ხალხი უმუშევარი დარჩა, ბიუჯეტი მხოლოს ვალების იმედზეა, მაგრამ უზარმაზარი ბიუროკრატიული ხარჯი უცვლელია
ირაკლი ლომიძე
29.06.2020

კორონავირუსის გამო, როცა ქვეყანას უჭირს, ბიუჯეტში დეფიციტია და ეკონომიკა მხოლოდ ვალებით სულდგმულობს, მაღალი თანამდებობის პოლიტიკური პირების შემოსავლები ოდნავადაც არ შემცირებულა. არ ფქისირდება ფაქტი, რომ ვინმეს შეეკვეცა ხელფასი ან უარი ეთქვა სარგებელზე, თუ არ ჩავთვლით ისეთ შემთხვევას, როცა საჯარო მოხეელეების ნაწილმა ხელფასის მესამედი ერთჯერადად ჩარიცხა კოვიდ-19-ის ფონდში. ეს არის და ეს. ,,ქამრების შემოჭერის” პოლიტიკამ ვერც ეკონომიკისთვის მძიმე სიტუაციაში იმუშავა და ამ დროს მილიონობით ლარი უაზრო, გაუმართლებელი და ,,გაბერილი” ბიუროკრატიის შენახვას ხმარდება.

თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელი გოგა თუშურაშვილი ,,ბიზნეს-რეზონანსთან“აღნიშნავს, რომ საჯარო დაწესებულებების უმეტესობას შრომის ანაზღაურება, ფაქტობრივად, არ შემცირებია და საგანგებო ბიუჯეტში ხარჯის შეკვეცის კუთხით თითქმის არაფერი შეცვლილა. მართალია, სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯმა იკლო, მაგრამ ეს ბუნებრივად ისედაც შემცირდებოდა იმ გარემოებების გავლენით, რაც პანდემიამ წარმოშვა. 

თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ინფორმაციით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების ხარჯები 21,7 მილიონი ლარით მცირდება და შეადგენს 1,554.3 მილიონ ლარს. მიუხედავად შემცირებისა, აღნიშნული თანხა დაახლოებით 100 მილიონი ლარით აღემატება, 2019 წელს გაწეულ შრომის ანაზღაურების ხარჯებს.

,,ჩვენ დავინახეთ, რომ შრომის ანაზღაურების ხარჯი არ მცირდება მთელ რიგ უწყებებში, როგორიცაა შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა, თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სასამართლოს სრული სისტემა, გუბერნატორის ადმინისტრაციები, ცენტრალური საარჩევნო კომისია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და სხვა. ამ ტიპის ხარჯებში ყველაზე დიდი ეკონომია დაიგეგმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (-5 მლნ), იუსტიციის სამინისტროს (-3,8 მილიონი) და ჯანდაცვის სამინისტროს (-2,8 მილიონი) შემთხვევაში.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქონელი და მომსახურების ხარჯმა შეადგინა 1,3 მილიარდი ლარი, საიდანაც მხოლოდ მივლინებებზე და წარმომადგენლობით ხარჯებზე გაწეულია 103,4  მილიონი ლარის ხარჯი. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქონელი და მომსახურების მუხლით გაკეთებული ეკონომია (58 მილიონი ლარი) უმეტესწილად განპირობებულია პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვებით და ნაკლებად კავშირშია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკასთან“, - განაცხადა თუშურაშვილმა. 

ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტით სულ გათვალისწინებულია შრომის ანაზღაურების ხარჯების 57 მილიონი ლარით, ხოლო სხვა ადმინისტრაციული ხარჯების (საქონელი და მომსახურების მუხლი) 107 მილიონი ლარით შემცირება. სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემების გათვალისწინებით, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების ტვირთი ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმართველობების ბიუჯეტებზე უფრო მაღალია.

