კორონავირუსზე გაცილებით დიდი იქნება მსხვერპლი, რასაც ეკონომიკის გაჩერება გამოიწვევს
ნინა გარდაფხაძე
21.04.2020

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 22 მაისამდე გახანგრძლივდა მაშინ, როცა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში შეზღუდვები მსუბუქდება და ხალხი ნორმალური ცხოვრების რიტმს თანდათან უბრუნდება. საქართველო, რატომღაც, კვლავ ეპიდემიური პიკის მოლოდინშია, რომელიც თებერვლის შემდეგ ანონსდება, თუმცა, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არ დამდგარა და არც ერთი პროგნოზი არ გამართლდა. ამასობაში, ეკონომიკას აუნაზღაურებელი ზარალი ადგება. თუ შეზღუდვების მოხსნა არ დაიწყო, მოსახლეობას შიმშილით სიკვდილი ემუქრება. 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდება, ხოლო მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა - 27 აპრილამდე. 

პრემიერის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი თავგამოდებით ამტკიცებს, რომ ქვეყანა სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზეა. შემდგომი 2-3 კვირის განმავლობაში  ვიქნებით ვირუსის გავრცელების ყველაზე აქტიურ, პიკურ ფაზაში. ამ დროს ყველაფერი საპირისპიროდ ხდება, ვირუსმა უკან დაიხია და ყოველდღიურად სულ უფრო ნაკლები ადამიანი ავადდება.

პრემიერის მრჩეველმა თქვა ისიც, რომ საგანგებო  რეჟიმის დროს, რიგ ეკონომიკურ საქიმიანობებზე შეზღუდვების მოხსნა დაიწყება, მაგრამ ბევრ კითხვას აჩენს მთავრობის მოულოდნელი გადაწყვეტილება და საგანგებო რეჟიმის დათქმულ ვადაზე (10 მაისი) მეტად გახანგრძლივება. ეს განსაკუთრებით რთულ ვითარებაში აყენებს იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიური სამუშაოს იმედად იყვნენ და შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი იმ შედეგებზე საუბრობს, რომლებსაც აკრძალვების რეჟიმი იწვევს. მისი აზრით, მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნება ეკონომიკის გაჩერებით, ვიდრე ამას კორონავირუსი გამოიწვევდა, უბრალოდ, ამის სტატისტიკურად აღრიცხვა არ ხდება. 

,,რატომ არ დგას საკითხი - სიცოცხლე თუ ეკონომიკა? სინამდვილეში, ეკონომიკაც მოიაზრებს სიცოცხლეს. ეკონომიკური კრიზისი ნიშნავს მეტ უმუშევარს, ნაკლებ შემოსავალს, გაუარესებულ ჯანმრთელობასა და მეტ გარდაცვალებას. საქართველოში საშუალო თვიური შემოსავალი ერთ სულზე იყო 318 ლარი. ახლა უკვე, რა თქმა უნდა, უფრო ნაკლებია. ერთი ადამიანი აცხოვრებდა თავის თავს და კიდევ 2.4 ადამიანს.

მეტი უმუშევარი და ნაკლები შემოსავალი ნიშნავს: ათიათასობით ადამიანის შემოსავლის ნულამდე შემცირებას, ნაკლებ მიმართვას საავადმყოფოში, ნაკლებ განათლებას, ნაკლებ სასწრაფო-სამედიცინო გამოძახებას, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის შემცირებას (მათ შორის - სასიცოცხლოდ აუცილებელ წამლებზე), უხარისხო საკვებზე გადასვლას, კიდევ უფრო უხარისხო სიგარეტსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას, ელექტროენერგიისა და გაზის მოხმარების შემცირებას, დაავადების საწინააღმდეგო ჰიგიენურ საშუალებებზე მოთხოვნის შემცირებას, კრიმინალის ზრდას, განსაკუთრებით - ოჯახური ძალადობის კუთხით.

