სავაჭრო ქსელებსა და რეგიონის მაღაზიებში მომხმარებელს გაძვირებული სურსათის ყიდვა უწევს
თამარ მუკბანიანი
08.04.2020

მთავრობის მიერ სუბსიდირებულ 9 პროდუქტზე ფასი მაინც იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ 10 მლნ ლარი პირველადი დანიშნულების პროდუქტების დაზღვევაში დახარჯა, მომხმარებელს დახლებზე უფრო მაღალი ფასი ხვდება. მაღაზიები აშკარად თავნებობენ და ამის მიზეზი სუსტი მონიტორინგია. სწორედ ეს იწვევს სხვაობას იმ განცხადებებსა და რეალობას შორის, რომლებიც ხელისფულების მხრიდან კეთდება და რომელსაც მოსახლეობა ხედავს. 

ბრინჯი, ლობიო, მაკარონი, წიწიბურა, შაქარი, ხორბალი, ფქვილი, ზეთი, რძის ფხვნილი - ეს იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რომლებზეც მთავრობამ ფასების შენარჩუნება სუბსიდიის დახმარებით გადაწყვიტა და, შესაბამისად, ფასი, 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით, არ უნდა გაზრდილიყო. ასეთი იყო სახელისუფლებო გუნდის დაპირება, სუბსიდირება კი 3.0-იან კურსზე მოხდა, რაც ქართული სავალუტო ბაზრისათვის უცხო არც აქამდე ყოფილა და გასული წლის სექტემბრის ბოლოდან ლარი ამ ნიშნულს რამდენჯერმე მიუახლოვდა.  

მიუხედავად მთავრობის ძალისხმევისა, საყოველთაო პანიკის შემდეგ სუპერმარკეტების დიდ ნაწილში 9 ძირითადი სასურსათო პროდუქტის უმეტესობაზე ფასი უჩუმრად მაინც გაიზარდა. 

,,რეზონანსმა“ არაერთი ქსელური სუპერმარკეტი მოიარა და ფასები გადაამოწმა.  შაქარი, რომლის ფასიც 1 თვის წინ 1.65-1.70 ლარს შეადგენდა, ახლა მისი ღირებულება 1.90-2 ლარია; ფქვილი 1.15-1.25-დან ათი თეთრით გაიზარდა; ცვლილება ასევე უმნიშვნელო, 5-დან 20 თეთრამდეა მაკარონსა და ზეთის კონკრეტულ სახეობებზეც; მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ლობიოს ფასი, რომელიც 4.5-5 ლარი ღირდა, ახლა კი ყველგან 6 ლარადაა მისი შეძენა შესაძლებელი. მხოლოდ სავაჭრო ქსელ ,,ლიბრეშია“ 1 კგ-ის ფასი 5.75 ლარი. თითქოს თითოეულ პროდუქტზე ფასის ზრდა შეუმჩნეველია, თუმცა ჯამურად მნიშვნელოვანი თანხა გამოდის, მით უფრო კორონავირუსის გამო მოსახლეობის დამძიმებული ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში. 

,,რეზონანსი“ არაერთ იმპორტიორს გაესაუბრა და გაძვირების მიზეზი ჰკითხა. მათი თქმით, მიწოდება ხდება მთავრობასთან შეთანხმებული ფასით და ისინი არაფერს აძვირებენ, ამიტომ საკითხის დეტალებზე საუბრისაგან თავს იკავებენ და აღნიშნული თემის მოპასუხედ სარეალიზაციო ქსელებს მიიჩნევენ. 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მონიტორინგი ,,რეზონანსმა“ მხოლოდ დედაქალაქში განახორციელა და ჩვენთვის უცნობია, რა ხდება რეგიონებში ამ კუთხით და როგორია ფასების დინამიკა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. ბუნებრივია, კონტროლის პრობლემა ბევრად მწვავეა რაიონებში და ამაზე რეგიონული მედიასაშუალებებიც წერენ. გურიასა და სამეგრელოში  რომ ფასების ზრდის მხრივ ანალოგიური მდგომარეობაა, ამაზე ,,გურიანიუსი“ და ,,ლაივპრესი“ წერენ, “ბათუმელები" კი აჭარის რეგიონში გაზრდილ ფასებზე მიუთითებენ. 

მცირე მაღაზიებსა თუ მარკეტებში, სადაც “გურია ნიუსი" იმყოფებოდა, თუ 19 მარტს 1 ბოთლი მზესუმზირის ზეთი ღირდა 2.80 ლარი, ახლა მისი შეძენა 3.20 ლარადაა შესაძლებელი; 1 კილოგრამი შაქარი 45-50 თეთრით გაძვირდა, თუ აქამდე მისი შეძენა 1.70-1.75 თეთრად იყო შესაძლებელი, დღეს მისი ფასი 2.20 ლარია; 20 თეთრით გაიზარდა ფასი მაკარონზე; გაძვირდა წიწიბურა და ლობიოც, მაგრამ მაღაზიების ნაწილში აღნიშნულ პროდუქტებს ფიზიკურად ვეღარ ნახავთ და როგორც ამბობენ, სავარაუდოდ, ამ პროდუქტებზეც მოიმატებს ფასი.

