გასაქირავებელი ობიექტების ღირებულება დაახლოებით 30-40% დაეცა, ხოლო გასაყიდის - დაახლოებით 20%-ით
ირაკლი ლომიძე
29.06.2020

კოვიდ 19-ის პანდემიამ ბინებისა და კომერციული ფართების გაქირავების სერვისი თითქმის ბოლომდე გააჩერა. იმის გამო, რომ მოთხოვნა აღარ არის, გაქირავების საფასურიც მკვეთრად შემცირებულია. როგორც აღმოჩნდა, ეკონომიკური ვარდნის ტემპს უძრავი ქონების ბაზარიც მიჰყვა და გაუჭირდა როგორც ბიზნესს, ასევე ადამიანებსაც, რომლებიც ბინებს ქირაობენ. 

როგორც მაკლერები აცხადებენ, კერძო სექტორი ძვირიანიდან შედარებით ნაკლებფასიან სეგმენტში ინაცვლებს, დიდი ფართებიდან - პატარებში, თუმცა მოთხოვნა ყველა მიმართულებით შემცირებულია.

უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ ვითარებას სს.გე-ს კვლევაც ადასტურებს, რომლის მიხედვითაც, მარტიდან მაისამდე 1-ოთახიანი ბინის გაქირავებაზე ფასი თითქმის ყველა უბანში შემცირდა. კერძოდ, გლდანი-ნაძალადევში - 6 ლარით, ვაკე-საბურთალო - 56 ლარით, ისანი-სამგორი - 57 ლარით, ხოლო ძველ თბილისში, საშუალოდ, 210 ლარით. კლება  შეეხო ფაქტობრივად, ყველა ტიპის ბინას, როგორც მცირე ფართის, ასევე დიდ ზომის აპარტამენტებსაც.

როგორც კვლევაში გამოიკვეთა, ლოქდაუნის პერიოდში ბინის გაქირავებაზე ფასები თითქმის ყველა ტიპის უძრავ ქონებაზე შემცირდა. რეალტორები პანდემიის დასაწყისშივე აღნიშნავდნენ, ბაზარზე კრიზისი, როგორც წესი, რამდენიმე თვის შემდეგ აისახება და ასეც მოხდა. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გაჩერდა ეკონომიკის ბევრი სექტორი, დასაქმებულების ნაწილმა ან სამსახური დაკარგა ან დამსაქმებელმა უხელფასო შვებულებაში გაუშვა. შესაბამისად, ისინი, ვინც დედაქალაში ქირით ცხოვრობდნენ, იძულებულები გახდნენ საცხოვრებლად მშობლიურ ქალაქში ან სოფელში დაბრუნებულიყვნენ. შემცირებული მოთხოვნის შედეგად კი გაქირავების ფასიც დაეცა.

უძრავი ქონების ბაზრის პრობლემაზე საუბრობენ დილერებიც. ბაზრის ექსპერტი, სააგენტო ,,კიბეს“ ხელმძღვანელი ნელი გოგუაძე აღნიშნავს, რომ გასაქირავებელი ობიექტების ღირებულება დაახლოებით 30-40% დაეცა, ხოლო გასაყიდის - დაახლოებით 20%-ით. ბაზარზე წლის დასაწყისთან დღემდე მოთხოვნა განახევრდა და 50-60%-ითაა შემცირებული.

გოგუაძის თქმით, დღეს უფრო მეტი მოთხოვნა მაინც გაყიდვებზეა, ვიდრე ქირაზე, რაც სავარაუდოდ, პანდემიის გამო შექნნილი არასტაბილურობის განცდიდან გამომდინარეობს. რაც შეეხება მთავრობის გადაწყვეტილებას ახალაშენებული ბინების იპოთეკურით შეძენის შემთხვევაში სესხების 4%-ით სუბსიდირების თაობაზე, ნელი გოგუაძის თქმით, ბაზარზე მსგავსი პრეცენდენტი დღემდე არ ყოფილა და ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ეს ინიციატივა ბაზარს გამოაცოცხლებს, რადგან მთავრობის წამოწყება მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას გაზრდის.

,,მესაკუთრეები მუდმივად ცდილობენ, რომ ბინები უცხოურ ვალუტაში გააქირავონ. ეს მიმართ ნაკლები ნდობით აიხსნება. რაც შეეხება ტარიფებს, ცენტრალურ უბნებში ფასი დაახლოებით 15-20%-ით არის შემცირებული. მაგალითისთვის, თუ ბინა გასულ პერიოდში 500 დოლარად ქირავდებოდა, ფასი 400 დოლარამდეც ჩამოვიდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოთხოვნა მაინც არ არის. განსაკუთრებით დიდი ბინების გაქირავება უჭირთ. 

ლარი უნდა გამყარდეს, რომ ადამიანებმა დაარეგულირონ, როგორც გასავალი, ასევე შემოსავალი და უფრო მარტივი იქნება მუშაობა. ჩვენ, ძირითადად, ცენტრალურ უბნებზე ვმუშაობთ, რაც შეეხება რეგიონებს, რამდენადაც ვიცი, გაქირავება იქაც ჭირს, მაგრამ ფასი შედარებით ნაკლებია და ეს ფაქტორი მოთხოვნაზეც აისახება. წინა წელთან შედარებით კლებაა, მაგრამ იაფ ბინებზე მოთხოვნა მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" გოგუაძემ.