უბრალოდ, ამ ყველაფრის აღწერა არ ხდება და ესაა ტრაგედია, თორემ მსხვერპლი გაცილებით დიდი შეიძლება, იყოს“, - განუცხადა “რეზონანსს" ხორგუაშვილმა. 

ზარალი ეკონომიკის მეოთხედი და ბიუჯეტისთვის 3 მლრდ იქნება. ასეთია ანალიტიკოს რამაზ გერლიანის პროგნოზი. ხელისუფლება ახლა აქტიური საგაზაფხულო სამუშაოების განხორციელებას უნდა აწარმოებდეს, რასაც არ აკეთებს. 

,,საგანგებო რეჟიმთან ერთად, სატრანსპორტო შეზღუდვაც 27 აპრილამდე გაგრძელდა, რაც თავისთავად გაუაზრებელი და აბსოლუტურად არასწორი ნაბიჯია.  თუ ეს შეზღუდვები მკვეთრად არ შემსუბუქდა უახლოეს დღეებშივე, ეს არის ეკონომიკის ხელოვნური დამუხრუჭება, გაჩერება და არა მხოლოდ  იმისათვის, რასაც ნებართვა არ აქვს, არამედ იქაც კი, სადაც საქმიანობა ჯერ კიდევ დაშვებულია. მაგალითად, ნებადართულია სასურსათო ვაჭრობა, თუმცა რეალიზაცია, ბუნებრივია, იქაც დაიკლებს. მაღაზიებში უკვე განუცხადეს თანამშრობლებს, რომ ხელფასები ან კადრები შემცირდება იქაც კი, სადაც მოთხოვნა ყველაზე დიდია, პრობლემებია. 

დაშვებული საქმიანობაა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მაგრამ აქაც პირდაპირი დისკრიმინაცია და შერჩევაა. რიგი სუბიექტები ყიდიან ისე, რომ არ ექმნებათ პრობლემა და ამ დროს მათი კონკურენტები არიან გაჩერებული. 

ერთთვიანი საგანგებო რეჟიმის პირობებში, მე ვვარაუდობდი, რომ მხოლოდ ბიუჯეტი დაკარგავდა 3 მლრდ-ს, მაგრამ უკვე ჩანს, მთელი ეკონომიკის მეოთხედი დაიკარგება.  მნიშვნელოვანია ისიც, რომ განცხადებები კეთდება თვითუზრუნველყოფაზე, როცა არავითარი ნაბიჯი ამისათვის არ იდგმება. არადა, სწორედ ახლა, ამ სეზონზე ხდება ხვნა-თესვა და აგროპროდუქტის მოყვანის ფუნდამენტი ახლა იყრება. არავითარი ნაბიჯი არ იდგმება არც მთაში და არც ბარის რეგიონებში. 

ჩვენ ახლა ეკონომიკას ვანადგურებთ და ჯერჯერობით არც გრძელვადიანი და არც მოკლევადიანი გეგმა არ არსებობს.  მხოლოდ რამდენიმე სოციალური პაკეტი განხორციელდა და სულ ესაა“, - ამბობს გერლიანი ,,რეზონანსთან“. 

შეგახსენებთ, საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
მედეა   (23.04.2020)
ეკონომიკის განადგურება ,არა, ისა! ეკონომიკა ასე მალე და ადვილად ვერ განადგურდება, პანიკის დათესვას უწყობთ ხელს? ჩვენს ჯიბეებზე საგრძნობი შეფერხება აუცილებლად იქნება, გაგვიჭირდება უცილოდ, მაგრამ ქვეყნის დაქცევა არ არის მოსალოდნელი. ჩვენ პატარა მოცულობის მეურნეობა გვაქვს, იგი მობილურობით გამოირჩევა. წაიქცა, მაგრამ მალე წამოდგება, პესიმიზმი დაგვაზიანებს.

მარინა   (22.04.2020)
კორონა არ მომკლავს და ჩვენი მთავრობა კი.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×