სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ჩვენთან საშუალო თვიური ხელფასი 560 ლარია, ამერიკაში კი - 5500 ლარი, პროდუქცია კი უფრო ძვირია
    მარი ჩიტაია
    (28.01.2010)

    მართალია, ყველაზე ძვირადღირებული ქალაქის სტატუსი საქართველოს დედაქალაქისთვის ოფიციალურად არ მიუნიჭებიათ, მაგრამ მის "მოსაპოვებლად" თბილისს ყველა საჭირო პირობა აქვს. პირველ რიგში, სამომხმარებლო ფასების მაღალი მაჩვენებელი, რითაც ამა თუ იმ ქალაქის ძვირიანობა განისაზღვრება.
    ძვირადღირებული ქალაქების ოცეულში პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან თბილისი ანალიტიკოსებს რატომღაც ყურადღების მიღმა დარჩათ. უსფ შტეუკტფსშწტფდ-ის კვლევებში ასეთი სტატუსი მიაკუთვნა ბაქოს, რომელმაც ძვირადღირებული ქალაქების "ტოპ-ოცეულში" მოსკოვის ადგილი დაიკავა.
    ამავე კვლევების მიხედვით, ოსლო, კოპენჰაგენი, ჟენევა, ციურიხი და ბაზელი ევროპასა და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ქალაქებია. მათ უსწრებენ ანგოლას დედაქალაქი ლუანდა და იაპონიის ოთხი ქალაქი - ტოკიო, ნაგოიო, იოკოჰამო და კობე.
    ლუანდა უკვე მესამე წელია, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქად მიიჩნევა. დღემდე რეიტინგში პირველი პოზოცია ტოკიოს ეკავა.
    რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სამომხმარებლო ფასების მიხედვით, საქართველო აშშ-საც კი ბევრად უსწრებს. 2009 წლის მდგომარეობით, 100 კვტ/სთ ელექტროენერგიის საფასური საქართველოში 16 ლარია, აშშ-ში - 22,5 თეთრი; 1 ლ ბენზინი 1,72 ლარი ღირს, აშშ-ში - 1,26; 1 კგ პური - 1,25, აშშ-ში კი - 4,95 ლარი; ქართულ ბაზარზე 1 კგ ფრინველის ხორცი 6,5 ლარად ფასობს, ამერიკაში - 4,76 ლარად. 10 კვერცხის ფასი 2,53 ლარს შეადგენს, ამერიკაში - 2,32 ლარია; 1 ლიტრი რძე ჩვენთან 1,74 ლარი ღირს, იქ კი - 1,34 ლარი; 1 კგ ვაშლი თბილისში 80 თეთრად იყიდება, აშშ-ში - 4,57 ლარად. 1 კგ ფორთოხლის ფასი 3,52 ლარამდეა, ამერიკაში კი - 2,28 ლარია; აქ 1 კგ ბანანი 3,53 ლარი ჯდება, ამერიკელი მას 2,28 ლარად იძენს. გაცილებით ძვირია პომიდორის ფასი, რომელიც აშშ-ში 5,83 ლარად ფასობს, ხოლო საქართველოში კი მისი საშუალო წლიური ფასი 1-1,2 ლარის ფარგლებშია.
    აღსანიშნავია, რომ საშუალო თვიური ხელფასი საქართველოში 560 ლარია, ამერიკაში კი - 5500 ლარი. საქართველოსთან შედარებით, საშუალო ხელფასით ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიძენთ 7,1-ჯერ მეტ ელექტროენერგიას, 13,8-ჯერ მეტ ბენზინს, 5-ჯერ მეტ პურს, 14-ჯერ მეტ ფრინველის ხორცს, 11-ჯერ მეტ კვერცხს, 13-ჯერ მეტ რძეს, 3,1-ჯერ მეტ ვაშლს, 7,5-ჯერ მეტ ფორთოხალს, 15,5-ჯერ მეტ ბანანს, 1,9-ჯერ მეტ პომიდორს.
    სამუშაო დროში რომ გადავიყვანოთ, მაგალითად, 1 ლ ბენზინის შესაძენად საჭირო თანხის გამოსამუშავებლად ამერიკაში საჭიროა 2 წუთი და 8 წამი, საქართველოში კი - 29 წუთი და 30 წამი, ბანანების შესაძენად 4 წუთისა და 13 წამის სამუშაო დრო, საქართველოში კი ამისთვის 1 საათი, 5 წუთი და 22 წამი სამუშაო დროა საჭირო.
    ექსპერტების განმარტებით, ძვირადღირებულობა თბილისს ტრადიციულად მოსდგამს და ნებისმიერ დროს დედაქალაქში ცხოვრება გაცილებით ძვირი იყო, ვიდრე რეგიონებში, რაც მათი თქმით, სხვადასხვა ფაქტორით არის განპირობებული.
    "თბილისი ყოველთვის ძვირადღირებულ ქალაქად მიიჩნეოდა, მაშინაც კი, როცა ის ბიუროკრატიის ცენტრი იყო. რეგიონებთან შედარებით, სიძვირე აქ სულ იგრძნობოდა. დედაქალაქში მაღალია საარსებო მინიმუმიც, დიდი წილი უკავია კვების პროდუქტებს, რომელთა შეძენა ქალაქში ხდება საცალო ქსელის მეშვეობით.
    რეგიონებში პირიქითაა, ნატურალური პროდუქციის წილია მაღალი. შედარებისთვის, 1 ლ რძე, რომელსაც თბილისში მცხოვრები ყიდულობს, კუსტარული წესითაა დამზადებული, მუყაოს ყუთებშია ან ჩამოტარებულ პროდუქტს იძენს და გაცილებით ძვირი ღირს. იმავე მოცულობის რძე რეგიონებში ბევრად იაფია. ეს ერთი მარტივი მაგალითია. ქალაქის სიძვირე, უმეტესწილად, ხარჯებს უკავშირდება.
