"როგორც 2020, ასევე 2021 წლის ეკონომიკური მაჩვენებლები, სავარაუდოდ, იქნება უფრო მძიმე, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია"
თამარ მუკბანიანი
09.04.2020

ნულოვანი ეკონომიკური ზრდა ან რეცესია ასეთია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზი, საქართველოსთან მიმართებით. კოვიდ-19-ის გამო, ეკონომიკის დიდი ვარდნა 2021 წელსაც მწვავედ აისახება, ასე აფასებენ შემქნილ ვითარებას სპეციალისტები ქვეყნის შიგნით. 

მსოფლიო ბანკის პროგნოზის თანახმად, კორონავირუსის გამო, საქართველოში ეკონომიკური ზრდა მკვეთრად შენელდება. ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ეკონომიკური ბიულეტენის 2020 წლის გაზაფხულის გამოცემის თანახმად, პანდემიის ზემოქმედების შესარბილებლად უმნიშვნელოვანესია ისეთი გადამწყვეტი ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც ჯანდაცვის სფეროში ინვესტიციების პრიორიტეტულობას განსაზღვრავს და ადამიანებისთვის, განსაკუთრებით კი ყველაზე მოწყვლადი პირებისთვის სოციალურ დახმარებას უზრუნველყოფს.

ნეგატიურია, აზიის განვითარების ბანკის 2020 წლის პროგნოზიც: "საქართველოს ეკონომიკა წელს „კოვიდ-19“-ის პანდემიითა და ნავთობზე შემცირებული ფასებით გამოწვეულ საგრძნობ შენელებას განიცდის. ეკონომიკურ გაჯანსაღებას საქართველო 2021 წელს გაზრდილი შიდა მოთხოვნითა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით, ასევე საზღვარგარეთიდან აღდგენილი გადმორიცხვებით შეძლებს", - ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის ანგარიშში.

აზიის ბანკში ვარაუდობენ, რომ 2020 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა 2020 წელს 0%-მდე დაეცემა პანდემიისა და ნავთობზე ფასების ვარდნის, შემცირებული მოხმარების, ტურიზმისა და ვაჭრობის პასუხად. თუმცა, საქართველოს ეკონომიკა ჩვეულ დინამიკას დაუბრუნდება 2021 წელს 4.5%-იანი ზრდის მაჩვენებელით. არსებული პროგნოზის თანახმად, ევროპის ქვეყნებს შორის, ყველაზე ნაგატიური მოლოდინი საქართველოსთან მიმართებით გაკეთდა.

ამგვარი პროგნოზების და ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობის მიუხედავად, განვითარების იმედს და შანსს იტოვებს ქვეყნის პრემიერი, რომელიც ამბობს, რომ  საგანგებო მდგომარეობიდან და კარანტინიდან გამოსვლის გეგმა მზად არის.

„ეკონომიკური გამოწვევები დღეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, ჩვენ ველოდებით ეკონომიკის მნიშვნელოვნად შემცირებას და ბიუჯეტში ცვლილებებსაც ვგეგმავთ. მთავრობა უკვე მუშაობს გამკაცრებული ღონისძიებების, კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობიდან გამოსვლის გეგმაზე. ეს ვერ მოხდება ერთ დღეში და ერთ კვირაში. ეს უნდა იყოს ზომიერი გეგმა, რომელმაც უნდა დაიცვას ბალანსი "კოვიდ 19"-ის გავრცელების შეჩერებასა და ეკონომიკური პოტენციალის შენარჩუნებას შორის“, - განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ ამ გეგმის შედგენაში ჩაერთვებიან როგორც მაღალი რეპუტაციის და ნდობის მქონე ანალიტიკოსები, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ფონდები, რომლებიც გვეხმარებიან.

