სამომხმარებლო ბაზარზე, ერთ მხრივ, პროდუქტების დეფიციტია და მეორე მხრივ კი, კლიენტებიც გაქრნენ
სანდრო მდივანი
09.04.2020

დედაქალაქის და რეგიონების აგრარული ბაზრები დროებით დაკეტილია. მიზეზი , რასაკვირველია, კორონავირუსია. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა სპეციალური პროტოკოლი, რომლის დაცვაც სავალდებულო იქნება ბაზრებისთვის, რომლებსაც მუშაობის გაგრძელების სურვილი ექნებათ. სურსათზე ფასების ზრდა უკვე დაწყებულია და მომავალში გარდაუვალი იქნება.

კორონავირუსის გავრცელების შიშის გამო ბაზრების დახურვამ უამრავი მოვაჭრის უკმაყოფილება გამოიწვია, ისინი აცხადებენ, რომ ეს მათთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო და ახლა ლუკმაპურის გარეშე დარჩნენ, ისინი კი ვინც ამ პირობებში როგორღაც მუშაობას ახერხებენ, სხვადასხვა გზით პროდუქტებზე ფასს ზრდიან.

მოვაჭრეთა ითხოვენ დროს, რათა მალფუჭებადი პროდუქტის რეალიზების საშუალება მიეცეთ. ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იმასაც ამბობენ, რომ დახურვის გადაწყვეტილებაო პროდუქტების გაძვირება გამოიწვია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა გუშინ კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ პროტოკოლზე, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა. თუკი ბაზრების ადმინისტრაცია რეგლამენტის ყველა წესს დაიცავს, მათ საბითუმო ვაჭრობის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემათ.

ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი „რეზონანსთან“ აღნიშნავს, რომ ფასების ზრდა გარდაუვალი პროცესია პირველ რიგში, აუცილებელი საჭიროების პროდუქტებზე.

„გარდაუვალი იყო, რომ ფასები გაიზრდებოდა  პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, განსაკუთრებით კი სურსათზე. სწორედ ის ხდება, რასაც აქამდე ვვარაუდობდით. ახლა, რაც კი სამომხმარებლო ბაზარზე იყიდება,  60% არის სწორედ პირველადი მოხმარების საქონელი და მათი გაძვირება ორი მიზეზით არის გამოწვეული: პირველი - ეს არის ზოგადი ინფლაცია, ანუ ფულის მასის ზრდა, რომელიც დღემდე გრძელდება და მეორე და ყველაზე მთავარი - გაზრდილი მოთხოვნა. ხალხი მასობრივად  გადაერთო სწორედ აუცილებელ პროდუქციაზე. 

აქამდე მოთხოვნა იყო  გადანაწილებული შემოსავლების მიხედვით - სურსათზე, დასვენებაზე, გართობაზე, განათლებაზე და ა.შ ახლა კი მთელი ყურადღება გადავიდა პირველადი მოხმარების საგნებზე. შესაბამისად, ფასიც გაიზარდა ამ ტიპის საქონელზე", - განუცხადა „რეზონანსს“ ხორგუაშვილმა.

თბილისში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე პატარა ბაზარი მუშაობას ისევ აგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე დღეა არსებობს აგრარული პროდუქტებით მოვაჭრე ობიექტების დახურვის რეკომენდაცია. შესაძლებელია, რამდენიმე მათგანმა მუშაობა მაინც გააგრძელოს, რადგან დასაქმებულები სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვას ცდილობენ და ტერიტორიას ასუფთავებენ. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ასე გაგრძელების შემთხვევაში მოუწევთ ფასნამატით გაყიდონ პროდუქცია. ერთ-ერთი მათგანი ლამარა თოდუა, რომელიც ვაგზალზე რძის ნაწარმს და ყველს ყიდის.

„მე სოფელ გლდანში ვცხოვრობ სახლში ამომყავს ყველი და ვყიდი. სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, მარტვილიდან ჩემი დაც მიგზავნიდა რძის ნაწარმს და საქონელიც მეტი მქონდა გასაყიდად, ახლა კი შემიმცირდა. ხალხიც ცოტაა და რეალიზაციის შანსიც შემცირდა, შესაბამისად, ადრე თუ სულგუნს 12-13 ლარად ვყიდდი ახლა 15-16 ლარად ვცდილობ გავყიდო. შევდივარ ყველას მდგომარეობაში და ვიაზრებ, რომ შექმნილი მდგომარეობით არ უნდა ვსარგებლობდე, მაგრამ რა ვქნა, ჩემი ერთადერთი შემოსავლის წყაროს სწორედ ეს არის და თავის გადარჩენას ვცდილობ“, - განაცხადა ლამრა თოდუამ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტის დიდი ნაწილი მარნეულიდან შემოდიოდა, რაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში შეფერხდა.  ეს კიდევ ერთ-ერთი მიზეზია იმისა თუ რატომ ძვირდება აგრარულ ბაზარზე პროდუქტები.

ეკონომისტებს დაზუსტებით უჭირთ თქმა, თუ რამდენი პროცენტით გაძვირდება სურსათი და სხვა ტიპის საქონელი, თუმცა იმაზე არავინ დავობს, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტის ფასი ბაზარში საგრძნობლად გაძვირდება და მოსახლეობას კიდევ უფრო მეტად გაუჭირდება მისი შეძენა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×