კომპანიებს იმდენად გაუჭირდათ, რომ შეიძლება უკვე შეღავათის გაწევამაც ვერ უშველოს
ირაკლი ლომიძე
20.04.2020

კორონავირუსის გამო ადგილობრივ წარმოებას გამოუსწორებელი ზიანი მიადგა. პირველად, ბოლო წლების განმავლობაში, ეკონომიკური უსაფრთხოება დიდ განსაცდელში აღმოჩნდა. მთავრობის მოჩვენებითი სიმშვიდე, რომ მდგომარეობა გამოსწორდება, ბიზნესს შეღავათს ვერანაირად მისცემს, რადგან რეალური ნაბიჯი წარმოების გადასარჩენად არ გადადგმულა. მუდმივად ვისმენთ განცხადებებს, მაგრამ სიტუაცია მეწარმეებისთვის არათუ არ გაუმჯობესებულა, კატასტროფულად გაუარესდა, რასაც შეიძლება ადგილობრივი საწარმოების დახურვა მოჰყვეს და ეს პროცესი  უკვე დაწყებულია.

მართალია, მთავრობა ამბობს, რომ აგროწარმოებას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს, მაგრამ აქაც მძიმე სიტუაციაა, რაც მუშაობს, ისიც გაჩერდა და ახალი არაფერი იქმნება. ყველაზე დიდ პრობლემა მეწამეები აწყდებიან იმის გამო, რომ ნედლეული ვერ შემოაქვთ. 

ცხადია, იმპორტიორები გამოსავალს ადვილად მოძებნიან, მაგრამ ადგილობრივი წარმოება, რომელიც მყისიერ მოგებაზე არ არის ორიენტირებული, სწრაფ ამონაგებს ვერ გააკეთებს. ქართველი მეწარმეები ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ ამბობენ კიდეც, რომ წარმოება გააჩერეს და წარმოდგენაც არ აქვთ, გააგრძელებენ თუ არა საქმიანობას ან როდის შეძლებენ არაქათგამოცლილი ბიზნესის შველას, რომელიც დიდ დანაკარგს განიცდის.

სპეციალისტები მთავრობას ურჩევენ, რომ ეკონომიკის დასახმარებლად გამოყოფილი 2 მილიარდიანი დახმარების ნაწილი ადგილობრივი მრეწველობის ხელშეწყობას მოხმარდეს. კონკრეტულად რომელი მიმართულება შეიძლება გახდეს პრიორიტეტული, ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის. თუმცა, როგორც აკადემიკოსი ავთო სილაგაძე განმარტავს, განსაკუთრებით საყურადღებოა  ყველა ის საწარმო, რომელიც პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას უწყობს ხელს და მოსახლეობის სიცოცხლის შენარჩუნებას ემსახურება. 

,,ახლა ის დროა, როცა ადამიანები უნდა გადარჩნენ და არსებობის პრობლემის წინაშე არ დადგნენ. ფინანსური რეზერვი დიდწილად ამ მიმართულებით უნდა იქნას გამოყენებული. პირველ რიგში, ეს იქნება ალბათ სამედიცინო მომსახურება, დანარჩენი კიდევ დაკონკრეტდება. რამდენადაც ვიცი, მრეწველობის დახმარება გათვალისწინებულია, მაგრამ პრიორიტეტები ჯერ კიდევ არ არის გამოყოფილი. ვფიქრობ, დახმარება გაეწევა ყველა იმ საწარმოს, რომელიც პირველადი მოხმარების პროდუქტს აწარმოებს. 

ახლა, როცა საწარმოები დაიხურა და უმუშევრად დარჩნენ ადამიანები, მათი ინდივიდუალური დახმარებაც უკვე დარგების შენარჩუნების ტოლფასია, რომ ხალხმა შეძლოს თავისი საქმიანობის გაგრძელება, როცა ჩაწყნარდება სიტუაცია. მწარმოებელი იქნება თუ მომხმარებელი, შემოსავალი უნდა შეუნარჩუნდეს, რომ ძალების აღდგენა შეძლოს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" სილაგაძემ.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ხის საამქროს მფლობელი,  ბიზნესმენი  პაატა რაჭველიშვილი ამბობს, რომ არის საფრთხე, მისი საწარმო გაჩერდეს, რადგან მოთხოვნა მინიმუმამდე დაეცა.

,,გამოსავალს ვეძებ, რომ საქმიანობა გავაგრძელო. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ ვმუშაობთ,  მაგრამ დიდია დანაკარგი, მოთხოვნა კი მინიმუმამდე შემცირდა. დიდი ხანი არაა რაც მუშაობა დავიწყეთ და არ გვინდა გავჩერდეთ.  ქარხანა მთლიანად უახლოესი ტექნოლოგიებით არის აშენებული. 

