქმებაზე, პირიქით, კიდევ უფრო იზღუდება ნებისმიერი საქმიანობა. როდიდან და რა სექტორებზე უნდა მოიხსნას შეზღუდვები, ამაზე ,,რეზონანსთან“ სპეციალისტები საუბრობენ. 

აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი ამბობს, რომ გადაწყვეტილებების ნაწილი დაუსაბუთებელი და არალოგიკურია, თუ რატომ გაჩერდა კონკრეტული დარგები. ამიტომ შედეგი იქნება უმძიმესი. 

,,დავიწყოთ იმით, რომ ჩვენზე ბევრად დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს აქტივობა სრულად არ შეუზღუდავთ და ნულზე არ დაუყვანიათ. როდესაც გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ეს უნდა იყოს მკაცრად და მკაფიოდ დასაბუთებული, თუ რა იყო მიზეზი და რატომ გავაჩერეთ ესა თუ ის სექტორი. პრემიერს როცა ექიმებთან აქვს შეხვედრები, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ასეთ დროს მხოლოდ სამედიცინო მიმართულებაზე ისმენს რეკომენდაციებს. ამ დროს ჩვენ გვაქვს უმნიშვნელოვანესი პრობლემები ეკონომიკური კუთხით. გეუბნებით, ჩვენ გაცილებით დიდი გამოწვევის წინაშე ვიქნებით სულ მალე, ვიდრე ამას გვიქადის ვირუსი ჯანმრთელობის მხრივ. 

რატომღაც მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება - მოდით, გავაჩეროთ ქვეყანა და გაჩერდება ვირუსი, მაგრამ ძალიან დიდი ბოდიში... თუ ადამიანები დაგვეხოცებიან შიმშილით, არ მგონია, ვინმესთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, რითი მოკვდება, კოვიდ-19-ით თუ ულუკმაპურობით. აქედან გამომიდნარე, მე პირადად მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეკონომიკური გუნდი ვერ აცნობიერებს რისკს, რომელიც აუცილებლად მოჰყვება მათ ალოგიკურ გადაწყვეტილებებს. 

რასაკვირველია, ზომები უნდა გაგვეტარებინა, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ქართული ეკონომიკის სიკვდილის ხარჯზე. მე ვერ ვხედავ, რომ ვინმე დღეს ზის და ფიქრობს ამაზე.  პრემიერმა თქვა, რომ გაუგებარია, როგორ ვერ უნდა მოიცადოს ვინმემ ორი კვირა, ყურსასმენი რომ არ იყიდოს. გასაგებია, მოვითმენთ, მაგრამ  არსებობს რამე დასაბუთება, რომ ვირუსი არ ექნება იოგურტს და მეტი საფრთხეა ყურსასმენზე? მეორეა ის, რომ ჩვენ კი ვითმენთ, მაგრამ ვინც ყურსასმენს ყიდის, ის იქიდან სულდგმულობს, ხელფასს უხდის თანამშრომელს და შენატანს აკეთებს ბიუჯეტში. ეს არის ეკონომიკური ჯაჭვი და ამას თუ ვინმე ვერ ხვდება და ვიწრო პრიზმაში უყურებს ამ საკითხს, უდიდესი პრობლემაა ქვეყნისათვის. 

დღეს ქვეყნის ძალიან ბევრი ეკონომიკური დარგი სრულიად გაუაზრებლად არის გაჩერებული, რომელიც საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს. აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, საქართველოზე დაბალი ეკონომიკური პროგნოზი არც ერთ ქვეყანას არ აქვს ევროპაში და თუ რეგულაციებსა და ამ პროგნოზს შორის ვინმე პირდაპირ კავშირს ვერ ხედავს, ეს დიდი პრობლემაა“, - განაცხადა "რეზონანსთან" ბაირახტარმა. 

ანალიტიკოსი ირაკლი მაკალათიაც მიიჩნევს, რომ რაც მეტი დრო გავა, ჯანდაცვის პრობლემას ეკონომიკური ჩაანაცვლებს და დღის წესრიგში ადამიანების ფიზიკური გადარჩენა დადგება. 

,,სულ უფრო წინა პლანზე მოდის ეკონომიკური პრობლემები. დასაწყისში ჯანდაცვა იყო და როგორმე ვირუსის შეკავება.  რაც დრო გავა და სრული პარალიზება გაგრძელდება, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში ეკონომიკის ჭაობიდან ამოთრევა. მთავარი დარტყმა დღეს კერძო სექტორსა და იქ დასაქმებულებზე მოდის, მაგრამ ეს აზარალებს სახელმწიფოს პირდაპირ, რადგან შენატანები აკლდება ბიუჯეტს. 

პრობლემა დაგვიდგება, პირველ რიგში, ადამიანების უზრუნველყოფასთან მიმართებით. ამიტომ ახლა განსაკუთრებით გაუმართლებელია ეკონომიკის სრული პარალიზება, რაც დღეს ხდება. გასაგები იყო ეს პირველ ეტაპზე, ახლა კი დროა და დაგვიანებულიც კია, რომ დაიწყოს დარგების ეტაპობრივი ამუშავება, სადაც რისკი ნაკლებია. 

გასაგებია, რომ ხელისუფლება უშვებს სიჩქარეში შეცდომებს, მაგრამ ეს დროულად უნდა გასწორდეს და ზოგიერთი სფერო არ გაჩერდეს. ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ უსათუოდ უნდა მოხდეს არაერთი დარგის ამუშავება“, - აღნიშნა მაკალათიამ. 

სამოქალაქო პოზიციიდან აფასებს არსებულ ვითარებას ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია. იგი მომხრეა, რომ მყისიერად დაიწყოს შეზღუდვების გაუქმება.

,,მე არ ვარ ეკონომისტი, თუმცა სამოქალაქო პოზიციიდანაც ჩანს, რომ უკვე ეს თითოეულ მოქალაქეს ეხება. აღარ დარჩა სივრცე, რომ მოსახლეობამ გარკვეული შემოსავალი მიიღოს. პარალიზებულია სახელმწიფო და მოქალაქეც. ამიტომ უნდა ამოქმედდეს მყისიერად ის დარგები მაინც, სადაც საფრთხე დიდი არ არის.  მაგალითად, ონლაინ გაყიდვები უნდა იყოს სრული სპექტრით ამუშავებული და არა ისე, როგორც დღესაა. 

ეკონომიკური შიგა აქტივობების მინიმალური პირობები უნდა შეიქმნას. მეც და ყველა მოქალაქეს წართმეული გვაქვს ყველა უფლება, დავიწყებული გვაქვს საქმიანობის თავისუფლების განცდა და ნომინალურ პირობებს ვითხოვთ“, - განუცხადა ,,რეზონანსს“ გამზარდიამ. 

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს ამოქმედდა 1 თვის ვადით, თუმცა ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა იქამდე, მთავრობის რეკომენდაციებით დაიწყო.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ვანო   (13.04.2020)
ორი არჩევანი ჰქონდეთ, ვნახავდი ვინ დარჩებოდა სახლში 1-ს გარდა ;)


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×