    ამასთან, განმსაზღვრელია მოთხოვნის ფაქტორი. ფულადი შემოსავლების დიდი ნაწილი ყალიბდება ბიუროკრატიაში (კარგი გაგებით), რაც ფასების ზრდას განაპირობებს. ესეც საბაზრო ეკონომიკის ერთ-ერთი პირობაა. საგულისხმოა აგრეთვე სამომხმარებლო მზადყოფნის შედარებით მაღალი დონე დედაქალაქში. სამომხმარებლო ხარისხი მაღალ ფასსაც განაპირობებს.
    90-იანი წლებიდან საქართველო აქტიურად გახდა სხვაგან შექმნილი დოვლათის მოხმარებისა და ოპტიმიზაციის ადგილი. საზღვაგარეთიდან შემოდის პროდუქციაც და ფული, რომელსაც შრომითი მიგრანტები აგზავნიან ქვეყანაში. იმპორტული საქონლის მოხმარება გრძელვადიან პერსპექტივაში წამგებიანია. როდესაც ამა თუ იმ საქონელს ვყიდულობთ, ვექცევით იმ ქვეყნების ფისკალური გავლენის ქვეშ, საიდანაც ესა თუ ის პროდუქცია შემოდის", - ამბობს არჩვაძე.
    რაც შეეხება აშშ-სა და ევროპის ქვეყნებს, ექსპერტის თქმით, ძვირი იქ უძრავი ქონებაა. ამასთან, ამერიკის ეკონომიკურ ეფექტურობას უზრუნველყოფს ფულის საბეჭდი დაზგა. "ამერიკა მიმოქცევაში უშვებს დოლარებს და იღებს შემოსავალს, რითაც ეკონომიკურ მდგომარეობას იმაგრებს.
    იმისთვის, რომ საქართველომ ეკონომიკური მდგომარეობა უზრუნველყოს, ყურადღება უნდა მიექცეს მომსახურების ისეთ სფეროებს, როგორიცაა გადამამუშავებელი მრეწველობა, სატრანსპორტო კომუნიკაციების სფერო და ტურიზმი. ქვეყნის ეკონომიკა სწორედ ამ მიმართულებით უნდა იყოს კონცენტრირებული", - განმარტავს სოსო არჩვაძე.
    "შემოსავლების, დასაქმების სტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარების დონის გათვალისწინებით ფასები საქართველოში, რეალურთან შედარებით, გაცილებით მაღალია", - აცხადებს მონიტორინგის, შეფასებისა და დგეგმვის მონაცემთა ანალიზისა და განვითარების კონსულტანტი ნოდარ კაპანაძე და დასძენს, რომ თბილისისთვის სიძვირის განმაპირობებელი ძირითადი მიზეზი მონოპოლიზებული სამომხმარებლო ბაზარია.
    "ჩემთვის გასაგებია, როდესაც სტამბოლში, ტურიზმის ამ მექაში, 50 გრამი მიწის თხილი ღირს 2 ლირა, რაც დაახლოებით 2 ლარია. ეს გასაგებია: იმდენად, რამდენადაც ტურისტი იმის ტურისტია, რომ უნდა "გაატყავო", ხოლო მიწის თხილი, მზესუმზირა, ბატიბუტი და სხვა მსგავსი პროდუქტი ტყავის გასაძრობად მეტად მოსახერხებელი იარაღია. თუმცა, სავსებით გაუგებარია, როდესაც 100 გრამი ისეთივე მიწის თხილი ე.წ. "ფისტაშკა" საქართველოში 11 ლარი ღირს. ამ პროდუქტის ფასწარმოქმნას ეკონომიკური ახსნა არ მოეძებნება.
    ასევეა მაგალითად ბენზინიც: ბენზინის ფასი იზრდება, ხოლო მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები მცირდება. ბენზინს ახლა ისეთივე ფასი აქვს, როგორიც ჰქონდა მაშინ, როდესაც 1 ბარელი ნავთობი 140 დოლარი ღირდა, ახლა კი 70 დოლარი ღირს. მოკლედ რომ ვთქვათ, ფასების არალოგიკურად მაღალი დონის ძირითადი მიზეზი კონკურენციის დაბალი დონეა", - განმარტავს კაპანაძე.
    რაც შეეხება ამ თვალსაზრისით ამერიკისა და ევროპის რიგ ქალაქებს, მისი თქმით, სიძვირეს იქ ბევრი ფაქტორი განაპირობებს. პირველ რიგში, მოსახლეობის სყიდვითი უნარი, რაც პირდაპირ გამომდინარეობს დასაქმების სტრუქტურიდან და შემოსავლების დონიდან.
    "ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ტურისტული ნაკადი - რაც უფრო მაღალია ტურისტული ნაკადი, მით უფრო მაღალია ფასების დონე. არის კიდევ სხვა ფაქტორების მთელი რიგი, რომელიც განაპირობებს ცალკეული ქვეყნებისა და ქალაქების სიძვირესა და სიიაფეს.
    თბილისზე გაცილებით ძვირი ქალაქია, მაგალითად მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი. ასევე ძვირი ქალაქია ბაქო და კიევი, მაგრამ "ძვირი" და "იაფი" პირობითი ცნებაა და ეს ყველა სასაქონლო ჯგუფს ერთნაირად არ ეხება. მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ თბილისი და საერთოდ საქართველო პირველადი მოთხოვნილების საგნების სიძვირით გამოირჩევა", - ამბობს ნოდარ კაპანაძე.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2014 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter