"ეს არ იქნება უბედურება, შეიძლება ბიზნესის გადარჩენის გზაც კი იყოს"
თამარ მუკბანიანი
23.04.2020

კომპანიები, რომელთა დიდი ნაწილი დროებით დაიხურა ან შემოსავალი შეუმცირდა, პანდემიის გადავლის შემდეგ გაკოტრდება  და ამ პროცედურების დაწყება მოუწევს. ასეთია სამართლის სფეროს სპეციალისტებისა და ფინანსისტების ერთი ნაწილის მოსაზრება. მათი აზრით, ეს გარკვეულწილად, ბიზნესის გადარჩენის გზაც კი შეიძლება იყოს. 

უშუალოდ პანდემიამ ეკონომიკის რამდენიმე სექტორზე იქონია დამანგრეველი  გავლენა, როგორიცაა, მაგალითად, ტურისტული ბიზნესი, თუმცა საგანგებო მდგომარეობის პირობებში გამოცხადებულმა შეზღუდვებმა, ფაქტობრივად, ყველა სექტორი დააზარალა, რასაც, პირველ რიგში, უმუშევრობის მასობრივი ზრდა მოჰყვა. მას შედეგ კი, რაც ეპიდსიტუაცია გადაივლის და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმიც დასრულდება, ბიზნესს გადასახადის გადახდისათან ერთად, თანამშრომლებისათვის ხელფასის გაცემის პრობლემაც დაუდგება. მოსალოდნელია სხვა მრავალი სირთულეც. შესაბამისად, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ასეთ ვითარებაში სამართლებრივი გაკოტრების რეჟიმი იქნება ერთ-ერთი გამოსავალი.

გარკვეული დარგები აუცილებლად აღმოჩნდებიან მძიმე კრიზისის პირას, როგორიც არის უძრავი ქონების ბაზარი, გარკვეული ტიპის მომსახურების სფერო, ტურიზმი და მასში შემავალი სექტორები. ევროპის ლიბერალურ-ეკონომიკური ასოციაციის საერთაშორისო ეკონომიკური ექსპერტი ირაკლი ბერძენაძის აზრით, მათ მძჳმე თვეები ელით. 

,,თუ გავითვალისწინებთ, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული გლობალური ეკონომიკური ზარალი უკვე დღეს აჭარბებს 2.7 ტრილიონ აშშ დოლარს და საპროგნოზო გლობალური მშპ-ს ზრდის ტემპი არ გადააჭარბებს 1.5%-ს პოსტპანდემიურ პერიოდში განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკისათვის ეს იქნება ყველაზე დიდი გამოწვევა. მის წინაშე ძალიან ბევრი ქვეყანა დადგება. 

აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ კორონავირუსის შემდგომი პერიოდი ვერ იქნება ისეთი ეკონომიკური გამოცოცხლების როგორი მოლოდინიც შეიძლება თითოეულ ჩვენთაგანს ჰქონდეს, რადგან პანდემიური შოკებმა ძალიან დიდი ასახვა ჰპოვა განვითარებად ქვეყნებზე. სამწუხაროდ, ერთ-ერთი  ყველაზე მძიმე შედეგი ექნება საქართველოს. მრავალი სექტორი აუცილებლად აღმოჩნდება მძიმე კრიზისში, როგორიც არის უძრავი ქონების ბაზარი, გარკვეული ტიპის მომსახურების სფერო, ტურიზმი. 

ორმაგად მნიშვნელოვანია საფინანსო სექტორი რამდენად იქნება მზად არსებული მძიმე გამოწვევებისათვის, რომელზეც 2020 წელის ბევრი რამ არის დამოკიდებული. სწორი ეკონომიკური პოლიტიკა და ბიზნესის მაქსიმალურად ლიბერალიზაცია იქნება მთავარი გასაღები იმ გამოწვევების გადასალახად, რომელმაც შესაძლოა, გამოიწვიოს მცირე და საშუალო კომპანიების მასობრივი გაკოტრება და მკვეთრად დააზარალოს მსხვილი ბიზნესი. 

მიუხედავად ყველაფრისა, არსებული კრიზისი აუცილებლად გახდება ახალი შესაძლებლობების გაჩენის პლაცდარმი შიდა წარმოების კუთხით და თუ გავითვალისწინებთ ქვეყნის სავალუტო ბაზარზე არსებულ არასტაბილურობას, ვფიქრობ, აუცილებლად მოხდება ახალი უკეთესი ბალანსის დაცვა ეკონომიკური გლობალიზაციისა და ეროვნული წარმოების მიმართულებით. აქ კი სოფლის მეურნეობას და შიდა წარმოებას უფრო მეტი პრიორიტეტი მიენიჭება როგორც ეროვნული ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტს”, - აღნიშნა ბერძერნაძემ ,,რეზონანსთან“ საუბრისას.

სამართლის სფეროს სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილი კი მიიჩნევს, რომ ბიზნესი გაკოტრების რეჟიმის დაწყებას არ უნდა მიუდგეს როგორც დასასრულს და კატასტროფას. იურისტის აზრით, ამ არაორდინალურ სიტუაციაში, ეს ახალი შესაძლებლობაც კია. 

„დღეს ყველა ფიქრობს როგორ დაძლიოს კრიზისი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა იქნება ის, რომ გაკოტრების პროცედურის არავის შეეშინდეს. ნებისმიერი გამოწვევა ახალი შესაძლებლობაა, ეს არ არის უბედურება. ყველანი მივიღებთ რაღაც სარგებელს. 

მსოფლიოში რთული მდგომარეობა შეიქმნა, ყველას ენანება ხელიდან გაუშვას 20 წლის ნაშენები ბიზნესი, მაგრამ რა ვქნათ? თუ კომპანია ცივილურად გაკოტრების რეჟიმზე გადავა, სხვადასხვა სექტორში დასაქმებისა და საქმის კეთების უამრავი შესაძლებლობა გაჩნდება. სახელმწიფომ და ბიზნესმა უკან დახევის გარეშე უნდა მიმართონ სპეციალისტებს, რადგან ეს არ არის კლასიკური ეკონომიკა და კლასიკური იურისპრუდენცია.  

საქმეს ერთიანად ვერ მივხედავთ, აუცილებელია სექტორული დაყოფა და თითოეული წარმოების შემთხვევაში კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ერთიან გადაწყვეტილებას მთავრობა ვერც ერთ შემთხვევაშ ვერ მიიღებს

დღევანდელ აბსოლუტურად არაორდინალურ სიტუაციაში, შეიძლება ითქვას, გაკოტრების პროცედურების დაწყება კატასტროფასა და დასასრულზე მეტად, შესაძლებლობაც კი იქნება, მაგრამ ამ პროცესში, ბიზნესს მოუწევს უამრავი პროცედურის გავლა“, - განუცხადა "რეზონანსს" ჩარგეიშვილმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×