ხალხი შიშობს, რომ გადასახადების დაფარვას შემდეგ თვეებში მოსთხოვენ
გვანცა წულაია
22.04.2020

მთავრობის მიერ ჩამოწერილი კომუნალური გადასახადები მოქალაქეებს არ განულებიათ. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აბონენტებს, რომლებიც 200 კვტ/სთ-ზე ნაკლებ ელექტროენერგიასა და 200 კბ/მ-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, 3 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდებათ, თუმცა, როგორც ირკვევა, ჯერჯერობით, მათ გადასადახი არ ჩამოეწერათ. 

ამ პრობლემით შესაბამის კომპანიებს არაერთმა მოქალაქემ მიმართა და უკმაყოფილება გამოხატა. მართალია, აბონენტებს არც დენის მიწოდება შეწყვეტიათ და არც - ბუნებრივი აირის, მაგრამ გადასახადი კვლავ ერიცხებათ. შესაბამისად, მოსახლეობა შიშობს, რომ კომუნალური გადასახადების დაფარვას შემდეგ თვეებში მოსთხოვენ. 

“თბილსერვისჯგუფში" აღნიშნულ პრობლემას “რეზონანსთან” ადასტურებენ და აცხადებენ, რომ დაპირება, რომელიც გაიცა, აუცილებლად შესრულდება და დავალიანება უახლოეს დღეებში განულდება. 

“უახლოეს მომავალში განულდება ეს ვალი ყველასთვის, ვისაც სახელმწიფოს შეღავათები შეეხო. რაღაც საკითხები იყო მოსაგვარებელი, რაც ერთი კომპანიიდან მეორე კომანიაში გადამისამართებას ეხებოდა. მაქსიმუმ, 2-3 დღის ვადაში განულდება ყველა გადასახადი. არანაირი პრობლემა არ არის. 

მოქალაქეები ჩვენც გვწერენ, სამსახურის გვერდზე და ყველას ვპასუხობთ, რომ სანარვიულო არაფერია და უახლოეს დღეებში ყველაფერი გასწორდება. სადღესასწაულო და დასვენების დღეებიც დაემთხვა, ამიტომ ძალიან მალე მოგვარდება ეს პრობლემა და ყველაფერი იქნება ისე, როგორც ითქვა”, - განუცხადეს “რეზონანსს” "თბილსერვისჯგუფში". 

კიდევ ერთი კომაპანია, რომელსაც მოქალაქეები იმავე პრობლემით მიმართავენ, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერია". 

“ამის შესახებ აბონენტები ჩვენც მოგვმართავენ. ველოდებით, როდის შევა ცვლილებები მთავრობის განკარგულებაში, რაც განსაზღვრავს იმ მოცულობას, რომლის დაფინანსებაც მოხდება. სწორედ აღნიშნული ცვლილების შეტანისთანავე დაიწყება მომხმარებლებისთვის წყლის დანახარჯის დაფარვა. არანაირი პრობლემა არ არის, უბრალოდ, ჩვენ ველოდებით მოცულობის განსაზღვრას”, - გვითხრეს თბილისის წყალმომარაგების კომპანიაში. 

მოსახლეობას, რომელიც თვეში დაახლოებით 37 ლარის ელექტროენერგიასა და 90 ლარამდე ბუნებრივ აირს მოიხმარს, მთავრობა კომუნალურ გადასახადს სამი თვით (მარტი, აპრილი, მაისი) გაუნულებს. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის მხრიდან დაპირება გაცემულია, მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის გადასახადი მაინც ჩამოუწერელია. ენერგოომბუდსმენი იმ სამ მიზეზს ასახელებს, რომლებმაც შესაძლოა, გაურკვევლობა გამოიწვია. სალომე ვარდიაშვილის თქმით, თუ რეალურად ასეთი პრობლემაა, თითოეული შემთხვევა უნდა იყოს გადამოწმებული. 

“ყველაფერი აუცილებლად უნდა გადამოწმდეს, რადგან არ გვქონია მსგავსი პრეტენზია და არც არავინ რეკავს. ჩემი პოზიცია ასეთია, რომ თუ მსგავსი შემთხვევა გაიპარა, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. ოღონდაც უნდა შემოწმდეს ინდივიდუალუად. 

რადგან თანხა არ არის სუბსიდირებული, ანუ რაღაც ხარვეზთან გვაქვს საქმე. ალბათ, არ არის სუბსიდია განხორციელებული და ამიტომაც აუცილებლად უნდა გაირკვეს ყველაფერი. პაკეტში რაც არის მოცემული, ის აუცილებლად უნდა აუნაზღაურდეს აბონენტს. 

ზოგადადაც, არანაირი პრობლემა არ იქნება. თუ აბონენტი იმ განსაზღვრულ პაკეტში მოექცევა, აუცილებლად აუნაზღაურდება. უბრალოდ, აქ შეიძლება არის ტექნიკური ანდა მონაცემების ასახვის პრობლემა, რომელიც უნდა დადგინდეს. ასევე საინტერესოა, კომპანიას ხომ არ დაავიწყდა მონაცემის მიწოდება. 

მოკლედ, აქ შეიძლება, სამი პრობლემა იყოს: ერთი - კომპანიას დაავიწყდა, მეორე - სუბსიდია არ განხორციელდა და მესამე - მონაცემები ვერ აისახა. ყველაფერი უნდა გაირკვეს ინდივიდუალურად, სად გვაქვს ხარვეზი”, - აღნიშნა “რეზონანსთან” საუბრისას ენერგოომბუდსმენმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ანა   (23.04.2020)
ძალიან უსამართლოდ არის დადგენილი ეს მოცულობები. ვინ ისარგებლა საერთოდ? ალბათ ძალიან მიზერულმა რაოდენობამ მოსახლეობის.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×