მომსახურების სფეროზე დაფუძნებული ეკონომიკა ყოველთვის განწირულია კატასტროფისთვის
ნინა გარდაფხაძე
29.06.2020

საქართველოსათვის ევროპის საზღვრები სულ რამდენიმე დღეში გაიხსნება, თუმცა ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთი თვით საზღვრის გახსნას არ გეგმავს. არ მოხდება არც ქვეყნიდან ვიზიტორთა გაშვება და არც მიღება. სამწუხარდ, ქვეყანაში ტურიზმის ჩანაცვლება ასე ერთბაშად ვერ მოხერხდება და ეს იმის ბრალია, რომ წლების განმავლობაში მომსახურების სფერო ეკონომიკის ხერხემლად იქცა. ამიტომ ახლა მოსახლეობაც და ბიზნესის დიდი ნაწილიც გაკოტრებისთვის არის განწირული.

"აისეტის" კვლევითმა ინსტიტუტმა ტურიზმის სექტორის შემოსავლების შესახებ მოამზადა მიმოხილვა. დოკუმენტში განხილულია ტურიზმის აღდგენის რამდენიმე სცენარი, რომლითაც სექტორში მოსალოდნელი დანაკარგები არის მოდელირებული. 

პირველი სცენარი ყველაზე პესიმისტურია. ამ სცენარის დადგომის შემთხვევაში, ტურიზმის სექტორი მხოლოდ ადგილობრივი ტურისტების იმედად უნდა იყოს. ამ სცენარის თანახმად, ქვეყნის ეკონომიკა 2019 წლის მშპ-ის 10.7%-ს დაკარგავს. ამ შემთხვევაში საქართველო მხოლოდ 1.2 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორს და 1.5 მილიონ ადგილობრივ ტურისტს მოემსახურება. 

მე-2 და მე-3 სცენარების შემთხვევაში, გასული ვიზიტები ადგილობრივი ვიზიტებით ჩანაცვლდება. მე-3 სცენარით, რომლის მიხედვითაც ქვეყნიდან გასული ვიზიტების დროს დახარჯული თანხები მთლიანად ადგილობრივ ვიზიტებზე გადანაწილდება, მშპ-ის დანაკარგი 9.2% იქნება. ამ შემთხვევაში, წლიურად საქართველო მხოლოდ 1.2 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორს და 2 მილიონ ადგილობრივ ტურისტს მოემსახურება. 

მე-4 და მე-5 სცენარებში უკვე ჩანს „უსაფრთხო“ ქვეყნებისთვის საერთაშორისო საზღვრების გახსნის შედეგი. ჩვენი დაშვებით, მე-4 სცენარის დადგომის შემთხვევაში, საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა 2019 წლის 25%-ს მიაღწევს, იგივე მაჩვენებელი მე-5 სცენარის შემთხვევაში კი 50% იქნება. შესაბამისად, საუკეთესო, მე-5 სცენარის მიხედვით, მშპ-ის დანაკარგი 6.5% იქნება. ამ შემთხვევაში საქართველო 2.4-3.6 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორს და 2 მილიონ ადგილობრივ ტურისტს მოემსახურება.

შედეგი, ყველა შემთხვევაში მძიმეა, თუმცა მოლოდინი რომ წელს, საერთაშორისო ვიზიტორები არ გვეყოლება, ავიამიმოსვლის ერთი თვით გადადებამ გაამძაფრა. არადა, ბოლო 15 წელია, სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ტურიზმი არის ქრთული ეკონომიკის ფლაგმანი და სწორედ მის განვითარებაში იხარხება ქვეყნის მხრიდან ძალიან დიდი რესურსი. ამიტომაც ქვეყანაში ყველაფერი მომსახურების სფეროს ერგებოდა და არა რეალური წარმოების შექმნას. არადა ერთმა ვირუსმა და მსოფლიოში გამოცხადებულმა პანდემიამ ამ სეტქორს იმხელა ზარალი მიაყენა, რომ საცხოვრებელი ფართების გაქირავების სერვისის, Airbnb-ის მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, ბრაიან ჩესკიმ პირდაპირ განაცხადა, რომ „ტურიზმი, როგორიც ჩვენ ის ვიცოდით, დასრულდა და უკან აღარც დაბრუნდება“, - განაცხადა მან.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მომსახურების სფეროდან ქვეყნაში ძალიან მცირე ოდენობის რესურსი რჩება. 2019 წელს ტურიზმიდან შემოსული 3.3 მლრდ დოლარიდან ქვეყანაში 1.3 მლრდ დოლარი დარჩა. "გალტ ენდ თაგარტის" მიერ გლობალური ცვლილებების პერიოდში საქართველოს ეკონომიკური მოდელის განახლების საჭიროების შესახებ შესრულებული კვლევის შედეგებშია აღნიშნულია, რომ საქართველოში ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი მომსახურების სექტორი იყო, სადაც ტურიზმი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა და თავის მხრივ სტიმულს აძლევდა ვაჭრობის, მშენებლობის, და მომსახურების სხვა დარგების განვითარებას. ეკონომიკის მომსახურების სექტორების ზრდაზე დამოკიდებულებასთან ერთად, პროდუქციის საექსპორტო ბაზა მწირია.

გადაწყვეტილებას ავიამიმოსვლის შეზღუდვის გაგრძელების შესახებ,  მცდარს უწოდებს, ,,ახალი ეკონომიკური სკოლის“ დამფუძნებელი პაატა შეშელიძე, თუმცა ხელისუფლების ლოგიკა ესმის, რომელიც ეპიდსიტუციის კონტროლს პირველ ადგილას აყენებს. 