სამშენებლო და სასტუმრო ბიზნესში შექმნილი ვითარების გამო რეალიზაცია შეწყდა. შესაბამისად, კრედიტის დაფარვის მხრივაც პრობლემა გვაქვს. მუშაობა ჩვეულებრივ რეჟმში რომ გაგვეგრძელებინა, სესხს 2 წელიწადში ვფარავდით, მაგრამ ახლა ეს წარმოუდგენელია. ხის საამქროში - 60 ადამიანია დასაქმებული.  მათი შენარჩუნება დამოკიდებულია იმაზე, როგორ იქნება ეპიდემიის შემდგომი სიტუაცია საქართველოში", - აღნიშნა მეწარმემ.

მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელის ირაკლი როსტომაშვილის შეფასებით კი, დარგს უჭირს იმდენად, რომ უკვე შეღავათის გაწევაც ვერ შველის, რადგან ყველაფერი გაჩერდა.

,,უმძიმესი სიტუაციაა და სახელმწიფოს მხრიდან ჩარევასაც  უკვე აზრი არ აქვს, რადგან უძრავი ქონების ბაზარზე სიცოცხლის ნიშანწყალი არ შეიმჩნევა. ჯერ კიდევ არ ვიცით, რა გარემოში ვიცხოვრებთ, ვის უნდა მოვთხოვოთ შეღავათის დაწესება, როცა ქვეყნის ცხოვრება პანაშვიდს დაემსგავსა. კატასტროფული სიტუაციაა და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საზოგადოება ვერ აღიქვამს. ვერ წარმომიდგენია, რაღაც საკითხზე ვიმსჯელო, როცა მშენებლობები საერთოდ არ არის. ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, მასალა ვერ მიგვაქვს ობიექტამდე, ელემენტარულად, მუშა ვერ გადაადგილდება, ყველაფერი გაჩერებულია", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.

დიდი პრობლემაა აგროწარმოებაშიც. ეპიდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ბოსტნეულის მწარმოებელთა ნაწილმა მუშაობა  გაურკვეველი ვადით შეაჩერა. კომპანია ,,ქართული ხილის კომპანიის“  დამფუძნებელი, ექსპორტიორი ვახტანგ ბეჟიტაშვილი ამბობს, რომ  საქმიანობა შეწყვიტა, რადგან საგანგებო მდგომარეობის გამო პრობლემა შეექმნათ.

,,კორონავირუსმა სერიოზული დაბრკოლება შეგვიქმნა, შეიძლება ითქვას, რომ გავჩერდით. რაც კომენტანდის საათის დაწესდა,  საწარმოო პროცესი შეუძლებელი გახდა. ბოლო დრომდე მწვანილის ექსპორტს ვახორციელებდით. როგორც წესი, იგი დღის საათებში იკრიფება. ღამით ხდება  პროდუქტის შეფუთვა და ბინულებში ჩალაგება. 

წარმოების ხაზი ასეა აწყობილი, მაგრამ საგანგებო მდგომარეობის გამო ეს ჯაჭვი დაირღვა. იძულებული გავხდით, რომ გავჩერებულვიყავით და ახლა შეზღუდვის მოხსნას ველოდებით. ამ ეტაპზე ექსპორტიც შეჩერებულია", - აღნიშნა ექსპორტიორმა.

გაჩერებული საწარმოების ჩამონათვალშია საქართველოში მეორადი საბურავების გადამამუშავებელმა ერთადერთმა საწარმო "ტიარსი".  საწარმოს დირექტორმა გივი ბაზღაძემ "ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადა, რომ უცხოეთიდან ნედლეული ვერ ჩამოაქვთ. ამ დროისთვის ვერც უკვე შეძენილი ტექნიკა-დანადგარის მონტაჟი ხერხდება.  

,,ჩვენ მეორე ეტაპზე ვიყავით გადასული, ამერიკის საელჩოს ფინანსური დახმარებით ახალი ტექნიკა-დანადგარები შევიძინეთ. ამ დროს მოგვისწრო ეპიდემიამ, რის გამოც დაკეტილია ბაზრები და ნედლეულს ვერ ვყიდულობთ. ძალიან დავზარალდით,  ძველი დანადგარები უნდა ჩაგვენაცვლა, საქონელი მიღებული გვაქვს და ვერ ვამონტაჟებთ. 

საკმაოდ დიდია დანაკარგი, სერიოზული ფინანსური რესურსი ჩავდეთ, ავიღეთ სესხიც, რომელიც საწარმოს ამუშავების პარალელურად უნდა გავესტუმრა, მაგრამ საქმე ვერ დავძარით. ამ მომენტში ისიც არ ვიცით, როდის შევძლებთ საქმიანობის გაგრძელებას. პოტენციური კლიენტებიც შეიძლება დავკარგოთ, ამის დიდი რისკია. პირველი შვება ის იქნება, რომ გაიხსნას ეკონომიკა და მუშაობა დავიწყოთ. მერე, ალბათ, ინდივიდუალურად უნდა იქნას ბიზნესის პრობლემა შესწავლილი", - განაცხადა მეწარმემ და დასძინა, რომ ბიზნესი მთავრობის კონკრეტულ სტრატეგიულ  გეგმას ელოდება, რის მიხედვითაც იხელმძღვანელებს კრიზისის პერიოდში. ახლა კი დიდია რისკი, რომ საქმიანობა დიდი ხნით გაჩერდეს.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×