"ხდება პროდუქციის მარაგის შექმნა მასზე დაბალი მოთხოვნის მიუხედავად"
რეზონანსი
27.04.2020

ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნის კლების მიუხედავად, მარტში იმპორტი მაღალ ნიშნულზეა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, სტატისტიკა არ გაუარესებულია, პირიქით, იმპორტი გაზრდილია კიდეც, რაზეც გავლენა საერთაშორისო ფასმა მოახდინა და კომპანიებმა ჭარბი მარაგი შექმნეს. ცხადია, ეს ტენდენცია აპრილში არ შენარჩუნდება და ოფიციალური სტატისტიკით როგორც მოხმარება, ასევე იმპორტი საგრძნობლად შემცირდება, რაზეც დიდი გავლენა ორკვირიანმა კარანტინმა მოახდინა, რის გადაწყვეტილებაც მთავრობა ეპიდემიის რისკის შესამცირებლად მიიღო.

რაც შეეხება ნავთობპროდუქტების იმპორტს, 2020 წლის მარტში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 84,4 ათასი ტონა, რაც 0,9 ათასი ტონით, ანუ 1,1%-ით ნაკლებია   წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით. თუმცა 14,7 ათასი ტონით ანუ 21,1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

რაც შეეხება პირველი კვარტლის მონაცემს, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, 2020 წლის I კვარტლის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 244,4 ათასი ტონა, რაც 11,8 ათასი ტონით ანუ 5,1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 

,,მიმდინარე წლის მარტში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 45,4 ათასი ტონა, რაც 2019 წლის წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს 7,9 ათასი ტონით, ანუ 21,1%-ით აჭარბებს. ზრდა ფიქსირდება დიზელის საწვავის იმპორტზეც, რომელმაც  39,0 ათასი ტონა შეადგინა, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებს იგი 6,8 ათასი ტონით, ანუ 21,1%-ით აღემატება“, - აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა. 

რაც შეეხება იმპორტს საწვავის კატეგორიების მიხედვით, 2020 წლის მარტში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: :რეგულარის" მარკის ბენზინი - 28,8  ათასი ტონა, ანუ 63,4%; "პრემიუმის" მარკის  ბენზინი - 15,4 ათასი ტონა, ანუ  33,9%, "სუპერის" მარკის  ბენზინი - 1,2 ათასი ტონა, ანუ 2,6%.

ქვეყნების მიხედვით კვლავ რუსეთი ლიდერობს, საიდანაც ბენზინისა და დიზელის იმპორტმა 19,0 ათასი ტონა შეადგინა, რაც მთელი იმპორტის 22,5%-ია. მეორე ადგილს იკავებს თურქმენეთი, იმპორტმა ამ მიმართულებით 16,8 ათასი ტონა (19,9%) შეადგინა, ხოლო  რუმინეთიდან 16,3 ათასი ტონა (19,3%). იმპორტის 11,5% მოდის აზერბაიჯანზე, საიდანაც 9,7 ათასი ტონა ბენზინისა და საწვავის იმპორტია შემოტანილი. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, სტატისტიკა ასეთია: ყაზახეთი - 7,8 ათასი ტონა (9,2%), ბულგარეთი - 7,2 ათასი ტონა (8,5%); საბერძნეთი - 5,2 ათასი ტონა (6,2%), გაერთ. ემირ. – 1,5 ათასი ტონა (1,8%), თურქეთი - 0,9 ათასი ტონა (1,1%). 

,,აღსანიშნავია, რომ საწვავის  იმპორტი მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით გაზრდილია 21.1%-ით, თუმცა ამავე დროს პროდუქციის გაყიდვა შემცირებულია 40%-ით კოვიდ-19-დან გამომდინარე. საწვავის იმპორტის ზრდა, ძირითადად, განპირობებულია პროდუქტზე საერთაშორისო ფასების მნიშვნელოვანი კლებით, რის შედეგადაც ხდება პროდუქციის მარაგის შექმნა მასზე მოთხოვნილების არქონის მიუხედავად. აპრილში საწვავის მოხმარება მიმდინარე ობიექტური მიზეზების გამო კიდევ უფრო  ნაკლები იქნება. 

ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ მიმდინარე წელს პირველად მოხდა, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება "რეგულარის" ტიპის ბენზინის საწვავის იმპორტი თურქმენეთიდან (2020 წლის I კვარტლის შედეგებით მთლიანი იმპორტის 17%) და ყაზახეთიდან (6,3%) და  მათი ხვედრითი წილი ადგილობრივ ბაზარზე უკვე სოლიდურია“, - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

მისი თქმით, აპრილში მოხმარება უფრო გაცილებით დაბლა ჩამოვა, რადგან საგანგებო სიტუაცია და მკაცრი კარანტინის პირობებში რეალიაცია ძალიან დაეცა. ამ მხრივ ქალაქების ჩაკეტვამაც უარყოფითად იმოქმედა. 

,,მკაცრი კარანტინის პირობებში იმპორტის ზრდაზე გავლენა მოახდინა იმ ფაქტორმა, რომ საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე მნიშვნელოვნად შემცირებულია, რამაც შეუწყო ხელი იმას, რომ კომპანიებს შეექმნათ მარაგი, მასზე მოთხოვნის მკვეთრად შემცირების მიუხედავად. დიდი ალბათობით აპრილში იმპორტი შემცირდება, ვინაიდან საწვავის რეალიზაცია ფაქტობრივად არ ხდებოდა, ამის მიზეზი გახლავთ 2-კვირიანი სატრანსპორტო მოძრაობის შეზღუდვა,  რა დროსაც საწვავზე მოთხოვნა მინიმუმამდე იყო დასული, განსხვავებით მარტის თვისა როდესაც გაყიდვები საშუალოდ 40 პროცენტით შემცირდა“, - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას მთვრალაშვილმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×