რაც შეეხება ბინების დღიურად გაქირავებას, ყველაზე მოთხოვნადი უბანი საბურთალოა, სადაც ფასი 30-40 ლარიდან იწყება, ხოლო დიდი ფართები 70 და 100 დოლარიც ღირს. მარჯანიშვილზე დღიური საფასური 40-60 ლარის ფარგლებში მერყეობს, ვაკეში კი დაახლოებით 80 ლარი ღირს, მთაწმინდაზე გადასახადი 35-დან 70 დოლარის ფარგლებშია.

თბილისში მდებარე ერთ-ერთი მსხვილი უძრავი ქონების სააგენტოს ,,ბონუსის“  დამფუძნებელი ილია ინაშვილი ვარაუდობს, რომ კომერციული ფართების ფასი შეიძლება წლის ბოლომდე მეტ-ნაკლებად შენარჩუნდეს, თუმცა ქირაზე მოთხოვნა საგრძნობლად დაიკლებს.

,,ქართულ ბიზნესს სწორედ ახლა აქვს პოსტეპიდემიური პერიოდი. შეიძლება ითქვას, ათვლა დაწყებულია და მდგომარეობა ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს. წლის პირველი კვარტლის შედეგით თუ ვიმსჯელებთ, პრობლემა ნამდვილად მასშტაბურია, რადგან კორონავირუსის გავლენა თითქმის ყველა სეგმენტს შეეხო. 

ვფიქრობ, მდგომარეობა გამოსწორდება. ეპიდემიამდე კომერციული ფართების მოთხოვნით თბილისში პირველ ადგილზე იყო ცენტრალური ქუჩები და მაგისტრალები, ტენდენცია სამომავლოდაც შენარჩუნდება. ქირაზე მოთხოვნა შეიძლება მეორე კვარტალშიც შემცირდეს. შენარჩუნდება თუ არა უძრავი ქონების ფასი, ჯერჯერობით ძნელად პროგნოზირებადია", - განაცხადა ინაშვილმა.

საბაზრო ფასზე გარკვეული გავლენა, ცხადია, სავალუტო რყევამაც მოახდინა. კერძო სექტორს უკეთესის იმედი არც 2021 წელს აქვს. თვითონ 

კომერციული ფართის მფლობელები ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავენ, რომ მეორეხარისხოვან ქუჩებში მინიმალურ ფასშიც კი ვერ აქირავებენ. მეტრო ,,წერეთლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, ქუთაისის ქუჩაზე ლაშა სტურუა მაღაზიას 4-5 წლის წინ 1500 დოლარად აქირავებდა. მას შემდეგ რამდენჯერმე შეცვალა ფასი. ბოლოს 1500 ლარამდეც ჩამოვიდა, მგარამ ობიექტი მაინც ვერ გააქირავა. ამბობს, რომ ფართის გაქირავებას დეკემბრის შემდეგ ცდილობბს, მაგრამ კლიენტი თითქოს ერთბაშად გაქრა. 

,,ფასი უკიდურესად შევამცირე, სხვა გამოსავალი არ მაქვს, მოთმინება უნდა ვიქონიო და კლიენტს დაველოდო. ცხადია, ეს არ არის ადვილი. ჩემ გარშემო რამდენიმე ობიექტი თვეობით ქირავდება. 5 წლის წინ 1500 დოლარად ვაქირავებდი და ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ 1500 ლარადაც გამჭირდებოდა კლიენტის პოვნა. 

გარდა იმისა, რომ აბრა წარწერით "ქირავდება" მაღაზიის ვიტრინაზე მაქვს გაკრული, სისტემატურად ვაქვეყნებ განცხადებას ბეჭდურ მედიასა და ინტერნეტში. რამდენიმე სატელეფონო ზარი შემომდის, მაგრამ ჯერჯერობით ვერც ერთი მოლაპარაკება ვერ მივიყვანე ბოლომდე, რეალური კლიენტი ვერ ვიპოვე", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" კომერციული ფართის მფლობელმა. 

ბინის მფლობელებს საცხოვრებელი ფართების გაქირავებაც უფრო უჭირთ. პრობლემაა როგორც თბილისის ცენტრში, ასევე გარეუბნებზეც, სადაც შედარებით ნაკლები ფასის გამო გაქირავება ბოლო დრომდე მეტ-ნაკლებად შესაძლებელი იყო. ნანული მიქაშავიძე გლდანში 3 -ოთახიან ბინას აქირავებს, თუმცა სამ თვეზე მეტია, ქირის გადასახადი არ აუღია.

,,ჩემმა მდგმურმა სამსახური დაკარგა. ისეთ სიტუაციაშია, რომ ვერც სოფელში მიდის და ვერც თანხას მიხდის. ფიქრობს, რომ სამსახურს დაიწყებს და დანაკარგს თანდათან ამინაზღაურებს, მაგრამ უკვე თვეები გადის. პარალელურად ახალ მდგმურს ვეძებ. სისტემატურად ვაქვეყნებ განცხადებას, სანაცნობო წრეებშიც მოვიძიე, მაგრამ ვერაფერს გავხდი. 

სიტუაციას სასიკეთო პირი არ უჩანს, არ ვიცი, როდემდე გაგრძელდება ასე. ახლა მით უმეტეს, სეზონიც ისეთია, რომ მინიმუმ, სექტემბრამდე, დამქირავებელს ვერ ვიშოვი, ამიტომ ვცდილობ, ჩემი მდგმური შევინარჩუნო იმ იმედით, რომ ფულს ოდესმე მაინც გადამიხდის“, - აღნიშნა ბინის მფლობელმა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×