„ეს გეგმა უკვე არსებობს და დეტალებზე ვმუშაობთ. მიდგომა მარტივია. პრიორიტეტი არის ადამიანების ჯანმრთელობა. ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვიბრძვით ორ ფრონტზე - ჯანმრთელობისა და ეკონომიკური განვითარების წინახაზზე. არც ერთ ფრონტზე ცალკე აღებულ გამარჯვებას ფასი არ ექნება“, - აღნიშნა პრემიერმა.

რეალურად, რა პერსპექტივები აქვს ქვეყანას და რას უნდა ველოდოთ არა მხოლოდ 2020-ში, არამედ მომავალ წლებში და როდის დაძლევს საქართველო რეცესიას, რომელშიც უკვე ჩავარდა  ეკონომიკა, ,,რეზონანსთან“ სპეციალისტები საუბრობენ. 

,,ახალი ეკონომიკური სკოლის“ დამფუძნებელი, პაატა შეშელიძე ამბობს, რომ რეალურად პროგნოზი უფრო მძიმეა, ვიდრე ამას საერთაშორისო ორგანიზაციები ვარაუდობენ. 

,,როცა ვსაუბრობთ საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზებზე, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მათი წინასწარმეტყველება არასოდეს გამართლებულა და ამ მხირვ არც ერთი ზემოთ ხსენებული ორგანიზაცია არ წარმოადგენს ავტორიტეტს. ძალიან რთულია პროგნოზირება, რას გააკეთებს ჩვენი მთავრობა და რეალურ განზომილებაში როგორც 2020, ასევე 2021 წლის ეკონომიკური მაჩვენებლები, სავარაუდოდ, იქნება უფრო მძიმე, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია. იმდენი შეცდომები იქნა დაშვებული და ისეთ ჩიხში ვართ, ძნელი სათქმელია რა მოგველის. თავისუფალი ბაზრის პირობების აბსოლუტური უგულებელყოფა და ყველაფრის მთავრობაზე მიბმა, რაც დღეს ხდება, მერწმუნეთ, ძალიან ძვირი დაგვიჯდება. 

მთავრობა ამბობს, რომ მეტ ფულს მიაწვდის ეკონომიკას და შერჩევით დაუშვებს საქმიანობებს, ეს არის სისტემური შეცდომა, რისი შედეგიც იქნება ბევრად უარესი, ვიდრე ვინმე ამას გარედან პროგნოზირებენ“, - განუცხადა "რეზონანსს" შეშელიძემ. 

2020 წელს არათუ ეკონომიკის ზრდას, არამედ საერთოდ რეცესიას წინასწარმეტყველებს ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია. იგი დარწმუნებულია, რომ მიმდინარე წელი მშპ-ს ვარდნით დასრულდება და რეცესია მოსალოდნელია გაისადაც. 

,,ზუსტი პროგნოზი აბსოლუტურ ფორსმაჟორში, ფაქტობრივად, შეუძლებელია ვინმემ გააკეთოს. ვფიქრობ, 2020 წელი უარყოფითი მაჩვენებლით დასრულდება და რეცესია გაგრძელდება 2021-შიც. საბოლოო ჯამში, ზუსტი ზარალის დათვლა შეუძლებელია. პროგნოზები კი, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები აკეთებენ, არის დღევანდელი მდგომრეობის ემპირიული ხედვა, რაც ზედაპირულია. მათ რეალურად ძალიან მალე მოუწევთ გადახედონ მაჩვენებლებს და რიგ შემთხვევებში და ბევრ ქვეყანასთან მიმართებით კიდევ უარესი სურათი წარმოადგინონ.  

ჩვენ კი, ერთადერთი რაც შეგვიძლია არის ის, რომ შევქმნათ ძალიან დიდი "ცხიმის გროვა", ეკონომიკური რესურსის სახით,  რათა უცნობი ვირუსის შედეგს მომავალში მაინც შევებრძოლოთ“, - აღნიშნა ,,რეზონანსთან“ ჯგერენაიამ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×