,,ხელისუფლებისათვის პირველ ადგილზე რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კონტროლია, არაერთხელ გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, ცალსახად მცდარი მგონია, ჩაკეტვისა და შეზღუდვის გახანგრძლივება. სხვა ბევრი ვარაუდი შეიძლება იყოს, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ხელისუფლება იმ ხარჯების გაცემის გადადებას ცდილობს, რაც მას შემდეგ ექნება, თუკი ტურისტებს შემოუშვებს და მათი კორონასტატუსის კონტროლი მოუწევს. 

ღვინის ინდუსტრიიდან დაწყებული, ძალიან ბევრი რამეა მიბმული ტურიზმზე და ეს უფრო მიმძაფრებს განცდას, რომ ზარალი ათეულ ათასობით ადამიანისა და ბიზნესისათვის აუნაზღაურებელია“, - განუცხადა ეკონომისტმა ,,ბიზნეს-რეზონანსს“.

ივლისის ბოლოს ფრენა რომც აღდგეს, საქართველოს ტურიზმის სექტორი ჩვეულ მდგომარეობას მომდევნო წლის გაზაფხულამდე მაინც ვერ დაუბრუნდება: ასეთია საქართველოს სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებლის შალვა ალავერდაშვილის პოზიცია. ის პროგნოზს უცხოეთიდან მიღებული შეკვეთების ვადებიდან გამომდინარე აკეთებს.

“ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ეკონომიკისთვის ცუდია და ტურიმისთვის – დამღუპველია, თუმცა ნამდვილად ვერ ვიტყვი აუგს ამ გადაწყვეტილებაზე, რადგან ის მიღებულ იქნა ეპიდემიოლოგების მიერ. მთავრობის მეხოტბე არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ამ ეტაპზე, რახან ასე თვლიან, ცუდს ვერ  ვიტყვით… გადაწყვიტეს, რომ ეს უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ტურიზმი, რაშიც ლოგიკა ნამდვილად არის.

2021 წლის აპრილის ბოლომდე ასეთი სიტუაცია გვექნება. მასობრივ ტურიზმს მომავალ გაზაფხულამდე არ ველოდებით. მანამდე იქნებიან ინდივიდუალურად ჩამოსული ადამიანები, თუმცა, რასაც ჰქვია ჯგუფური ტურები, ორგანიზებული ტურიზმი და სხვა, ეს არ იქნება”, – განუცხადა ალავერდაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსს“. 

ჩვენ, დავინტერესდით,  რეალობაში, სადაც ტურიზმი ძველი ფორმით დამთავრებულია როგორ უნდა გადაეწყოს საქართველო და რა დარგების განვითარებაში უნდა ჩაიდოს რესურსი, როგორი იქნება დანაკარგი თუ მართლა ვერ აღდგა წლის ბოლომდე საერთაშორისო ვიზიტორთა შემოსვალა.

სასტუმროების „გუდაური ლოფტის“, „გეოგრაფის“ და ტურისტული კომპანია „იბერია ტურს პლიუსის“ დამფუძნებელი მაია მურაჩაშვილი აცხადებს, რომ დანაშაულია ტურიზმისათვის ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვა. დღესდღეობით ამ სექტორის ჩანაცვლება ქვეყნაში შეუძლებელია. 

,,არ არსებობს მეორე ინდუსტრია, რომელსაც იმდენი ირიბი ბიზნესი და წარმოება ჰქონდეს გაერთიანებული თავისი ქოლგის ქვეშ, როგორც ტურიზმს. თუ გავიაზრებთ მისი ჩაკეტვით რამხელა ეკონომიური ბლოკადა გაკეთდა ქვეყანაში, რამდენი ადამიანი დარჩა უსახსროდ და ამ დროს წინ არჩევნებია... ეს არის პოლიტიკური სიბეცე. ტურიზმის შეზღუდვა ახლა, როცა მსოფლიო იხსნება, არის დანაშაული ხალხისთვის. ოფისის დაცლაც მოგვიწია იმის გამო, რომ ტურიზმი გარდაიცვალა, მაგრამ უკეთესი მომავლის იმედი არ მტოვებს“, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" მურაჩაშვილმა. 

ავიამიმოსვლის აღდგენა 1-ლი ივლისიდან იგეგმებოდა, თუმცა პრემიერის გადაწყვეტილებით, საჰაერო რეისებზე შეზღუდვა 31 ივლისამდე გაგრძელდა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
Guli   (30.06.2020)
მესმის,რომ ჩაკვდა ტურიზმი მაგრამ ხომ შეიძლებაფასები დასწიონ რომ შიდა ტურიზმი განვითარდეს, თუ მაგათთვის არის პანდემია და კრიზისი ჩვენთვისაც ხომ არის. აბა ნახეთ რა ფასები უდევთ სასტუმროებს ისევ. თუ ერთ კვირას დავისვენებ და მერე ერთი წელი მშიერ-მწყურვალი ვიქნები სამუდამოდ დავისვენებ.

ქეთა   (30.06.2020)
ზოგი ჭირი მარგებელია,ქვეყანა რომ აქციეთ მომსახურე ერად ეგ ამისი ბრალია .ეგ თავმოყვარეობა რომ არ გაქვთ და უსაქმურები ხართ ნაც _ქოცები ამიტომ,თორემ ქვეყანას ეროვნული ხელისუფლება რომ ჰყოლოდა ტურიზმს არ ჩამოეკიდებოდით.ქვეყანას დედინაცვალივით ექცევით.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×