ინფრასტრუქტურის მინისტრი ამბობს, რომ საბანკო შეღავათების კუთხით საჭირო იქნება დამატებითი ღონისძიებების შემუშავება
გვანცა წულაია
22.04.2020

მთავრობა მოქალაქეების დასახმარებლად ახალ გზებს ეძებს. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, გაფართოვდეს იმ პირთა წრე, ვინც, კორონავირუსის გავრცელების შემდეგ შემოღებული რეგულაციების გამო, სამსახური დაკარგა, ასევე, საბანკო სფეროში შემოღებული შეღავათები გაგრძელდეს. ამასთან დაკავშირებით, ზუსტი პასუხი საზოგადოებას ხვალ იქნება. 

თითოეული მოქალაქისთვის, ვინც პანდემიის გამო უმუშევარი დარჩა ანდა შემოსავალი შეუმცირდა, ნებისმიერი სახის დახმარება მნიშვნელოვანია. ამიტომ ახლა მთავრობის ნებისმიერ ნაბიჯს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რათა ხალხი ბედის ანაბარა არ დარჩეს. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცახდებით, ძალიან მოკლე ვადაში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკების შედეგად, მოზიდულია დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი, რომელიც მოქალაქეების დახმარებასაც მოხმარდება.

“ჩვენ უკვე შეგვიძლია შევთავაზოთ მოსახლეობას ანტიკრიზისული სოციალური ღონისძიებები. პარასკევს შედგება ამ გეგმის პრეზენტაცია. მანამდე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ვხედავთ, რომ განსაკუთრებული დახმარება სჭირდებათ იმ მოქალაქეებს, ვინც ამ შეზღუდვებიდან გამომდინარე დაკარგეს ან ვისაც მნიშვნელოვნად შეუმცირდათ შემოსავალი. რაც შეეხება საბანკო შეღავათებს, დაზუსტებით ვერ ვიტყვი, გაგრძელდება თუ არა, მაგრამ ერთი ცხადია, რომ დაგვჭირდება დამატებითი ღონისძიებების შემუშავება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა და დასძინა, რომ მთავრობამ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე შეძლო პირველადი აუცილებლობის შეღავათების დაწესება. 

დეტალები, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს მთავრობა, უცნობია. ხელისუფლებაში შეღავათებზე არ საუბრობენ და ამბობენ, რომ “პარასკევამდე დუმილის უფლებას იყენებენ”. 

ჯანდაცვასთან ერთად, ეკონომიკური საკითხებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. უნდა ითქვას ისიც, რომ ქვეყანაში ამ მხრივ სახარბიელო ვითარება პანდემიამდეც არ ყოფილა. 

პარასკევამდე დეტალებზე არც მმართველი პარტიის წევრი რევაზ არველაძე საუბრობს, თუმცა ადასტურებს, რომ დახმარებები იქნება როგორც ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით, ასევე - საერთაშორისო სავალუტო საფინანსო ორგანიზაციებიდან. 

“ამ ყველაფერზე პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან ამის თაობაზე არაფერი ვიცი. როდესაც ჩვენ საგანგებო სიტუაციის რეჟიმი 22 მაისის ჩათვლით გადავავადეთ, მაშინ ეს საკითხები დავაყენეთ და ითქვა, რომ პარასკევს წარმოადგენდნენ ეკონომიკის აღდგენისა და სოციალური საკითხების გადაწყვეტის პროგრამას. სწორედ მაშინ გაირკვევა, როგორ უნდა დაეხმაროს ხელისუფლება მოსახლეობას.

თანხა იქნება გათვალისწინებული როგორც ბიუჯეტიდან, ასევე ის დახმარებები, რომლებიც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მივიღეთ, მაგრამ კონკრეტულად ჯერ არაფერი უთქვამთ, ამიტომ პარასკევამდე უნდა დავიცადოთ. ფინანსურ საკითხებს რაც შეეხება, ყველაფერი იქნება პარასკევს ცნობილი”, - განაცხადა “რეზონანსთან” არველაძემ.  

ქვეყანაში ამჟამად მძიმე ეკონომიკური ვითარებაა. უამრავი ადამიანი სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დარჩა. უმუშევარი მოსახლეობა ხელისუფლების იმედადაა, რომ მათ მთავრობისგან დახმარებები მიიღონ. 

"ახალი ეკონომიკური სკოლის" პრეზიდენტი პაატა შეშელიძე იმ გზებს ასახელებს, რითაც მთავრობა უმუშევრად დარჩენილ ხალხს უნდა დაეხმაროს. 

“კონკრეტულად რაზეა საუბარი, არ ვიცი. ვფიქრობ, საყოველთაო დახმარება საკმაოდ რთული საკითხია. ამიტომ უფრო გონივრული მგონია, რომ ადამიენებმა რაც გამოიმუშავეს, ის დარჩეთ, ვიდრე მათ დაუმსახურებელი მიიღონ. მაგალითად, თუ ადამიანს აქვს საშემოსავლო გადასახადი, სჯობს, დააკლონ და არ გადაახდევინონ, ვიდრე ის გადაუხადონ, რაც მან არ გამოიმუშავა. ასეთი რამ უფრო ეფექტური მგონია, რადგან ის ფული, რითაც დახმარებას ჰპირდებიან, საიდან მოდის, უნდა ვიცოდეთ. რაც შეეხება ბანკებს, შეთანხმება უნდა მოხდეს, რადგან შესაძლოა, კრედიტების გადავადება ვიღაცას სჭირდებოდეს და ვიღაცას – არა”, - განუცხადა “რეზონანსს” პაატა შეშელიძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
теимураз   (24.04.2020)
700 000-ма пенсионерма ра даашава,миецит тито твис пенсиа матац,ту арариан исини сачиро?

mzirali   (23.04.2020)
რატომგაც ყურადრების მიღმა რჩებიან მასწავლებლები , აკადემიური სფერის წარმომადგენლები. გაძვირებული ცხოვრებფის ფონზე აუცილებელია საშემოსავლო გადასახადის ან დაწევა 15 პროცენტით ან მისი გაუქმება გარკვეული დროით.

ია   (23.04.2020)
დახმარება უნდა დაუიგდეს ყველას. ვისაც წლიური შემოსავალი30 ათასზე მეტი არ აქვს. ყველას გვეხება ეს მდგომარეობა.

:(   (23.04.2020)
თვითდასაქმებულ ხალხს ჭირდება დახმარება, ვისაც ხელფასი კარტაზე არ ერიცხებოდა.ვინც წვალობდა და ორი კაპიკი შექონდა შვილებთან.დაეხმარეთ იმ ხალხს!კორონას გამო სახლში რომ დარჩნენ უმუშევრად.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×