“საწვავის გაიაფების ტენდენცია აუცილებლად იქნება ჩვენთანაც"
თამარ მუკბანიანი
21.04.2020

ისტორიაში პირველად, ნავთობის ფასი მსოფლიოს თითქმის ყველა ბირჟაზე უარყოფით ნიშნულზე დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ "ოპეკი პლუსმა" მოპოვების შემცირებაზე გადაწყვეტილება სულ რაღაც 10 დღის წინ მიიღო, ამან ფასების ჩამოშლა ვერ შეაჩერა. რამ გამოიწვია ამ მასშტაბის გაუფასურება მსოფლიო ბაზარზე და როგორ აისახება ეს საქართველოზე, ,,რეზონანსთან“ სპეციალისტები საუბრობენ. მოლოდინი დიდი არ არის, რადგან ბოლო ორ თვეში, 70%-იანი ფასთა კლების მიუხედავად, საწვავის ფასი საქართველოში მხოლოდ 10%-ით შემცირდა. 

ბოლო 30 წლის განმავლობაში "შავი ოქრო" ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა. ნავთობის ფასი კორონავირუსით გამოწვეული საკარანტინო ზომების გამო მკვეთრად დაეცა, მაგრამ მის განულებას არავინ მოელოდა. მსოფლიოს მასშტაბით ნავთობის საცავები გადავსებულია, მათი მყიდველი კი არ ჩანს. 

"რაიფაიზენბანკის" ანალიტიკოსების აზრით, მომავალში ნავთობის ფასი დამოკიდებული იქნება კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებულ ზომებზე, ენერგომატარებლებზე მოთხოვნის გაზრდას კი მხოლოდ მესამე კვარტალიდან შეიძლება, ველოდოთ.

პარალელურად, ფასები იკლებს სხვა მომპოვებელ ქვეყნებშიც. რუსეთის ბენზინის ფასი საბითუმო ბაზარზე თვითღირებულების ქვედა ნიშნულს ჩასცდა. რუსული მედიის ინფორმაციით, მწარმოებელი კომპანიები ერთ ტონა ბენზინს რამდენიმე ათასი რუბლის დანაკარგით ყიდიან. 13-დან 19 აპრილამდე მაღალხარისხიანად მიჩნეული რუსული ბენზინის ფასი ერთ ტონაზე 11%-ით გაუფასურდა. ამ ეტაპზე ერთი ტონა ბენზინი 35,77 ათასი რუბლი ღირს, მისი მოპოვება და წარმოება კი კომპანიებს 38 000 რუბლი უჯდებათ. გამოდის, რომ ამ დროისთვის კომპანიების წმინდა ზარალი ტონაზე 2,3 ათასი რუბლია.

ამის ერთ-ერთ მიზეზად ნავთობმწარმოებელი კომპანიები ბიუჯეტში მაღალ გადასახადებს ასახელებენ, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ იხარჯება. ერთი ბარელი "ურალსი" -2 დოლარი ღირდა, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.

2020 წლის 6 მარტიდან რუსულ ნავთობზე ფასი თითქმის 2-ჯერ შემცირდა. ბენზინის მიწოდების ფასი 2-ჯერ დაეცა და ერთ ტონაზე 269 აშშ დოლარი შეადგინა, დიზელის საწვავი კი 1,4-ჯერ დაეცა და 350 დოლარს მიაღწია ტონაზე.

ნავთობის გაიაფების მიზეზი ნათელია - პანდემიის გამო შემცირებული მოხმარება, თუმცა ახლა საქართველოს მოქალაქეებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, როგორი იქნება ასახვა ქართულ ბაზარზე. 

,,ფასები მსოფლიო ბაზარზე მოულოდნელი სისწრაფით მცირდება, შესაბამისად, შემცირების ტრენდი გვექნება ჩვენც. მსოფლიოში მოხდა უპრეცედენტო შემთხვევა, რომელიც პირველად დაფიქსირდა და თითქოს წარმოუდგენელი იყო ოპეკ-ის ბოლო შეხვედრის შემდეგ, სადაც დიდი შეთანხმება მოხდა მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით. 

დღეს ნავთობზე მოთხოვნა მინიმუმზეა დასული, როდესაც მიწოდება ისევ მაღალ ნიშნულზეა. ნავთობის საცავები ყველგან გადატვირთულია, რამაც გამოიწვია გუშინდელი ნეგატიური შედეგი. რაც შეეხება ჩვენთან არსებულ ვითარებას, ბოლო პერიოდში საწვავის ფასი 40 თეთრით შემცირდა და კლების ტენდენცია კვლავაც გაგრძელდება“, - განუცხადა "რეზონანსს" მთვრალაშვილმა. 

იმაზე, თუ რა იქნება შემდეგ და განაგრძობს თუ არა ჩამოშლას მსოფლიო სანავთობო ბაზარი, ვერავინ საუბრობს. დღის წესრიგს როგორც ჯანდაცვასა და მსოფლიო ყოველდღიურობაში, ასევე ეკონომიკაშიც ისევ კოვიდ19 ადგენს. ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ქართულ ბაზარზე არსებული კარტელის გამო, არ ელის მსოფლიო ბაზრის ტენდენციის ასახვას. 

..ადგილობრივ ნავთობის კარტელს 8 წელია, თითი არ შეხებია, ერთხელ ღარიბაშვილის ბრძანებით კონკურენციის სააგენტომ კვლევა ჩაატარა და სექტორი 55 მილიონით დააჯარიმა. როგორც მაშინ კვლევით ირკვევოდა კომპანიები შეთანხმებული ფასებით მოქმედებდნენ. თუმცა გავიდა დრო, ნავთობიმპორტიორებმა მთავრობასთან დაალაგეს და 55-მილიონიანი ჯარიმა 3 მილიონამდე შემცირდა. მაგ 3 მლნ-ის ამბავიც არ ვიცი, საერთოდ თუ გადაიხადეს. მას შემდეგ წლებია, მათთვის ხმა არავის გაუცია.

აგერ ნახავთ, პოსტკრიზისული პერიოდი დადგება და ჩინოვნიკები, რომლებიც ასეთ ბიზნესებს ლობირებენ, გამოვლენ ინიციატივით, რომ, ვითომდა ბიზნესის ხელის შეწყობის მოტივით, ამ და სხვა ბიზნესმენებს გადასახადები არ გადავახდევინოთ. როგორც წესი, თუ აკვირდებით, მსგავსი მსხვილი ბიზნესმენებისა და მათი ლობისტი მოხელეების ლექსიკა ერთნაირია. აქვე არ დაგვავიწყდეს კვირიკაშვილის ისტორიული რეფორმა, არ დავუკარგოთ კაცს, როცა ღარიბების ხარჯზე მდიდრებს საგადასახადო შეღავათები მისცა. ყველას გვახსოვს, მოგების გადასახადის რეინვესტირებაზე გაუქმების პარალელურად ნავთობზე აქციზის გადასახადი გაზარდა“ - განაცხადა ჯანიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×