"კარანტინში არავის გაუშვებენ, მაგრამ მკაცრი რეგულაციები აუცილებლად იქნება"
თამარ მუკბანიანი
21.05.2020

მხოლოდ ერთი ადამიანი სასტუმროს ნომერში, განიავებისა და დასუფთავების მკაცრი წესები, დეზობარიერები ყველა შესასვლელსა და გასასვლელში და მუდმივი სკრინინგი - ეს არასრული ჩამონათვლია იმ ნორმების რისი შესრულებაც საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს მოუწევთ. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ სტუმრები, ფაქტობრივად, კარანტინში ჩამოდიან. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში  კი დამატებით დეტალზე მომავალ კვირას ისაუბრებენ. 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის 7 მაისის სხდომაზე საქართველოს მთავრობამ ტურიზმის მხარდაჭერის პოსტკრიზისული გეგმა წარადგინა. გეგმით გათვალისწინებული მხარდაჭერით სასტუმროების ქსელები, საკვები ობიექტები, ასევე ტურისტული კომპანიები და გიდები ისარგებლებენ. თუმცა, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი ზუსტი პროტოკოლი, რაც პანდემიის პირობებში საქართველოში ტურისტებს დახვდებათ. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართული ონლაინკონფერენციის ერთ-ერთი შეკითხვა სწორედ ტურიზმს ეხებოდა – ხომ არ შეუწყობს ხელს ტურიზმი ეპიდემილოგიური ვითარების დამძიმებას და როგორ აპირებენ მის გაკონტროლებას?

„ისეთი წესები იქნება იმ ტურისტებისთვის, რომ პრაქტიკულად კარანტინში ჩამოვლენ“, – განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

საკითხზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ რისკი არსებობს, თუმცა კორონავირუსი დიდხანს არ გაქრება და ამიტომ ვირუსულ ინფექციასთან თანაცხოვრების პრინციპები უნდა ჩამოაყალიბონ.

როგორი იქნება კონკრეტული წესები და რეკომენდაციები ჩამოსული სტუმრებისათვის, მოუწევთ მათ რამდენიმედღიანი თვითიზოლაცია, ჩაუტარდებათ სწარაფი ტესტი, თუ სხვა მექანიზმეა საუბარი, ეს ჯერჯერობით კონკრეტულად არ არის ცნობილი. 

ინფექსიონისტი ალექსანდრე გოგინავა ,,რეზონანსთან“ აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ზოგადი რეკომენდაციები აქვს ამ კუთხით შემუშავებული და თავად ქვეყნები კი ადგენენ კონკრეტულ წესებს ტურისტებისათვის. 

,,ამაზე თუ როგორი იქნება პროტოკოლი ტურისტებისათვის ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა უნდა გააკეთოს კონკრეტული განმარტება ეს მათი პრეროგატივაა. მე ამ დროისათვის არ მაქვს ინფორმაცია. ვიცი ის, რომ ჯანმოს აქვს ზოგადი რეკომენდაციები და თავად ქვეყნები წყვეტენ საკუთარი ეპიდსიტუაციის ანალიზის შედეგად როგორი უნდა იყოს წესები სახელმწიფო საზღვრებში შემომსვლელებისთვის“, - განაცხადა გოგინავამ. 

,,რეზონანსი“ ტურიზმის ეროვნულ დეპარტამენტსაც დაუკავშირდა, სადაც დაადასტურეს, რომ წესები უკვე შემუშავებულია, თუმცა წინასწარ ვერ ისაუბრებენ დეტალებზე. მათი ინფორმაციით, რამდენიმე დღეში პრეზენტაცია გაიმართება, რომლის მეშვეობითაც შეიტყობს ტურისტული სექტორი, როგორ მოუწევთ მუშაობა კოვიდინფექციის ფარგლებში. 

იფიციალურ პრეზენტაციამდე კონკრეტულ რეკომენდაციებსა და გაიდლაინებზე უყვება ,,რეზონანსს“ ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი მანანა ალადაშვილი. მისი აზრით, რეგულაციები მომსახურებას გააძვირებს. 

,,გაიდლაინების მიხედვით, რომელიც მომავალ კვირაში უკვე საჯაროდ გამოქვეყნდება, არ არის საუბარი ტურიტების კარანტინში გაშვებაზე, თუმცა ნამდვილად მკაცრი იქნება წესები მათთვის. ეს არ იქნება მხოლოდ თერმოსკრინინგი, საუბარია სხვადასხვა მეთოდებზე, რაც ტურიზმის ინდუსტრიაში ნორმებს ძალიან გაამკაცრებს. მაგალითად, ერთ ოთახში არ დაიშვება ერთზე მეტი ადამიანი. იქნება დასუფთავების განსაკუთრებული მოთხოვნა და ყველა შესასვლელ გასასვლელში დეზობარიერების აუცილებლობა, განიავების განსაკუთრებული რეჟიმი. 

მაინც ოფიციალურ პრეზენტაციას უნდა დაველოდოთ, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გამართავს, თუმცა რაც ვნახე, იდენტურია ჯანმოს რეკომენდაციებისა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წესებს მიჰყვება. მე, მაინც თავისებურებებს ველოდი საქართველოში არსებული რეალობიდან გამომდინარე, მაგრამ საერთო ნორმებით იხელმძღვანელებენ. 

აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ დამატებითი რეგულაციები გააძვირებს მომსახურებას. ამაზე უკვე საუბრობენ გადამყვანები და ასევე ჰორეკა ბიზნესი, თუმცა ფასის კომპენსირება სახელმწიფოს მიერ მოხსნილი გადასახადების ხარჯზე მოხდება და ალბათ ტარიფებში დიდი სხვაობა არ დაფიქსირდება.

ე.წ. მწვანე დერეფნები ამ ეტაპზე მსოფლიოში არ არსებობს, თუმცა ჩვენ რომ სტუმრებს ისრაელიდან მივიღებთ, უკვე დაზუსტებით შემიძლია გითხრათ. ჩემდა გასაკვირად, კახეთსა და ბათუმში, სასტუმროების ნაწილი უკვე დაჯავშნილი აქვთ“, - აცხადებს პროფესორი ,,რეზონანსთან“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, 15 ივნისიდან საქართველო ადგილობრივი ტურისტებისთვის, ხოლო პირველი ივლისიდან კი უცხოელი ტურისტებისთვისაც გაიხსნება.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×