ფასები ზუგდიდის სავაჭრო ობიექტებში ,,ლაივპრესმა“ გადაამოწმა და ვითარება იქაც ანალოგიურია, როგორიც დედაქალაქში, რიგ პროდუქციაზე კი ფასები ბევრად მეტადაა გაზრდილი: სხვა პროდუქტებთან შედარებით, წიწიბურას ღირებულება თითქმის 2-ჯერ გაიზარდა. ის 12 დღეში 2 ლარით გაძვირდა. მანამდე თუ 1 კილოგრამს 2.50 ლარად იყიდდით, დღეს ის 4.50 ლარი ღირს; 1კგ შაქარი 50 თეთრით გაძვირდა, თუ ღირდა 1.50 ლარი, ახლა 2 ლარი ღირს; 1 კგ ფქვილი 20 თეთრით გაძვირდა (ღირდა 1.50 ლარი და ახლა 1.70 ლარი ღირს); 1 კგ მაკარონი 80 თეთრით გაძვირდა - 1.70 ლარიდან 2.50 ლარამდე; 1 კგ ბრინჯის ფასმა 50 თეთრით მომატა (ღირდა 2 ლარი და ახლა 2.50 ლარი ღირს); 1 ლ მზესუმზირის ზეთი 70 თეთრით გაძვირდა (ღირდა 3.30 ლარი, ახლა 4 ლარი ღირს); 1 კგ რძის ფხვნილი 3 ლარით გაძვირდა და თუკი ღირდა 12 ლარი, ახლა მისი შეძენა 15 ლარზე ნაკლებად შეუძლებელია); 1 კგ ლობიო 1.50 ლარით გაძვირდა და ახლა 6 ლარი ღირს.

ლეიბორისტული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი  ამბობს, რომ მოსახლეობის მძიმე სოციალური ფონის პირობებში, უფრო მეტად მნიშვნელოვანია, მოხდეს იმ კომპონენტში აღსრულება,სადაც საბიუჯეტო სახსრები ჩაიდო. 

,,რაც შეეხება მსხვილ სავაჭრო ქსელებს, ყველაზე ნაკლებად მათთან მიმართებით უნდა არსებობდეს საშეღავათო სისტემა, რადგან ამის არანაირი აუცილებლობა არ არის და დროულადაა ეს რეგულაცია შემოსაღები. ჩვენ ვხედავთ მოსახელობასთან, იმ კერძო პირებთან მიმართებით არაადეკვატურად მაღალ ჯარიმებს, რომლებიც კომენდანტის საათს არღვევენ და ისიც არ ვიცით, რატომაა მათი სიარული ღამე უფრო მეტად საშიში, ვიდრე - დღის განმავლობაში და ამ დროს არ ჯარიმდებიან ის სუბიექტები, რომლებიც უამრავ ადამიანს აზარალებენ. 

მთავრობამ თქვა, რომ ფასები 9 პროდუქტზე არ გაიზრდება, ამ დროს კი ყველა ხედავს, რომ მაინც მაღლა მიდის. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს კანონში მსგავსი ჩანაწერი, დაჩქარებული წესით უნდა გაჩნდეს და თუ არსებობს, აღსრულება უნდა იყოს მყისიერი. მთავარია ისიც, რომ მცირე ჯიხურსა და დიდ ქსელზე ჯარიმა ერთი და იმავე ოდენობის არ უნდა იყოს. ეს ან აღსრულების პრობლემაა, ან - გულგრილობის. ახლა ის 5 და 10 თეთრიც კი უმნიშვნელოვანესი და სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია მოსახლეობისათვის. 

აუცილებლად მინდა ვთქვა იმ ორ ამოცანაზეც, რომლებიც დღეს უმნიშვნელოვანესია. ეს არის ფულადი კომპენსაცია ოჯახებზე 1000 ლარის ოდენობით, მათ გარდა, ვისი შემოსავალიც წლიურად 40 000 ლარს სცდება. ამასთანავე, განსაკუთრებული მხარდაჭერა იმ კომერციული და სამეწარმეო საქმიანობისა, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია ისე, რომ ეპიდემიის გავრცელბას ხელი არ შევუწყოთ“, - განუცხადა ჩხარტიშვილმა ,,რეზონანსს“. 

შეგახსენებთ, პროგრამა ითვალისწინებს ბენეფიციარებისთვის, 2020 წლის 15 მარტიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით, საქართველოში პროდუქტების იმპორტის მიზნით, უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი და ევრო) გაწეული ხარჯის სავალუტო კურსით მიღებული ცვლილების სუბსიდირებას. ამ მიზნით მთავრობამ ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყო.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×