ამდენად, 2020 წლის ბიუჯეტის ცვლილების პროექტში გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხარჯების ანალიზი აჩვენებს, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისული მდგომარეობის ფონზე საქართველოს ხელისუფლებამ რეალურად ვერ განახორციელა ბიუროკრატიული ხარჯების შეკვეცა. ყოველ შემთხვევაში, დაგეგმილი შემცირება არ არის შესაბამისობაში ქვეყნაში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებთან. 

,,ბიზნეს-რეზონანსთან“იურისტი ლევან ალაფიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ მთავრობა ვერ ელევა ბიუროკრატიას და გადასახადების გადამხდელთა ჯიბიდან უზარმაზარი რესურსი სხვადასხვა თანამდებობის პირთა ხელფასებს ხმარდება, რომლებიც გარარიბებული მოსახლეობის ხარჯზე არხეინად განაგრძობენ საქმიანობას.

,,ის, რომ საჯარო სექტორში ხელფასი არ შემცირებულა, შემიძლია დავადასტურო. ეს ახალი არ არის, როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობისთვის ავადმყოფობად ჩამოყალიბდა, რომ პოლიტიკული ლოიალობა და პრიორიტეტები ტრადიციად იქცეს. ამიტომ გვაქვს საჯარო მოხელეთა დიდი არმია, რომელსაც წლების განმავლობაში ვინახავთ. ამდენი წელია პრობლემის შესახებ გავიძახით, მაგრამ არაფერი იცვლება. კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდი სახელფასო ფონდი თითქოს შემცირდა, მაგრამ მომუშავეთა რიცხოვნობა იგივე დარჩა. ზოგიერთი მოხელისთვის ხელფასი, ფაქტობრივად, გაორმაგდა. 

ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ,,ქამრების შემოჭერაზე”, მაგრამ ბიუროკრატიული ხარჯი რეალურად არ იცვლება. საქართველოს საჯარო სექტორში, არა მარტო ჩინოვნიკები, მუნიციპალურ დონეზე, საწარმოები, სიპებ-ის და აიპებ-ის ჩათვლით, დაახლოებით 330 ათას დასაქმებულს ითვლის. თუკი მათი ოჯახების წევრების რაოდენობასაც დავამატებთ, წარმოსადგენია საარჩევნოდ რა დიდი რესურსი აქვს ხელისუფლებას. შესაბამისად, 330 ათასი ხმაც საკმარისია, მინიმუმ, 2 ფრაქციის შესაქმნელად პარლამენტში! აი, ეს მოცემულობაა. 

როდესაც დეპოლიტიზაციაზე, პატარა მთავრობაზე, ნეიტრალიზაციასა და ბიუროკრატიაზე ვსაუბრობთ, ეს ყველაფერი ფურცელზეა გაწერილი, წინა მთავრობაშიც ასე იყო და წინა მთავრობის საქმეებიც ,,ქართულმა ოცნებამ” საკმაოდ ,,ღირსეულად” გადაიბარა. მთელი საჯარო სექტორი დასაქმების ბიუროდ აქცია“, - განაცხადა ალაფიშვილმა და დასძინა, რომ მთავრობას უკვე რესურსი არ დარჩა, რომ ზედმეტი ბიუროკრატია შეინარჩუნოს, თუმცა მიდგომას შეგნებულად არ ცვლის.

,,კანონი საკუთარ თავზე მოირგეს, ეს არის პრობლემა. არსებითად არაფერი არ არის შეცვლილი. 15 წელია ამაზე ვლაპარაკობთ, სხვადასხვა წლებში, 2-დან 3 მილიარდ ლარამდე მარტო საჯარო სექტორში ბრუნავს ისე, რომ ეს თანხა ბიუჯეტშიც არ აისახება. ამით იქამდე მივედით, რომ რესურსი აღარ დარჩა მთავრობას, ამხელა კადრის შესანარჩუნებლად ეკონომიკა ძალიან მზარდი უნდა იყოს, მაგრამ სინამდვილეში პირიქითაა. გადასახადების გადამხდელის ხარჯზე ვინახავთ ამხელა ბიუროკრატიას, საშინელი მდგომარეობაა”, - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" ალაფიშვილმა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×